წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული სამი პირი ბრალს არ აღიარებს

წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული სამი პირი ბრალს არ აღიარებს

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან სამი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, კობა თოდუას ადვოკატმა ირაკლი ნარმანიამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს და შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა კიდევ ორმა ბრალდებულმა - ირაკლი ახალაიამ და რუსლან შამახიამ გაასაჩივრეს.

მათი ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ირაკლი ახალაიას და რუსლან შამახიას ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულებები.

კიდევ ერთი ბრალდებულის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ბულიას ადვოკატის ხვიჩა ხევსურიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ სცნობს.

სამი პირის სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანიდან 72 საათის ვადაში უნდა მოხდეს.

სამეგრელოში საიდუმლო სამალავის აღმოჩენიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურმა წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 9 პირი - მარლეს ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, კობა თოდუა, გიორგი ბულია, თემურ უბირია, პაატა ქირია, რუსლან შამახია და ირაკლი ახალაია დააკავეს. მათი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან, ნაწილი კი - თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

მათ ბრალად სამალავში აღმოჩენილ ფირებზე აღბეჭდილი წამება და არაადამიანური მოპყრობა - მათ შორის სქესობრივი ძალადობა ედებათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ