კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. მან პარტია "სოციალ-დემოკრატები" პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანთან ერთად დააფუძნა და ამბობს, რომ ახლა პოლიტიკური მოღვაწეობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. ყოფილი მინისტრის თქმით, რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობა ნებისმიერი პარტიისთვის კარგი სტიმულია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ყოფილ მაღალჩინოსანს ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ვესაუბრეთ...

- ბატონო კობა, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- ჯერ კიდევ 2009 წელს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავიწყეთ უკვე იმაზე ფიქრი და სერიოზული მსჯელობა, როგორ უნდა შეგვექმნა სოციალურ-დემოკრატიულ იდეალებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა. 2010 წელს პირველი ყრილობაც ჩავატარეთ და ამის შემდეგ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ასე რომ, პოლიტიკურ მოქმედებებში იმ დროიდან ვარ ჩართული.

- რას იტყვის ახალს თქვენი პოლიტიკური ძალა, ბატონო კობა?

- გასული წლის ოქტომბრის შემდეგ განსხვავებული მოსაზრების მქონე ყველა პოლიტიკური ძალისთვის სრულიად ახალი არეალი გაიხსნა. ყველა პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას გაგვიჩნდა ახალი შესაძლებლობები. ანუ ის პერიოდი დაიწყო, როცა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა უნდა ეცადოს, მაქსიმუმი გააკეთოს. დასრულდა ის დრო, როცა პოლიტიკური პარტიები და პერსონები წუწუნებდნენ, რომ მათ ხელისუფლება ატერორებდა და საქმიანობას უკრძალავდა.

- ასეც იყო...

- დიახ, არ უარვყოფ. ვიცი, რომ ასე იყო. მხოლოდ ისინი ჩანდნენ, ვინც ხელისუფლებას აწყობდა და მმართველი პარტია და მისი ლიდერი იმ დაჩაჩანაკებულ ძალებს ირონიით "ფარჩაკს" უწოდებდნენ... ახლა ყველას აქვს მუშაობის საშუალება და რამდენად კონკურენტული ძალა ვართ, უნდა დავამტკიცოთ. თავის მართლება, რომ ჩვენ სრულფასოვანი საქმიანობის საშუალებას არ გვაძლევენ, საფუძველსაა მოკლებული. ახლა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის ზეწოლა და წნეხი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი იქნება, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ მმართველ გუნდზე. ერთი სიტყვით, პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ნამდვილი დემოკრატიის შანსს იძლევა. თუმცა ამ პირობებში, როდესაც ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოსაყალიბებლად, სინამდვილეში პასუხისმგებლობა გაიზარდა.

- თქვენ პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხართ?

- დიახ, მაგრამ ეს არ არის პერსონიფიცირებული პარტია, ეს იქნება იდეოლოგიური ძალა, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გაეცნობა, მოაგროვებს და წარმოაჩენს.

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია გამოჩნდეს ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკურ არენას დააბალანსებს... რამდენად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ძალა თქვენ იყოთ?

- ნამდვილად არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენ ერთადერთი კონკურენტუნარიანი და დიდი პოტენციალის მქონე ძალა ვართ, იმედია, სხვებიც გამოჩნდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის წინაპირობა არსებობს. ქვეყანაში მეორე ოპოზიციური ძალა ვიქნებით, მესამე თუ პირველი, ამას ჩვენი მუშაობა გვაჩვენებს, რომელიც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. მთავარია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა