"დედის ფოტო 30 წელია, ჯიბით დამაქვს. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია"

"დედის ფოტო 30 წელია, ჯიბით დამაქვს. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია"

თემურ შაშიაშვილს გული სწყდება და უკვირს, როდესაც იგებს, რომ ადამიანებმა არ იციან, რა ერქვათ მათ წინაპრებს. თავად ზეპირად იცის, სამი საუკუნის განმავლობაში თავისი წინაპრების სახელები. ამით, რასაკვირველია, ძალიან ამაყობს. ამაყობს იმით, რომ ქუთაისის მერობის დროს ქალაქისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა.

რატომ დააქვს დედის სურათი ჯიბით

- ჩემს გვარში არც დედის და არც მამის მხრიდან პოლიტიკაში არავინ ყოფილა ჩართული. არავინ არასდროს თანამდებობაზე არ ყოფილა. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ პირველი ვარ, ვინც პოლიტიკაში ჩავერთე. ჩვენი ოჯახი დაკავშირებული იყო მიწასთან. ჩემს წინაპრებს ქუთაისში ცხრა კვალი მიწა ჰქონდათ.

- ცხრა კვალი მიწა რამდენია?

- 2700 კვადრატული მეტრია. ჩემი წინაპრები 300 წლის წინ ქუთაისში მეზობელი სოფლიდან გადავიდნენ. სოფელი ადრე წყალტუბოს რაიონი იყო, თუმცა ჩვენი გვარის ისტორია კახეთიდან იწყება. კახეთში არის სოფელი შაშიანი. სწორედ ის იყო ჩემი დიდი წინაპრების ადგილსამყოფელი. ამ სოფელში ბევრთან მაქვს ურთიერთობა. ქუთაისში ჩვენი ბიოგრაფია იწყება გიორგიდან და ჯერჯერობით გიორგით მთავრდება. ჩემი ბიჭი არის გიორგი თეიმურაზის ძე, მე ვარ თეიმურაზ გივის ძე, გივი იყო პოლიკარპეს ძე, პოლიკარპე ანტონის ძე, ანტონი იყო ვასილის ძე, ვასილი კი იყო გიორგის ძე. სწორედ იმ გიორგის პატივსაცემად დავარქვი ჩემს შვილს სახელი. ყველა ეს წინაპარი დასაფლავებულია ქუთაისის გარეუბანში ერთ-ერთ სასაფლაოზე. ბაბუაჩემი ანტონი მგალობელი იყო. ხობის წმინდა გიორგის ეკლესიის ხატისკაცები ვიყავით და დიდ გადასახადსაც ვიხდიდით. წმინდა გიორგის შესახებ ბევრი რამ რომ გავიგე, გადავწყვიტე, მისთვის ვაჟის დაბადება მეთხოვა. ორი ქალიშვილი მყავდა. ახლა ერთი 25 წლისაა, მეორე - 23-ის. ბიჭი კი 16 წლისაა. ახმეტაში წავედი თეთრი გიორგის ეკლესიაში. შევთხოვე წმინდა გიორგის, ბიჭი მინდოდა და თუ მართლა შემეძინებოდა, აუცილებლად გიორგის დავარქმევდი და იმ ეკლესიაში მოვნათლავდი. ღმერთმა ბიჭი მომცა, გიორგი, რომელიც თეთრი გიორგის ეკლესიაში მოვნათლე.

როგორც გითხარით, ჩემი წინაპრები მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მახსოვს, ბაბუაჩემ ანტონის თეთრ ცხენს ბეგლარი ერქვა. ჩემთვის მიწაზე მუშაობა უცხო არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ვცხოვრობდით, ჩვენი წინაპრები მიწასთან იყვნენ დაკავშირებული და ჩვენთვის მიწა იყო განსაკუთრებული.

- მითხარით, რომ დედის ფოტო სულ ჯიბით დაგაქვთ, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- დედის ფოტო დაახლოებით 30 წელია, ჯიბით დამაქვს. ამით დედას და მამას არ ვარჩევ ერთმანეთისგან. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია. დედა, შუშანა სალდაძე, სათნოებით გამორჩეული ქალი იყო. ბავშვობაში დედა რომ ადგებოდა და პირჯვარს იწერდა, მეღიმებოდა და რამდენჯერმე სიცილიც დავიწყე მის ამ საქციელზე და ახლაც მინდა, მას ჩემი საქციელის გამო ბოდიში მოვუხადო.

- როგორც ვიცი, ორი დედმამიშვილი გყავთ. მომდევნო ფოტოზე მთელი ოჯახია გადაღებული.

- ჩემი უფროსი ძმა 1946 წელს დაიბადა, როცა სამამულო ომი დამთავრდა. მაშინ ყველას სტალინს არქმევდნენ. მამა და დედა ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს, ავთანდილი დაარქვეს, მე - თემური, ჩემს დას კი - მარინე.

- ბავშვობაში ბევრი ფოტო არ გადაგიღიათ.

- მხოლოდ ეს ერთი ფოტო მაქვს თბილისში წამოღებული. სურათი ჩემს ბიძაშვილსა და დასთან ერთად მაქვს გადაღებული. ბიძაშვილს ღუტუშას ვეძახდით, ნამდვილი სახელი კი ივანე ჰქვია. დედის მხიდან ბაბუაჩემს ივანე ერქვა და ბავშვს მისი სახელი დაარქვეს. უკეთილშობილესი კაცი იყო. ორი წლის წინ გარდაიცვალა. ჩვენ ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. საბავშვო ბაღში გადაღებული სურათია.

- ბავშვობა რო­გორ გახსენდებათ. თქვით, რომ პოლიტიკოსი თქვენ გარშემო არავინ ყოფილა.

თავიდანვე გქონდათ პირველობის ამბიცია?

- გულწრფელად გეტყვით, არც ვმალავ, მინდოდა, ყველაზე კარგად მესწავლა. ოჯახშიც მეუბნებოდნენ, რომ განათლება აუცილებელი იყო. ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, პირველობა მინდოდა, ჭიდაობაშიც პირველობა მინდოდა. როცა მესამე ადგილზე გავედი, ვთქვი, ეს ჩემი საქმე არაა-მეთქი და გამოვედი. კალათბურთს კარგად ვთამაშობდი. ჩოგბურთში ქუთაისის ჩემპიონი გავხდი. მათემატიკას კარგად ვსწავლობდი. იყო პერიოდი, როდესაც "ვეფხისტყაოსანი", ფაქტობრივად, ზეპირად ვიცოდი. მათემატიკაში არ მახსოვს ტური, რომ არ გამემარჯვა. ერთხელ მოსკოვშიც მივიღე მონაწილეობა საკავშირო ტურში. ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მონაწილეობის მიღებას. საქართველოდან მხოლოდ სამნი ვიყავით. ვფიქრობ, რომ საქართველოში თუ ძლიერზე გაკეთდება ორიენტაცია და ძლიერი დაფასდება, ხელისუფლების წარმომადგენლები სუსტებსა და ქამელეონებს არ მოისვამენ გვერდით. წარჩინებით ვსწავლობდი. არც ვიცოდი, ოთხიანი რა ნიშანი იყო. საბოლოოდ ერთადერთი ოთხი ქართულ წერაში გამომყვა. კალიგრაფია მქონდა ცუდი. ოქროს მედალი მაინცდამაინც იმ წელს გაუქმდა, მე რომ დავამთავრე სკოლა. მოგვიანებით ყველა დიპლომი ფრიადებზე ავიღე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია