რასმუსენი - ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ნატოს წევრობის ბილეთი არ არის

რასმუსენი - ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ნატოს წევრობის ბილეთი არ არის

ნატოს გაფართოების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიაში მონაწილეობა წევრობის ბილეთი არ არის.

"მწუხარება მინდა გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის წევრობის ბილეთი. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს წევრი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. საქართველო ამ პროცესს აგრძელებს და ჩვენ ვაფასებთ მის ნაბიჯებს ამ გზაზე, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ნატოს შემდგომი გაფართოების კონკურეტულ თარიღებზე საუბარი", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ნატო მოხარულია, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის დამკვიდრებულ პრაქტიკას განაგრძობს. "გრძელდება საქართველოს პოლიტიკა ნატოსთან მიმართებაში. ახალი მთავრობა იზიარებს წინა მთავრობის ღირებულებებს. მიუხედავად გამოწვევისა, ჩვენ ვხედავთ კოჰაბიტაციას და ეს პოლიტიკური კულტურის ნაწილია", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ აფასებს ის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ეს შიდაპოლიტიკური საკითხია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ივანიშვილი აგრძელებს წინა ხელისუფლების პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის კუთხით. ვვარაუდობ, რომ ეს კურსი გაგრძელდება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი", - აღნიშნა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპს გაითვალისწინებს. "სამართლებრივ პროცესებში ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ კანონის უზენაესობის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით რომ მთავრობა ამას გაითვალისწინებს", - დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა