"შეუძლებელია, დედაქალაქში ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და უგულავას არ სცოდნოდა"

"შეუძლებელია, დედაქალაქში ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და უგულავას არ სცოდნოდა"

ადამიანის წამების ამსახველი ფირის გასაჯაროების შემდგომ დაწყებულმა სკანდალმა ერთგვარად მიჩქმალა ის ფაქტი, რომ თბილისის მერი ისევ დაიბარეს სასამართლოში. უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდზე, სხვისი ქონების არამართლზომიერად მითვისებისა და შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის გამო ედავება. როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი, დაუმძიმდება თუ არა უგულავას ბრალი, ჯერჯერობით, უცნობია.

თბილისის მერიის საქმიანობაში კორუფციული სქემები თინა ხიდაშელმა წლების წინ გაშიფრა. ამიტომ მას უგულავას საქმეზე განმარტებები ვთხოვეთ:

- რაც გამოძიებისთვის დღეს გახდა ცნობილი, ჩემთვის უცხო არ არის. მაგრამ შთამბეჭდავი აღმოჩნდა ამ დანაშაულის მასშტაბი. მაშინ არ მიფიქრია, რომ ამდენ მილიონზე (5 მლნ ლარზე მეტი) იყო ლაპარაკი. ჩვენ ვიცოდით, რომ "თბილსერვისჯგუფი" იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საწარმოთაგანი, სადაც "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე ასაქმებდნენ.

უცნაურია, რომ გიგი უგულავა ჯოზეფ ქეის "ივანიშვილის ჯოკერს" უწოდებს. ვის ჯოკერობაზე ლაპარაკობენ, როდესაც სხვადასხვა დანაშაულში, ტელეკომპანიის ქურდობასა და სხვა ბევრი ბიზნესის მითვისებაში, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" "ბიზნესპარტნიორი" სწორედ ჯოზეფ ქეი იყო. ახლა გახდა საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი? ძალიან სასაცილოა ამის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელმაც ჯერ დაარბია "იმედი", ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს, შემდეგ ეს ტელეკომპანია თავის საკუთრებად აქცია.

- თქვენი ინფორმაციით, "იმედის" ეპიზოდში უგულავა რა სახით მონაწილეობდა?

- მე ვიცი ორი რამ: "იმედის" ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ შეკვეთებს და მიმართულებებს, რაზე როგორ უნდა ემუშავათ, უგულავასგან იღებდნენ. ეს ყველაფერი მის კაბინეტში იგეგმებოდა. მეორე ეპიზოდია ფინანსური სქემა, რომელზეც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერდა. როდესაც ეს ორგანიზაცია რიყის ტენდერის საკითხს განიხილავდა, მე ამ თემაზე საკრებულოში ვმუშაობდი.

ძალიან საეჭვო იყო, როდესაც თბილისის ცენტრში გაიყიდა ტერიტორია, რომელიც მერე უკან დაბრუნდა, მერე ისევ გაიყიდა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ 10 მილიონი სადღაც გაქრა(!).

ამან, რა თქმა უნდა, კითხვები გააჩინა. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა იმ პირების ვინაობაზე, იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ჯოზეფ ქეიც ფიგურირებს. შეუძლებელია, დედაქალაქში ამხელა მიწა გაყიდულიყო, ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და ეს თბილისის მერს არ სცოდნოდა.

- მაგრამ რით უკავშირდება ერთმანეთს რიყის აფერა და ტელეკომპანია "იმედი"?

- ჩვენ ეს ორი ამბავი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვიცოდით, მაგრამ ვინაიდან ჯოზეფ ქეის სახელი გამოჩნდა რიყის გარიგებაში, გამოძიებას გაუჩნდა ეჭვი, რომელიც მერე დასაბუთდა. 10 მილიონი არის ის თანხა, რომელიც ფიგურირებდა რიყის გარიგებაში, მოგვიანებით კი ჯოზეფ ქეიმ "იმედში" 10 მილიონი გადაიხადა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა