"თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება"

"თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება"

თქვენმა მონა-მორჩილმა სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად შსს-ში გამართულ შეხვედრაზე საზარელი ვიდეომასალა იხილა, ფირი იმის შესახებ, თუ როგორ შეურაცხყოფენ ერთ ახალგაზრდას ადამიანისმაგვარი სადისტები. ამ შოკის შემდეგ ძალიან გამაღიზიანებელია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების კომენტარები, ჩვენ არაფერი ვიცოდით, სადისტები შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან გადმოგვყვნენო. ამ დროს ყოველთვის მახსენდება მათი იმდროინდელი პოზიცია, როდესაც "ნაციონალები" ზენიტში იყვნენ და თავისუფალ მედიასაშუალებებში იწერებოდა ციხეებში თუ პოლიციის განყოფილებებში გაუპატიურებისა და გაუპატიურებით დამუქრების შესახებ. როგორც წესი, ამ საკითხზე მაშინდელი მმართველები კომენტარს არ აკეთებდნენ, ან თუ რაიმეს იტყოდნენ, ყველაფერს ადვოკატებსა და ჟურნალისტებს აბრალებდნენ, ეგენი თხზავენ ამ სისულელეებსო. ერთხელ არ შეუწუხებიათ თავი, გაზეთებში გამოქვეყნებული თუნდაც ერთი შემაშფოთებელი მასალა გადაემოწმებინათ.

თუმცა საკითხის ასე დასმა, ალბათ, გულუბრყვილობაა. საქმე იქით მიდის, რომ სწორედ იმ პირთა ხელდასხმით აუპატიურებდნენ ადამიანებს, რომელთაც ამ სისაძაგლის აღკვეთა ევალებოდათ. ეს მაღალჩინოსნები კი, სავარაუდოდ, დაკვეთას უფრო ზემოდან იღებდნენ. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა ერთი რამ ფაქტია, - 2003-2012 წლების ხელისუფლებას თავისი საპარლამენტო-საპრეზიდენტო შტოებიანად სამარცხვინო ადგილი ისტორიაში გარანტირებული აქვს. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა შსს-ში გამართულ შეხვედრას.

- მიუხედავად იმისა, რომ ციხის ვიდეოფირი ნანახი მქონდა, ასეთი საზარელი ვიდეომასალის ხილვას არ ველოდი. ერთია, როდესაც გესმის და მეორე, როდესაც საკუთარი თვალით ნახავ.

- ფირის ჩვენების შემდეგ, დარბაზშივე დაიწყო და დღესაც გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, უნდა გასაჯაროვდეს თუ არა ეს ვიდეომასალა და უნდა ნახოს თუ არა ის მოსახლეობამ.

- კადრების გასაჯაროების მომხრეებს თავიანთი არგუმენტები აქვთ. მათი აზრით, საზოგადოება უფრო მკაფიო დასკვნას გამოიტანს, ისე, როგორც ეს მოხდა ციხის ვიდეოფირის გავრცელების შემდეგ. თუმცა, ჩემი აზრით, ციხის ვიდეოფირისგან განსხვავებით, სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილი საზარელი ვიდეომასალა ხალხს არა მხოლოდ დასკვნას გამოატანინებს, არამედ ქვებითა და ჯოხებით შეიარაღებულს ქუჩაშიც გამოიყვანს და დაუპირისპირებს მოსახლეობის მეორე ნაწილს.

- "მეორე ნაწილში" ვის გულისხმობთ?

- იმ ნაწილს, რომელიც უფრო ლოიალურია ყოფილი ხელისუფლების მიმართ. იმაზე კი უკვე ზედმეტია ლაპარაკი, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის უპირველესი სამიზნე "ნაცმოძრაობა" იქნება. შესაძლოა, ეს აღშფოთება ახალი უკანონობის საფუძველი გახდეს.

- "ნაციონალებმა" საზარელი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ ასეთი ტაქტიკა აირჩიეს, უნდა დავადგინოთ, ეს ცალკეული შემთხვევა იყო თუ სისტემური მოვლენაო. ამაზე კამათი კიდევ შეიძლება?

- ნამდვილად არ შეიძლება. საზარელ ვიდეომასალაში ადამიანს აუპატიურებენ და აწამებენ იმ მიზნით, რომ მან თავზე აიღოს არარსებული დანაშაული. ეს სქემა ხომ ვიღაცამ მოიფიქრა? ეს "ვიღაც" რიგითი პოლიციელი ნამდვილად არ იქნება. სადისტებს სანქცია უფრო მაღალი ეშელონებიდან აქვთ მიღებული. ეს აზრი კიდევ უფრო გაამყარა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა.

- ალბათ, იმ განცხადებას გულისხმობთ, რომლის თანახმადაც, "სისტემას, დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები". პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: "ორი მთავარი ფიგურაა კუდ-ის წარმომადგენელი ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი ლევან ქარდავა, რომლებიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვნენ შევარდნაძის მთავრობიდან. დღეს ორივე თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთანაც. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლისა და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, გავიდეს "ნაციონალური მოძრაობიდან"... მე ამ ორ ადამიანს არ ვიცნობდი".

- დიახ, ამ განცხადებას ვგულისხმობ. გამოდის, პრეზიდენტს სცოდნია, რომ ასეთი საზარელი რაღაცები ხდებოდა. სააკაშვილმა გუშინ, ფაქტობრივად, ეს აღიარა. თუმცა ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება.

- სააკაშვილი და მერაბიშვილი ამტკიცებენ, რომ არაფერი იცოდნენ და ცოდვის აკიდებას "შევარდნაძის დროინდელი კადრებზე" ცდილობენ.

- თუ სააკაშვილსა და მერაბიშვილს კვლავაც ასეთი თავხედური პოზიცია ექნებათ, შესაძლოა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მართლაც მოითხოვოს, რომ მოსახლეობას აჩვენონ საზარელი ვიდეომასალა. მერე უკვე ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი.

- კერძოდ?

- ლინჩის წესით გასამართლებას ვგულისხმობ. თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი?

- დავაკონკრეტებ, დასაშვებად მიიჩნევთ იმ ვერსიას, რომ ასეთ საზარელ ქმედებებზე სანქციას უშუალოდ სააკაშვილი და მერაბიშვილი გასცემდნენ?

- არ გამოვრიცხავ. ვიმეორებ, სააკაშვილის ზემოხსენებულმა განცხადებებმა ეს ვერსია კიდევ უფრო გაამყარა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა