ვასილ მაღლაფერიძე - ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელი ჩანს

ვასილ მაღლაფერიძე - ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელი ჩანს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მისი პოლიტიკური გამარჯვების მაუწყებელი იქნება, - ასე აფასებს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას.

ამასთან, როგორც მაღლაფერიძე მიიჩნევს, მეორე მხრივ, მსგავსი მაგალითი ძალიან სჭირდება მუდმივად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ჩვენს ქვეყანას.

"ექსპრეტთა ვარაუდები მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით სინამდვილეში მხოლოდ უსაგნო ცრუგანგაშია, რადგან, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი არსადაც არ წავა სანამ სისტემურ გარდაქმნას დასრულებულად არ მიიჩნევს და წავა მხოლოდ მაშინ, როცა, მისი აზრით, ამგვარი გარდაქმნა დასრულებული იქნება. აქედან გამომდინარე, სწორედ პოლიტიკიდან წასვლა იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გამარჯვების საბოლოო დასტური", - მიიჩნევს მაღლაფერიძე.

მისივე აზრით, განცხადება, პოლიტიკიდან პრეზიდენტის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში წასვლის შესახებ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გათვლით, პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად სისტემური გარდაქმნა დასრულდება და დემოკრატიული მმართველობა მყარ საფუძველზე დადგება.

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა იმ უმთავრესი განაცხადით და დაპირებით, რომ სისტემურ გარდაქმნას განახორციელებდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აღარ იქნებოდა მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული ტერორის იარაღი და დამკვიდრდებოდა სისტემური სამართლიანობა. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ თუ საქართველოს სახელმწიფო კვლავინდებურად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი დარჩა, რაც ყველა უსამართლობის სათავედ გვევლინება, ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მარცხი იქნება და მისი განვლილი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სრულიად გამორიცხულია, რომ იგი პროცესებიდან გაქცევას აპირებდეს ანუ თავად გეგმავდეს და ეგუებოდეს საკუთარ მარცხს", - აღნიშნავს პუბლიცისტი.

ასევე ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. წასვლა რისკებისგანაც დაზღვეულია, ვინაიდან სწორე ამ ნაბიჯით იგი განუსაზღვრელი ვადით დარჩება საქართველოში ყველაზე მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების მექანიზმები.

აღნიშნულის გარდა, მაღლაფერიძის აზრით, ივანიშვილის წასვლამდე აუცილებლად უნდა გადაიჭრას ორი პრობლემა.

"პირველი დაკავშირებულია პრემიერის ინსტიტუტთან... მეორე პრობლემა კი არის პარლამენტი, რომელიც ამ შემადგენლობით და კონფიგურაციით სრულიად არ შეესაბამება მოსახლეობის პოლიტიკურ შეხედულებებს და დღესდღეობით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას. პოლიტიკის ლოგიკიდან გამომდინარე ისედაც მიზანშეწონილია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ხოლო ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში კატეგორიულად აუცილებელი ჩანს ამგვარი არჩევნების ჩატარება", - მიიჩნევს ვასილ მაღლაფერიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა