რას ურჩევს "ბიზნესვუმენი" სამსახურის დაწყების მსურველებს

რას ურჩევს "ბიზნესვუმენი" სამსახურის დაწყების მსურველებს

კარგა ხანია, მომღერალმა ია ჩანტლაძემ "ბიზნესვუმენის"ამპლუა მოირგო და საკმაოდ წარმატებულადაც. მოგეხსენებათ, ის ამ ეტაპზე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში, ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობს. გარდა ამისა, სასტუმროების მშენებლობის მხრივ არაერთ პროექტშია ჩართული და ერთ-ერთი სილამაზის ცენტრის დამფუძნებელი გახლავთ. ცნობისათვის, ია ცოდნის გასაღრმავებლად მთელი წლით ესპანეთშიც იყო, სადაც როგორც თავად აღნიშნა, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტს დაეუფლა. ალბათ ბევრი გაიკვირვებს: ქართველ ქალს სტუმართმოყვარეობის ხელოვნების შესწავლა, თანაც - ამ ცოდნის მისაღებად სხვა ქვეყანაში გამგზავრება რაში დასჭირდაო? იას ამ კითხვაზე საკმაოდ დამაჯერებელი და თანაც, საინტერესო პასუხი აქვს.

- პირველ რიგში, მაინტერესებს, რამ განაპირობა შენი, როგორც "ბიზნესვუმენის" ჩამოყალიბება?

- რაღაც ასაკში გავიაზრე, რომ არ მიყვარს ისეთ სისტემაში ყოფნა, სადაც მე ვერაფერს შევცვლი, სამაგიეროდ, ამ სისტემას შეუძლია ჩემი შეცვლა. ხელოვანი ვარ და ხშირად, რაღაც ჩარჩოებს ვერ ვეგუები. ამიტომ გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა არ მსურდა (პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე ვარ) და დავიწყე სამსახურის ძებნა სულ სხვა კუთხით. ჰოდა, ამ ძიება-ძიებაში თავი ამოვყავი ბიზნესპალატაში, სადაც ჩამოვყალიბდი, როგორც საქმიანი ქალი. რა თქმა უნდა, ჩემთვის თანამდებობა თავიდანვე არ მოუციათ. წარმატებისთვის რომ მიმეღწია, ძალიან დიდი გზა გავიარე. უკვე მეშვიდე წელია, აქ ვმუშაობ, მაგრამ ერთხელაც არ მიფიქრია აქედან წასვლაზე.

- თქვენი ბიზნესპალატა კონკრეტულად, რას საქმიანობს?

- ამ შემთხვევაში, ვერ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვი, რომ ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებით დაწყებული და კულტურული თუ საქველმოქმედო პროექტებით დამთავრებული; ბევრი კარგი წამოწყების ავტორები და განმხორციელებლები ვართ. მაგალითად, 2008 წლის ომის დროს 21 დაჭრილი ქართველი მეომარი ჩვენი მეგობრების დახმარებით, ისრაელში წავიყვანეთ, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ჩვენი კონტაქტებისა და ინიციატივების შედეგად, საქართველომ მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ფესტივალში, წარმოჩინდა ქართული კულტურა და ა.შ. ისრაელიდანაც ბევრი სტუმარი ჩამოგვყავს და მათ უფასო კონსულტაციას ვუწევთ. ბოლო წლებში საქართველოში ისრაელიდან შემოსული ინვესტიციების ნაწილი თამამად შეიძლება, ჩვენი კარგი მუშაობის შედეგადაც ჩაითვალოს.

- საქმიანი იმიჯის მოსარგებად პროფესიის შეცვლა მოგიხდა და ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ სასწავლებლად ესპანეთში გაემგზავრე...

- (მაწყვეტინებს) ჩემი კიდევ ერთი საქმიანობა სასტუმროს ბიზნესთან არის დაკავშირებული. საქართველოში ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული. მაგალითად, ამჟამად აბანოთუბანში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს ვაშენებთ... როდესაც მივხვდი, რომ ამ სფეროშიც მომიწევდა რაღაცის გაკეთება, მადრიდში წავედი, სადაც შევისწავლე Hospitality, Travel and Hotel Management . ეს სფერო ძალიან მიყვარს. ჩემთვის მოგზაურობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმზე, სასტუმროსა და მოგზაურობაზე ყველაფერი მაინტერესებდა. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ამ სფეროშიც მომიწია მუშაობამ. ვამბობ ხოლმე, ესპანეთში სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი შევისწავლე-მეთქი.

- ქართველები ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, შენ კი ამის შესასწავლად საზღვარგარეთ მოგიხდა წასვლა...

- ვფიქრობ, სტუმართმოყვარეობის სწავლა ქართველებსაც გვჭირდება. როდესაც ქართველთან სახლში მიდის სტუმარი, მას გამასპინძლებაში მართლაც, ვერავინ შეედრება, მაგრამ ხშირია ფაქტი, როცა ადამიანს, რომელიც მომსახურების სფეროში მუშაობს, გაცნობიერებული არ აქვს, რომ დაწესებულების კლიენტი ისე უნდა მიიღოს, როგორც პირადი სტუმარი და ამის გამო დიდ პრობლემას აწყდება არა მარტო თვითონ, არამედ მასთან მომსახურების მისაღებად მისული ადამიანი და რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაწესებულების იმიჯზე ცუდად აისახება...

- პირველ რიგში, რა თვისება უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც მომსახურების სფეროში მუშაობს?

- მას რაღაცების მოთმენის უნარი და ღიმილი უნდა შეეძლოს. თუმცა, ღიმილის გარდა არის ისეთი ხარვეზი, რასაც სტუმარი აუცილებლად შეამჩნევს. მერწმუნეთ, ერთი თანამშრომლის უდისციპლინობაც საქმეზე ცუდად აისახება. ნებისმიერი საქმის წარმატება თითოეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული, - ანუ ეს სისტემა ჯაჭვივით არის აწყობილი და ერთი რგოლიც რომ გაწყდეს, სისტემა მთლიანად ირღვევა.

- ხელქვეითებთან სიმკაცრეს ხშირად იჩენ?

- იცი, რა, ქართველები ისეთი ზარმაცები ვართ, რომ გვჭირდება ძლიერი ხელი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრი ვარ...

- როცა უფროსი მკაცრია და თანამშრომლებისგან ბევრს მოითხოვს, ცხადია, ეს ყველას არ მოსწონს. შესაძლოა, შენზეც თქვან აუგი. ეს არ გაშინებს?

- შენიშვნის მიღება არავის სიამოვნებს და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ შეგნებულმა ადამიანმა არა მგონია, უფროსის სამართლიანი მოთხოვნა თუ თხოვნა არ გაითვალისწინოს. სულაც არ ვფიქრობ, რომ თანამშრომლებს უსამართლოდ ვექცევი. თუ ვიღაცისგან რაღაცას ვითხოვ, ყოველთვის მაქვს არგუმენტი, თუ რატომ ვაკეთებ ამას. რაც შეეხება ჭორაობასა და ადამიანების მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას, სახლშიც რომ ვიჯდე, დამერწმუნე, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ჩემზე ცუდს იტყვის; ვისაც შეიძლება უბრალოდ, ეს "კარჩაკეტილობა"არ მოეწონოს და ამის გამო, მთელი დღე მლანძღოს. საერთოდ, ყველაზე მეტი მომდურავი და მაქებარი ჰყავს მას, ვინც რაღაცას აკეთებს; თუ უმოქმედო ხარ, ნაკლებ ადამიანს გაახსენდება შენი არსებობაც კი. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, 18 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი სიმღერა გაჰიტდა და ერთხელაც, როცა ქუჩაში გამოვედი, მივხვდი, რომ ხალხი მცნობდა. მაშინაც ჭორაობდნენ ჩემზე...

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მისგან კარგი ბიზნესმენი დადგეს? რა კრიტერიუმებით არჩევთ პიროვნებას (ცხადია, როცა ვაკანსია გაქვთ), რომელსაც დასაქმება სურს?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოტივაცია, შემდეგ კი რა თქმა უნდა, შესაბამისი კომპეტენცია და ცოდნა. ვფიქრობ, ამქვეყნად ყველაფრის სწავლა შეიძლება, მთავარია - ის საქმე, რომელსაც აითვისებ, შენთვის სასიამოვნო საკეთებელი იყოს, სხვაგვარად ვერასდროს იქნები კარგი თანამშრომელი.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ესპანეთმა და ესპანელებმა?

- ესპანეთი არის შოკი! მადრიდი გახლავთ ის ქალაქი, რომელიც უცხოს შვილივით მიგიღებს. იქ ისეთივე ტემპერამენტის მქონე ხალხი ცხოვრობს, როგორიც ქართველები ვართ. ესპანური კულტურა, ესთეტიკა, არქიტექტურა, ენა, კოლორიტი გასაგიჟებელია; ამ ქვეყანაში ძალიან თბილი, უფრო სწორად - ცხელი ხალხი ცხოვრობს (იღიმის)! ჩემთვის ესპანეთში ცხოვრების პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავის აღმოსაჩენად, განმარტოებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა. ვისწავლე უფრო მეტი ფიქრი და გავხდი უფრო მეტად კრეატიული. ბევრი მუსიკალური თემა სწორედ იქ ყოფნისას დავწერე და იმედი მაქვს, ოდესმე ისინი დღის სინათლეს იხილავს.

- ისრაელშიც ბევრჯერ ხარ ნამყოფი...

- საქმიანობიდან გამომდინარე, ცხადია, ისრაელში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ამ ქვეყანაში პირველად რომ ჩავედი, გაოცებული დავრჩი: მანამდე სულ სხვანაირი ქვეყანა მეგონა, მაგრამ თელ-ავივში ჩასულს, ევროპული გარემო დამხვდა. ებრაელებიც ძალიან მიყვარს: თბილი ხალხია, ემოციური. გამაოცა მათმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ. ქართველები უყვართ, განსაკუთრებით იმათ - ვინც საქართველოში ერთხელ მაინც არის ნამყოფი.

- სილამაზის ესთეტიკური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ხარ. საინტერესოა, თავად თუ სარგებლობ ამ ცენტრის მომსახურებით? სხეულის ამა თუ იმ ფორმის შეცვლას ხომ არ აპირებ?

- რა თქმა უნდა, სილამაზის ცენტრის ერთ-ერთი კლიენტი თავადაც გახლავართ, მაგრამ რაც შეეხება გარეგნობაში რაიმე რადიკალურ ცვლილებას, ამას ნამდვილად არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით "პლასტიკა"არ მჭირდება... ისე, ჩემი აზრით, ადამიანის სილამაზე მისი შინაგანი კულტურით, დახვეწილობით არის განპირობებული და თუ ამას ცოტაოდენ თავის მოვლასაც დავუმატებთ, ყველაფერი გადასარევად იქნება.

- როგორც ყველა ბიზნესმენს (და არა მარტო მათ), ალბათ შენც გაქვს სურვილი, მილიარდერი თუ არა, მილიონერი მაინც გახდე.

- ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ფულს ჩემთვის ერთადერთი დატვირთვა აქვს - თავისუფლება და დრო ვიყიდო, რათა ვაკეთო მხოლოდ ის, რაც მე მინდა. მსურს, იმდენი ფული მქონდეს, რომ მე ვმართო ის და არა მან - მე და სიმშვიდე დამიკარგოს. თუკი ოდესმე მექნება საშუალება, ჩამოვაყალიბებ ფონდს, ნიჭიერი ადამიანებისთვის გზის გასაკვალად. ხომ იცით, ქართველებს ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, მაგრამ მათ ხელშეწყობა აკლიათ.

- საქართველოში შოუბიზნესი აყვავებული რომ ყოფილიყო და კარგი შემოთავაზებებიც გქონოდა, საქმიანი ქალის იმიჯის მორგებაზე არ იფიქრებდი?

- რომ არ მქონდეს იმედი იმისა, რომ ოდესმე მუსიკის სფეროში აუცილებლად გავაკეთებ რაღაც ღირებულს, ალბათ ვერ ვიცხოვრებდი... ჩემთვის მუსიკაში რაღაცის ფრაგმენტულად კეთება არასაკმარისი, არასაინტერესო იყო. წელიწადში ერთ სიმღერას რომ ჩაწერ, ეს არაფერს ნიშნავს; სხვები შეიძლება, ასე არ ფიქრობენ, მაგრამ მე თუ რამეს ვაკეთებ, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო.

- დაბოლოს, რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც შინ უქმად სხედან და ამბობენ, რომ სამსახური ვერ იშოვეს, რომ იღბალი არ სწყალობთ და არც ბიზნესში უმართლებთ, - ანუ რა არის წარმატების მიღწევის საწინდარი, როცა ფულის შოვნა გინდა?

- მოდი, დავანებოთ ფულს თავი. ყველა ადამიანი იმ პროცესით უნდა ხარობდეს, რასაც აკეთებს და მხოლოდ შედეგზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი თავისით დადგება, როცა იქ ხარ, სადაც უნდა იყო. არ უნდა შეგვეშინდეს რაღაცის ნულიდან დაწყების. უნდა გავიაზროთ, რომ უცებ არაფერი მოვა. წარმატებას რომ მიაღწიო, ამისთვის წლებია საჭირო და კიდევ, დიდი ნებისყოფა, ენერგია და ოპტიმიზმი, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა!..

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია