ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზს განმარტავს

ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზს განმარტავს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზს განმარტავს. როგორც ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სურთ დიპლომატებს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აუხსნან, "რასთან გვქონდა საქმე".

"ეს იყო კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაანალიზეთ არსებული ვითარება, ვნახეთ, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, ამას დაემატა ის, რომ მოვისმინეთ ძალიან "საინტერესო" განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტის და კრიტიკოსების მხრიდან - გამოითქვა ვარაუდი, რომ საქმე არ გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომ ეს იყო ლოკალური დანაშაული, ჩადენილი რამდენიმე სადისტის მიერ. მაგრამ ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის სისტემური დანაშაული და არა ლოკალური გამოვლინება. ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ იმ არქივის აღრიცხვა, რომელიც ხელთ გვაქვს. დავახარისხეთ. იქაა სხვადასხვა კატეგორიის მასალა, იქნება ეს პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი პირების ამსახველი ვიდეომასალა. ანალიზი გავაკეთეთ და გვინდა ეს ანალიზი წარვუდგინოთ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს და მედიის წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განმარტებითაც, შსს-ში ახალ ხელმძღვანელობას ამ მასშტაბის არქივი არ დახვედრია და ვიდეომასალები ეტაპობრივად თავად მოიძიეს და მოიპოვეს.

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა დიპლომატებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ჩვენება, ღარიბაშვილმა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ ისინი დაგეგმილ შეხვედრებზე უბრალოდ ახსნიან, რასთან გვქონდა საქმე. "არ ვაპირებთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენებას. ეს დაუშვებლად მიგვაჩნია, ამ ვიდეოებს არავის ვაჩვენებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოში, სპეციალურ სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფ მის წინამორბედ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს.

"რა თქმა უნდა შესაძლებელია. ბუნებრივია, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას იმის თაობაზე, თუ ვინ წარმართავდა ამ ყველაფერს, ვინ იყვნენ იდეოლოგები. იმ წლების განმავლობაში, რომელშიც ის ვიდეოჩანაწერებია გადაღებული, შს მინისტრი იყო სწორედ ვანო მერაბიშვილი, ადამიანი რომელზეც დღეს შექმნეს მითი. სინამდვილეში ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანის ნების და მისი უშუალო თანხმობის მიცემის გარეშე ვინმე გაბედავდა მსგავსი არაადამიანური ქმედების განხორციელებას?! ესაა აბსურდი და მიზანმიმართული კამპანია, რომ მერაბიშვილი როგორმე გაამართლონ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე შეფასებითაც, ადამიანების დაშინების, ტერორის, წამების, არაადამიანურად მოპყრობის და გაუპატიურების "ძალიან კარგად, თუმცა ბოროტულად მოფიქრებული და დეტალურად გაწერილი გეგმა არსებობდა".

რაც შეეხება იმას, თუ რის გამო მოხდა სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩვენება, ღარიბაშვილის თქმით, ეს იმ კრიტიკოსებისთვის გაკეთდა, რომლებიც მერაბიშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავებაზე საუბრობენ.

"ალბათ გახსოვთ კრიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ მითია, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ადამიანებს აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე დაგვემტკიცებინა, თუმცა, მას ამის დამტკიცება არც სჭირდება. ეს გავაკეთეთ თქვენთვის, კრიტიკოსებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რა თქმა უნდა. მიზანი მარტივია - ჩვენ გვესმის გაუგებარი კრიტიკა და ვანო მერაბიშვილი ლამის წმინდანად შერაცხეს, თითქოს ისაა პოლიტიკური დევნილი, წამებული და ა.შ", - აღნიშნა შს მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ