რუსუდან კობიაკოვა-ლაგვილავას შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ გესაუბრეთ. მაშინ, როცა დამწყებმა დიზაინერმა, დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა. დღეს მას საკუთარი შემოქმედებითი გაერთიანება აქვს - "ლაბორატორია 13", საკუთარი ბრენდი - RUSIKO, აწყობს ჩვენებებს და ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრებაც აიწყო.
რუსეთში რუსუდანს დიდ პატივს სცემენ, რადგან მისი შემოქმედებითი აღმავლობა სწორედ იქ დაიწყო. ის ცნობილი რუსი დიზაინერის სლავა ზაიცევის "მოდის ლაბორატორიის" კურსდამთავრებულია. რუსეთის მოდის კვირეულზე ჰქონდა დებიუტი, როგორც დამოუკიდებელ დიზაინერს, და მისი გამოსვლა მოდის ანალიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.
რუსუდანს ხშირად სთხოვენ ინტერვიუებს, რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა და მათ გთავაზობთ.
"აფხაზეთში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ჩემს სამშობლოში ომის დაწყების შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა რუსი მყავს, დედა - ქართველი. ორივენი ფიზიკოსები არიან, მამა მეცნიერებათა დოქტორია, დედა მეცნიერ-თანამშრომელია. დღემდე მუშაობენ სამეცნიერო ინსტიტუტში.