"მიჩმორებული" კონტროლიორები მალე შეისწავლიან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტის დროს

"მიჩმორებული" კონტროლიორები მალე შეისწავლიან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტის დროს

ვისაც ავტობუსით გიწევთ მგზავრობა, ალბათ ხშირად შესწრებიხართ კონტროლიორებსა და მგზავრებს შორის შეხლა-შემოხლას, წყევლასა და გინებას. ზოგ მგზავრსა და კონტროლიორს, როგორც ჩანს, კარგად არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლება-მოვალეობები, რაც არასასიამოვნო სიტუაციებს ქმნის. საილუსტრაციოდ, რამდენიმე შემთხვევის შესახებ მოგითხრობთ.

იაგო, 24 წლის:

- სტუდენტობისას კონტროლიორმა ტყუილად დამაჯარიმა. სტუდენტური ბარათით ვსარგებლობდი, რომელსაც ჯიბეში დებისგან სახელი და გვარი კარგად აღარ ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი აღებული მქონდა, ჯარიმის ქვითარში კონტროლიორმა ჩაწერა, ვითომ ბილეთი არ მქონდა.

- არ გაასაჩივრე?

- რა თქმა უნდა. მეტროპოლიტენიდან წარვუდგინე ცნობა, რომ ბილეთი ნამდვილად აღებული მქონდა. ჯარიმა გამიუქმეს და იმედია, დაისაჯა ის კონტროლიორი, რომელმაც უკანონოდ დამაჯარიმა.

მერი, 21 წლის:

- კონტროლიორებს სულ "ვაჩმორებ". ამოდიან ავტობუსში და ყვირილით ამბობენ, ბილეთები წარმოადგინეთო! მათი მოვალეობაა ამოსვლისთანავე მიესალმონ მგზავრებს, ყვირილისა და ჩხუბის მაგივრად წყნარად და ცივილიზებულად მოსთხოვონ ხალხს ბილეთი.

ელგუჯა, 60 წლის:

- მე ვფიქრობ, რომ ქართველების შეუგნებლობის ბრალია, კონტროლიორის ინსტიტუტი რომ გვჭირდება. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გვაქვს გაცნობიერებული. ცოტა ხნის წინ შევესწარი, ავტობუსში კონტროლიორი ამოვიდა და თავაზიანად მიმართა მგზავრებს, - ბილეთები შეიძინეთო. ერთმა ქალმა წყევლა დაუწყო. ზოგჯერ მგზავრები მათთან ძალიან ტყუიან.

- არასდროს დაუჯარიმებიხართ?

- კი. არ ვიცოდი, ხურდა რომ არ მქონდა და დამაჯარიმეს.

ნანუკა, 25 წლის:

- კურიოზს მოგიყვებით. კონტროლიორი ამოვიდა და მთხოვა, ბილეთი მეჩვენებინა. ვუთხარი, რომ ჯერ არ ჩავდიოდი და ჩასვლისას ავიღებდი. კონტროლიორი მსუქანი და ღიპიანი იყო. კართან ვიდექი, "მომკრა" ღიპი და კიბეზე მაგდებდა (იცინის). იქვე მოხუცი ქალი იჯდა ჯოხით ხელში, რომელმაც ავტობუსიდან ჯოხით ჩააგდო მსუქანი კაცი. უთხრა, - ბავშვს ნუ ანერვიულებო.

ჟანა, 22 წლის:

- ცოტა ხნის წინ, 88 ნომერი ავტობუსით ვმგზავრობდი, რომელშიც როგორც წესი, ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია. 4 წელია, სტუდენტი ვარ და კონტროლიორები იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსში ძალიან ბევრი ხალხია, მუდამ მეხმარებიან ბილეთის აღებაში. დელისთან კონტროლიორი ამოვიდა, სახელი და გვარი ახლაც მახსოვს - გალაქტიონ თოდუა. ბოლოში მდგომმა გავუწოდე სტუდენტური ბარათი. ვიფიქრე, მეხმარებოდა. პირადობა მთხოვა და გამომართვა თუ არა, ავტობუსიდან ჩავიდა და დამიძახა, ჩავსულიყავი. მითხრა, რომ დამაჯარიმებდა და ასეც მოიქცა. ჯიხურებიდან ხალხი გამოვიდა და კონტროლიორს ლანძღვა დაუწყო. რამდენი ადამიანი უნდა ჩამოიყვანო ასე მოტყუებით და დააჯარიმოო? ალბათ შემჩნეული ჰყავდათ მოვაჭრეებს ამგვარ ხრიკებში. მოკლედ, ლამის ხელითაც შეეხნენ ჩემ გამო. პატრულს გამოვუძახე, რომელმაც კონტროლიორს შენიშვნა მისცა: ხომ იცი, არასწორად მოიქეციო...

- ბილეთი რატომ ასვლისთანავე არ აიღე?

- ავტობუსში ძალიან ბევრი ხალხი იყო, უკან ვიდექი. ჭეჭყვაში სანამ სამგზავრო ბილეთი ამოვიღე, ავტობუსი დელისის მეტროსთან გაჩერდა და კონტროლიორიც ამოვიდა. დამინახა, ხელში მეჭირა ბარათი და ბილეთის ასაღებად მივდიოდი. მოტყუებით, ვითომ დასახმარებლად გამომგლიჯა ხელიდან. ძალიან უსამართლოდ მომექცა, ეს პატრულმაც და იქვე მყოფმა ხალხმაც დაადასტურა. გავასაჩივრე და ვნახოთ, რას მეტყვიან.

ირმა, 35 წლის:

- 20 ნომერ ავტობუსში ინციდენტს შევესწარი. ახალგაზრდა ბიჭს კონტროლიორმა ბილეთი მოსთხოვა, რომელმაც სტუდენტური - 20-თეთრიანი ბილეთი აჩვენა. ეგ ბილეთი შენი არ არისო, უთხრა და მისი ავტობუსიდან ჩაყვანა სცადა. ბიჭმა მეორეც იმავე ბარათით, მის თვალწინ აიღო. კონტროლიორი არ უშვებდა ავტობუსს, ხელმძღვანელობასთან რეკავდა. ხალხი ლანძღავდა და იყო ერთი ამბავი. ხელმძღვანელობამ უბრძანა, ავტობუსი გაეშვა. კონტროლიორს სხვა გზა აღარ ჰქონდა... ვფიქრობ, ავტობუსში ბილეთების შემოწმების უფლება არ უნდა ჰქონდეს კონტროლიორს, უნდა ამოწმებდნენ მგზავრს ჩასვლის შემდეგ.

შევეცადეთ გაგვერკვია, რა უფლებებით სარგებლობენ კონტროლიორები, როგორ ხდება მათი დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე, რა შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს მგზავრი და როგორ შეიძლება მოსახლეობის მიერ დასახელებული არასასიამოვნო შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. კითხვებს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის", მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - თამაზ რობაქიძე პასუხობს.

- მონიტორინგის სამსახური 2009 წელს ჩამოყალიბდა. როგორც იცით, მანამდე მგზავრისგან მძღოლი იღებდა თანხას, რის გამოც ყურადღება ეფანტებოდა. ახლა ის მთლიანად გადართულია მგზავრთა უსაფრთხოებაზე. ამ ახალი სისტემით გამოირიცხა კორუფცია მძღოლების მხრიდან, რადგან ადრე მათ შეეძლოთ მგზავრთა რაოდენობა დაემალათ და მეტი თანხა თავად აეღოთ. მძღოლს ახლა მხოლოდ მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილება ევალება. ჩვენ ახალი არაფერი გამოგვიგონებია, ეს სისტემა აპრობირებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.

- როგორ მოხდა კადრების შერჩევა? რა მოთხოვნები იყო მათ მიმართ?

- ვაკანსია მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელზე მუდმივად გვაქვს გამოცხადებული. რთული და კონფლიქტური სამუშაოა, ამიტომაც კადრების დენადობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მიღების კრიტერიუმებს, - მათ მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა და გამართულად საუბარი. შემდგომი ეტაპი კი გასაუბრებაა. ამ დროს ვხვდებით, არის თუ არა კომუნიკაბელური მომავალი კონტროლიორი. გასაუბრების გავლის შემდეგ გამოსაცდელად იწყება ერთკვირიანი სტაჟირება. ჩვენ გვაქვს სამი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს კონტროლიორის მუშაობასა და მგზავრის დაჯარიმების წესს. ბოლო ეტაპია გამოცდა, სადაც მოეთხოვებათ აღნიშნული კანონმდებლობის ცოდნა და ჯარიმის გამოწერა.

ჩვენთან სიახლეა, გვყავს ორი ტიპის კონტროლიორი, - პირველს მგზავრები კარგად იცნობენ, ისინი ამოდიან ავტობუსებში და ამოწმებენ, აქვთ თუ არა მგზავრებს ბილეთები. მეორე ტიპის კონტროლიორები კი ახლა დავამატეთ, ისინი ცალკეულ ხაზებზე არიან განაწილებულნი, რომლებიც სულ დაჰყვებიან ავტობუსს. პირველი ტიპის 160, ხოლო მეორე ტიპის 324 კონტროლიორია დასაქმებული.

- მათი შრომის ანაზღაურება როგორია? დამოკიდებულია თუ არა კონტროლიორის ხელფასი მგზავრებისთვის ჯარიმების გამოწერის სიმრავლეზე?

- აქვთ ფიქსირებული ხელფასი და ბონუსები. ეს კი არანაირად ჯარიმების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. კონტროლიორის ბონუსი განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ავტობუსი შეამოწმა თვის განმავლობაში და რამდენი ბილეთი გაიყიდა იმ უბანში, სადაც ის იყო მიმაგრებული.

- რა შემთხვევაში აქვს კონტროლიორს მგზავრის დაჯარიმების უფლება? ეს საკითხი ალბათ ყველაზე პრობლემურია, ხშირად შევსწრებივარ ამ დროს შეხლა-შემოხლას.

- როცა კონტროლიორი ადის ავტობუსში და ხედავს უბილეთო მგზავრს, - სრული უფლება აქვს, ჩამოიყვანოს ავტობუსიდან და დააჯარიმოს. ჩვენ გვინდა კონფლიქტურ სიტუაციებს თავი ავარიდოთ, ამიტომ ხშირად კონტროლიორი თვალს ხუჭავს უბილეთო მგზავრზე და მგზავრს ეხმარება მის შეძენაში. ზოგიერთი ჩვენი კონტროლიორი არაკეთილსინდისიერად მუშაობს, აჭარბებს თავის უფლება-მოვალეობებს. ასეთი ფაქტების აღმოჩენისას, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ნომერზე: 2 93 44 44, დააფიქსიროს საჩივარი და იმ კონტროლიორის სახელი და გვარი, ვის მიმართაც სურს საჩივრის გაკეთება. შიდა გენერალური ინსპექცია გამოიკვლევს ამ ფაქტს და დანაშაულის შემთხვევაში კონტროლიორი მიიღებს გაფრთხილებას ან საერთოდ გათავისუფლდება. იყო შემთხვევები, როცა აგრესია და ზეწოლა მგზავრების მხრიდანაც წამოსულა, - უცემიათ და დაუჭრიათ კიდეც კონტროლიორი. ცოტა ხანში კონტროლიორებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. ისინი უკეთ შეისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ კონფლიქტური სიტუაციების დროს. ეს სერვისი კიდევ უფრო დაიხვეწება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია