მეტაფიზიკოსი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს

მეტაფიზიკოსი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს

მეტაფიზიკოსმა მალხაზ გველუკაშვილმა ოთხი წელი გაატარა სისასტიკით განთქმულ გლდანის ციხეში. ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი და ორი მძიმე მუხლით იყო გასამართლებული. პატიმრობიდან ახალ წლამდე ვადამდე ადრე პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. ამბობს, რომ მას ნორმალურად ექცეოდნენ, მაგრამ რაც საკუთარი თვალით ნახა და გაიგონა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია.

- ექვსი თვე არ არის, რაც ციხე დავტოვე. ამნისტიამდე ორი კვირით ადრე გამომიშვეს, "უდო" შემეხო. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. საახალწლოდ გამომიშვეს, ერთი წელი მქონდა დარჩენილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გამომიშვებდნენ თუ არა, რადგან მე ყველგან თავისუფალი ვარ, სადაც უნდა ვიყო. ოთხი წელი გავატარე ციხეში. ორი ძალიან მძიმე მუხლით დამაკავეს, ტერორიზმსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მედებოდა ბრალი. იმდენი ვეღარ გაბედეს, რომ სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ. წესით, 30 წელი და მეტი უნდა მოეცათ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ რამეს დაამტკიცებდნენ. მათ ერჩიათ, ციხეში ვყოფილიყავი და ჩემი არ შინებოდათ.

- რომელ ციხეში გაატარეთ ეს ოთხი წელი?

- გლდანში, დაკეტილ სისტემაში. საკანში რვა პატიმარი ვცხოვრობდით. ის ადამიანები ჩვეულებრივი კრიმინალური მუხლებით იყვნენ დაჭერილები, ზოგმა წერა-კითხვაც არ იცოდა, თუ არ ჩავთვლით გია ლომიას. ტყუილს ვერ ვიტყვი, ჩემთვის თითი არ დაუკარებიათ. მე ალბათ განსაკუთრებული პატიმრების რიცხვში გავდიოდი და შეხებას ვერ ბედავდნენ, თუმცა ბევრი რამ ვნახე, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ დღეს არ ვფიქრობ, რომ პერსონალი უნდა დაისაჯოს. ისინი სამკურნალოები არიან, შემკვეთებმა აქციეს ასეთებად. რეალურად სისტემის შემქმნელები არიან დასასჯელები. გლდანის ციხეს ხშირად ადარებდნენ გუანტანამოს, მაგრამ გუანტანამო გლდანთან შედარებით საბავშვო ბაღი იყო. ისეთ კაცთან მომიწია ჯდომამ, რომელსაც რუსეთის ყველა ციხე ჰქონდა მოვლილი და მან თქვა, რომ არც ერთი ციხე ასეთი საშინელი არ ყოფილა. იქ სისასტიკე უფრო პატიმრებიდან მოდიოდა, გლდანში კი თანამშრომლები ძალადობდნენ პატიმრებზე.

- ამბობენ, რომ პატიმრებს დაჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ.

- ბოლო ერთი წელი პატიმარს წამოწოლის საშუალებას არ აძლევდნენ. ზაფხულში საერთოდ ჯოჯოხეთი იყო. რკინაზე ვიწექით, ეს არ იყო საწოლი. მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და გარეთ რომ გამოვედი, ჩვეულებრივ საწოლში გამიჭირდა დაწოლა. მერე მივხვდი, რატომ იცუცქებიან ნაციხრები. გარეთ არასოდეს ჩავცუცქულვარ და ციხეში მეც მიწევდა, რადგან ორგანიზმს ამ ფორმით ვასვენებდით. იმდენად პატარა საკანი იყო, რომ სიარულსაც კი გადავეჩვიე. ლაპარაკის გამო შეიძლებოდა კარცერში ჩაეყვანეთ.

- ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ბევრი ჭკვიანი ადამიანი იყო. რატომ ვერ გა­თვალეს, რომ ციხის სისასტიკე ძალიან ცუდად მოუბრუნდებოდათ?

- გამაცანით ერთი ჭკვიანი მაინც...

- თუნდაც გიგა ბოკერია.

- ოჰ, რა ჭკვიანია. ჭკვიანი კი არა ნაძირალაა. 2009 წელს დაკავებისას პირველივე ღამეს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შემიყვანეს, სადაც დათა ახალაიაც იყო. ვუთხარი, რომ 2013 წლის ახალ წელს სახლში ვიქნებოდი. ჭკუას იცით, მე რას ვეძახი, როცა ხვდები, რა არის მისაღები საზოგადოებისთვის, როგორ იმოქმედებს შენ მიერ გადაგმული ნებისმიერი ნაბიჯი ხალხზე. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ განადგურებულიყვნენ. ერთადერთი ჭკვიანი კაცი იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც ისე დაღუპავდა ქვეყანას, ვერავინ მიხვდებოდა.

- დღეს რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი?

- ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს. მე იმის მეშინია, ლინჩის წესით არ გაასამართლონ. მას ბევრი დამცველიც მიჰყვება. "ნაციონალური მოძრაობა" თავს ვერ გადაირჩენს.

- ახალი ხელისუფლებიდან ვინ გაგონებთ ძველი ხელისუფლების სახეებს?

- ვინ არ მაგონებს, კაცი, რომელიც პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, გამოდის და ამბობს, ხალხმა უნდა დამიჯეროს მე და "ქართულ ოცნებას" და ის უნდა გააკეთოს, რასაც ჩვენ ვეტყვითო. დამთავრდა, მე ასეთ კაცს ხმას არ მივცემ. მე კი არ უნდა დაგიჯერო, შენ უნდა დამარწმუნო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია