პროკურატურა - "სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება დათა ახალაიას შეკვეთით განხორციელდა"

პროკურატურა - "სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება დათა ახალაიას შეკვეთით განხორციელდა"

ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ე.წ. "შარდენის სუფრიდან" , შსს-ს იმდროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღეს კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ირაკლი ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით დადგენილია, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დათა ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი.

ამასთან, მისი თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლის, დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით, მსჯავრდებულმა პირებმა, დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება, თითოეულმა რამდენიმე ათეული ათასის ოდენობით.

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან.

"ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ყველა პიკანტური დეტალის გადმოცემისგან, თუმცა, გაცნობებთ ერთ უპრეცედენტო ფაქტს - შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მსჯავრდებულები პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს", - განაცხადეს პროკურატურაში.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე 2006 წლის 6 ივლისის გასამართლებული იქნა 4 პირი: გერონტი ალანია, (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი) და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სს კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აკვეთა) და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ნივთის დაზიანება და განადგურება) და სასჯელის ზომად დაუდგინდათ: გ. ალანიას - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მ ბიბილურიძეს, ა. აფციაურს და ა. ღაჭავას კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა 6 თვით, 2008 წლის 24 ნოემბრის #768 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე მსჯავრდებულებს გაუნახევრდათ სასჯელის ვადა, ხოლო 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი პირობით-ვადამდე გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან, რის შედეგადაც მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.

2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასდა, როგორც გ. ალანიასა და გარდაცვლილს შორის ლესელიძის ქუჩაზე, "შარდენ ბარის" გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ