საკურორტო პრობლემების ათეული

საკურორტო პრობლემების ათეული

ზაფხულის დადგომისთანავე ყველა დასვენებაზე იწყებს ფიქრს. ამ დროს ადამიანები ივიწყებენ პრობლემებს, სამსახურს და ცდილობენ, კუთვნილი შვებულება მაქსიმალურად კარგად გაატარონ, აღიდგინონ ძალები და მუშაობას კვლავინდებურად ხალისით შეუდგნენ. არდადეგების მოახლოება ახალ საზრუნავსაც აჩენს: სად სჯობს დასვენება - მთაში თუ ზღვაზე, თანაც ისე, რომ დანახარჯი მინიმალური იყოს. მოკლედ, ზაფხული ბევრ თავსატეხს გვიჩენს. ნანატრი შვებულება კარგია, თუმცა ამას შეიძლება დამატებითი პრობლემები მოჰყვეს. რომელია ის 10 პრობლემა, რომელსაც დასასვენებლად წასულები ვაწყდებით? ათეული ექსპერტებს შევადგენინეთ.

1. მწერები. "დასვენება რომ შეირგოთ და მაქსიმალურად კარგად გაერთოთ, თან აუცილებლად იქონიეთ, მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზღვისპირეთს სტუმრობთ და თან პატარებიც გყავთ. შარშან ორკვირიანი შვებულების გასატარებლად სოფელში წასვლა ვამჯობინე, რატომღაც მწერების არსებობა გადამავიწყდა, რაც სანანებელი გამიხდა. სამ დღეში მთლიანად დაკბენილი ვიყავი, ხალხური მეთოდებით ვცადე მწერებთან გამკლავება, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდი. ასე ჩამშხამდა შვებულება. ვერც დავისვენე და თან მთელი დანაზოგიც დავხარჯე. წელს ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ".

2. დაბინძურებული ზღვა. "შარშან, განსაკუთრებით დილის საათებში, ზღვა საშინლად ჭუჭყიანი იყო. ხშირად ვერ ვბანაობდი, რადგან წყალში ფეკალური მასები, პოლიეთილენის პარკები, საზამთროს ქერქები, სიმინდის ტაროები და რა აღარ ტივტივებდა. დაბინძურებული წყალი ეპიდემიის საშიშროებას ქმნის. ეს სერიოზული პრობლემაა და სასწრაფოდ მოსაგვარებელია. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანმა, ვისაც რომელიმე ინფექციური დაავადება აქვს გადატანილი, ზღვაზე დასვენებისგან თავი უნდა შეიკავოს, მით უფრო მაშინ, როცა ზღვის წყალი დაბინძურებულია."

3. დაბინძურებული ნაპირი. "შარშან ოჯახთან ერთად გრიგოლეთს ვსტუმრობდი. აქ ნაკლები ხალხია, შესაბამისად, მშვიდად დასვენებაც შეიძლება. თუმცა სხვა პრობლემას გადავაწყდი. დამსვენებლებს ზღვის სანაპიროს დასუფთავება თავად გვიწევდა. გრიგოლეთის სანაპირო ზოლს არავინ პატრონობს, იქაურობა ხის ტოტებით, ბოთლებით, ერთჯერადი ნემსებით და ხილის ნარჩენებით არის სავსე. ერთ დილას მკვდარი დელფინი გამორიყა ზღვამ და ისიც ჩვენი დასამარხი შეიქნა. საკმაოდ ღრმად ჩავფალით ქვიშაში, მაგრამ ისეთი სუნი იდგა, კარგა ხანს ვერ გავდიოდით სანაპიროზე, საღამოობით კი მოგროვილ ნაგავს ვწვავდით. ასე დალაგება-დასუფთავებაში გავატარე ორკვირიანი შვებულება."

4. ბუნებრივი აირი. ბუნებრივი აირი საქართველოს რაიონების დიდ ნაწილს არ მიეწოდება. მოსახლეობას საჭმლის მომზადება კი ე.წ. ბალონის გაზით უწევს, რაც დამსვენებლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. "თიანეთში ვაპირებ დასვენებას, არაჩვეულებრივი ბუნებაა, პირობებზე კი რა მოგახსენოთ. უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ გაზის ბალონებით უნდა ვირბინო. შარშან ბათუმში ვისვენებდი და ყოველ მესამე დღეს გაზის დასატუმბად დავდიოდი, წონაში იტყუებოდნენ და ცოტა ხანს გვყოფნიდა. მხოლოდ გაზის დატუმბვაში 100 ლარი დავხარჯე. თანაც იმ პერიოდში გაზი დეფიციტური იყო. იმ თანხით, რაც ბათუმში დავხარჯე, თურქეთში უკეთეს პირობებში დავისვენებდი. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი, წელს ამ შეცდომას აღარ დავუშვებ."

5. მომატებული ფასები. საკურორტო ზონაში პროდუქტზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასი ზაფხულის დადგომისთანავე ორმაგდება. ამ მხრივ ბათუმი ყველა კურორტს უსწრებს. ზღვისპირა ქალაქში განსაკუთრებით ძვირია მინერალური წყალი, წვენები, ტკბილეული, ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტი. "კაფე-რესტორნებში გაათმაგებული ფასებია, რაც საკვების ხარისხს არ შეესაბამება. შეკვეთას მთელ საათს ველოდებოდი, ხშირ შემთხვევაში უგემური და დამწვარი საუზმე მოჰქონდათ. ერთხელ მარკეტში ნაყიდი პროდუქტი ვადაგასული აღმოჩნდა, თუმცა არავინ დაიბრუნა. ახლა პირველ რიგში ვადას ვამოწმებ."

6. სასმელი წყალი. "კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, პატარებს ონკანის წყალი არ დაალევინოთ. სასმელი წყლის შეცვლამ შესაძლოა უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ასევე ნუ მიიღებთ ჭის წყალსაც."

7. ინტერნეტი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ინტერნეტი აუხდენელი ოცნებაა, "ინტერნეტკაფეები" მხოლოდ დაბებსა და ქალაქებშია, ინტერნეტი კი ყველას სჭირდება. "დასასვენებლად სოფელში მივდივარ, უკვე ვეგუები იმ აზრს, რომ ერთი თვის განმავლობაში გარესამყაროს უნდა მოვწყდე. ერთი კვირა სასარგებლოც კია, გონება ინტერნეტსივრცეს მოწყდეს, ერთი თვე კი მეტისმეტია."

8. ხმაური. "ერთ-ერთ სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მიწევს შეხვედრა. მთელი წელი ველოდები შვებულებას, რომ ძალები აღვიდგინო. სამწუხაროდ, სოფელი არ მაქვს. ზღვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ხმაური, რომელიც ზღვისპირა კურორტებს ახლავს, უარესად მღლის. ბუნგალოები, უსაშველოდ ხმამაღალი მუსიკა - ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს. ხმაურის გამო შესაძლოა ზღვაზე წასვლა გადავიფიქრო კიდეც."

9. არაკომფორტული საოჯახო სასტუმროები. "ბაკურიანში ბევრი საოჯახო სასტუმროა, სადაც ჩვეულებრივ სასტუმროს ფასებთან შედარებით შეღავათიანი ფასებია. შარშან პირობები წინასწარ დავაზუსტე და დიასახლისს თანხაც წინასწარ გადავუხადე, მაგრამ შევცდი - ცხელი წყალი მხოლოდ საღამოობით მოდიოდა, საერთო სამზარეულოში საჭმლის მოსამზადებლად დიდხანს მიწევდა ლოდინი, როდის-როდის მოდიოდა ჩემი რიგი. დასვენების მაგივრად ძალიან გადავიღალე, დღეებს ვითვლიდი. გადასვლა რომ დავაპირე, დიასახლისმა გამომიცხადა, რომ თანხა უკვე დახარჯული ჰქონდა. საშინლად გაღიზიანებული დავბრუნდი თბილისში."

10. მტვერი. ზღვისპირა ქალაქებში ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან, თუმცა ცალკე საკითხია, როგორ ისვენებენ ისინი. პიარის მიუხედავად, ზღვისპირეთში საკმაოდ ბევრი პრობლემაა. მათ შორისაა დაუმთავრებელი მშენებლობები და სამშენებლო ნარჩენები, რის გამოც იქაურობა მტვრის ბუღშია გახვეული.

მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია