კასრებში დაარქივებული ფაშიზმი - "ამ კადრებს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?"

კასრებში დაარქივებული ფაშიზმი - "ამ კადრებს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?"

ტრაგედია N1 - უდანაშაულო ადამიანის სახლში სამართალდამცველები შეცვივდნენ და სცემეს ისიც და მისი ფეხმძიმე მეუღლეც. ქალი, რომელსაც სისხლდენა დაეწყო, მიაგდეს, კაცი - გაიტაცეს. საბედნიეროდ, ქალიც გადარჩა და ბავშვიც, მაგრამ კაცს სამუდამოდ დაენგრა სული... გატაცებული სარდაფში ჩაიყვანეს, გაკოჭეს, ჯერ ელექტროშოკით აწამეს, შემდეგ გააუპატიურეს (ამ საშინელებას ფირში ადამიანის მსგავსი მხეცი სჩადის, გამაუპატიურებელი - როგორც ჩანს, ასეთი თანამდებობაც ჰქონდათ). ამაზრზენი სანახაობაა. ბორკილებდადებული შიშველი მსხვერპლი მაგიდაზეა გადასკოჩილი, მოძალადე მშვიდად იხდის ტანსაცმელს, იტოვებს მხოლოდ ნიღაბს და... როდესაც ჯალათების ბანდა რწმუნდება, რომ მსხვერპლისგან სასურველ აღიარებით ჩვენებას ვერ მიიღებს, უშვებენ...

ტრაგედია N2 - მსხვერპლს, რომელიც ასევე ქუჩიდან გაიტაცეს, სთხოვენ, აღიაროს არარსებული ტერაქტის მოწყობის მცდელობა. იმ დღეს ნაცნობმა სთხოვა, სასაფლაოზე ამყევი, ახლობლის საფლავი უნდა მოვინახულოო. გაჰყვა. იქ დაესხნენ თავს და წაიყვანეს...

წამების წესი იგივეა, ერთი განსხვავებით, პროფესიით გამაუპატიურებელს ფეხი აქვს მოტეხილი და მიუხედავად იმისა, რომ ყავარჯნებს ეყრდნობა, მოვალეობის შესრულებაზე არც კი ყოყმანობს. მსხვერპლს რამდენიმე დღე აუპატიურებენ... ცოტა ხნით პირადი უსაფრთხოება ავიწყდებათ და ნიღბებს იხსნიან. ჯალათების სახეს ცოცხალ-მკვდარი მსხვერპლი აფიქსირებს. ამის შემდეგ გადაწყვეტენ, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს და საგანგებოდ შეთხზული დანაშაულით ციხეში უშვებენ, უკეთებენ ნარკოტიკს, ცოტასაც ჯიბეში უდებენ. იძახებენ პოლიციის სხვა ჯგუფს და "ნარკომომხმარებელსა და გამსაღებელს" 7 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან...

მსხვერპლი ფირების აღმოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ამნისტიით გათავისუფლდა.

ეს ორი ამაზრზენი ამბავი მხოლოდ ფრაგმენტებია იმ სისასტიკისა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების დროინდელი შსს-ს თანამშრომლები სჩადიოდნენ. წამების, სხვადასხვა ფორმით ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიომასალის რაოდენობა ათი ათასს აჭარბებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მასალების კოპირებული არქივები წინა ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსანსაც აქვს. მათი განადგურების შემთხვევაშიც კი, არსებობს საშიშროება, რომ ფარულ გადაღებებსა და თვალთვალში დაფიქსირებული პირები დაცული ვერ იქნებიან იმ პრობლემებისგან, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ მასალების გავრცელებას. ამიტომაც ფარულად ჩაწერილი ვიდეო თუ აუდიომასალების განადგურების თემა ზღაპრული დრაკონის ამბავს ემსგავსება, როდესაც იძულებული ხარ, დრაკონის თავის მოჭრაზე მანამდე მაინც თქვა უარი, სანამ ისე არ მოჭრი, რომ ერთი თავის ადგილზე ათი არ ამოვიდეს.

"ეს იყო ფაშისტური რეჟიმის მსგავსი სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ, რომლის სათავეშიც იყვნენ დღესაც მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვა იდეოლოგები. მიმაჩნია, რომ ეს იყო კაცობრიობისა და პირადად ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს იყო რეჟიმი, რომელიც ებრძოდა ყველასა და ყველაფერს; ებრძოდა საკუთარ ხალხს და ამაზრზენია, რომ დღეს ამ ფირის ნახვის გამო პრეტენზიას გამოთქვამს ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში "აპრავებდა" "ნაციონალურ" რეჟიმს", - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც სამინისტროს დარბაზში ვიდეოფირის გაშვებამდე სკანდალი მოხდა.

ჯერ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ და შემდეგ დათო პაიჭაძემ გააპროტესტეს ფირის ჩვენება, რასაც კვესიტაძესთან ირაკლი კაკაბაძისა და სხვების დაპირისპირება მოჰყვა. მათი თქმით, კვესიტაძე ასეთი განცხადებით ცდილობდა, ხელი დაეფარებინა იმ სასტიკი რეჟიმისათვის, რომელსაც თვითონ და მისი ქმარი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი ემსახურებოდნენ.

როცა ფირი ვნახე, დიდხანს ვფიქრობდი, რა ფორმით გადმომეცა მისი შინაარსი მკითხველისთვის, რომელთაგან ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ "ვანოს ჯალათების" მიერ გადაღებული "საშინელებათა კინო" სრულიად საქართველომ ნახოს. სტატიაზე მუშაობის დროს გავეცანი ფაქტობრივად ყველა, მსოფლიოში გახმაურებულ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სისასტიკისა და ადამიანთა მასობრივი წამების ამსახველ ფაქტებს. თვალში საცემია, რომ დამნაშავეთა ახლობლებს ჰქონდათ შეგნება, მოკრძალებულად დაეგმოთ დანაშაული, რომელიც არ უნდა მომხდარიყო... როგორც ჩანს, ჩვენთან არა მხოლოდ ჯალათობის, მონანიების პრობლემაც დგას. მავანს უჯობს, იყვიროს, რომ არაეთიკურია ადამიანის უფლებების, პირადი ცხოვრების, თუნდაც წამების ამსახველი ფაქტების გასაჯაროება, რომ ასე, ყვირილით გადაფაროს თავისი წილი დანაშაული ან შეცდომა.

ერეკლე საღლიანი: - ნანახმა შემძრა. ამ ფირს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო? ადამიანის ტვინში ასეთი სიბილწე რომ დაიბადება, დაზარალებულზე მეტად სადიზმის ჩამდენია შესაბრალისი და საცოდავი, მაგრამ ვერც იმას მივემხრობი, რომ ეს ყველაფერი მიფუჩეჩდეს და ვინმე დაუსჯელი დარჩეს. ადამიანის ცნობიერებიდან უნდა ამოიძირკვოს ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ყველაფერი არის გამოხატულება იმისა, რაც ცნობიერებაშია დაგროვილი. როგორც ჩანს, შინაგანად ვერ გავქრისტიანდით. ქართველი იმით იყო მყარად, რომ ცხოვრების წესით ქრისტიანობდა. ეგ რომ მოაცილო, მიიღებ ჩვეულებრივ ნაძირალას და ეს ხდება ახლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. ვეთანხმები, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, იქვე უნდა გაგვახსენდეს, რომ სისტემასაც ჩვენში, საზოგადოებაში არსებული ზნეობა ქმნის. ერთთან მომხდარი ამბავი მყისიერად გამოძახილს პოულობს მეორესთან. სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით ცნობიერებიდან ფაშიზმის ამოძირკვა. ამბიციები არ აძლევს მოსვენებას საზოგადოების ნაწილს და ვერ ხვდება, რომ ფაშიზმი უაზრობაა. ეს ჩანდა დარბაზში შეკრებილ ხალხშიც. ზოგს წინა რეჟიმის ნოსტალგია ეტყობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ