"ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობაა - რაში ადანაშაულებს მოცეკვავე თათია დონაძე ჯემალ ჭკუასელს

"ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობაა - რაში ადანაშაულებს მოცეკვავე თათია დონაძე ჯემალ ჭკუასელს

მისი დანახვისას ამბობენ, - უი, ეს გოგონა "ნიჭიერში" არ მონაწილეობდაო?.. თათია დონაძე ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ პროექტით გაიცნო, თუმცა მანამდე, 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ნომერი პირველი ტანმოვარჯიშე გახლდათ; შემდეგ "ერისიონის" მოცეკვავეც იყო, მაგრამ როგორც თავად გვითხრა, სახელმწიფო ანსამბლში არსებული "ბატონყმობა" ვერ აიტანა...

- გარკვეული გარემოებების გამო, შარშან ცეკვას თავი დავანებე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მსურდა, ჩემი სპეციალობისთვის მიმეხედა და მაგისტრატურა (ბიზნესის ადმინისტრირება) დავამთავრე. ახლა საკუთარი თავი პიარის სფეროში წარმომიდგენია, მაგრამ ამჟამად ბანკში ვმუშაობ.

- "ერისიონიდან" შენი წამოსვლის ძირითადი მიზეზი რა იყო?

- იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომელსაც ნამდვილად ვეღარ ავიტანდი. მგონი, "ერისიონში" ჯერ კიდევ "ბატონყმობაა". მოცეკვავეების, ძირითადად - მამაკაცების მიმართ ცუდი დამოკიდებულება იყო. ვფიქრობ, ხელმძღვანელობას, ყველას, განსაკუთრებით კი 40-50 წლის მსახიობების მიმართ უფრო მეტი კორექტულობა მართებდა, მაგრამ "კრეტინო", "იდიოტო" - ასეთი სიტყვებით მიმართვა იქ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ... მოკლედ, ჩემთვის გაუსაძლისი სიტუაცია იყო. არ ვიცი, სხვები თავს ასე რატომ "იჩმორებენ". ანსამბლის ხელმძღვანელს შეუძლია, 40-50 წლის კაცს "კრეტინო" ან რამე მსგავსი სიტყვები დაუყვიროს, ადრესატი კი ბოდიშს უხდის, - ეგ როგორ გათქმევინეთო?!. ჰოდა, ამის ატანა მართლა არ შემეძლო. არადა, ასეთ ანსამბლს პირველობის პრეტენზია აქვს.

- ხელმძღვანელმა შეურაცხყოფა შენც მოგაყენა?

- არა, გოგონების მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ საშინელი სანახავია, დანარჩენებს როგორ ექცევა... ხელმძღვანელთან კონფლიქტი რომ მომივიდა, კარი იმწამსვე გამოვიხურე და წამოვედი. რა ვქნა, იქ ვეღარ დავრჩებოდი, რადგან ძალიან თავმოყვარე და პრინციპული ადამიანი ვარ... ანსამბლიდან წამოსვლით არაფერი დამიკარგავს, იქ ყოფნისას კი გამოცდილება შევიძინე, ცეკვა ვისწავლე. პროფესიონალურ დონეზე ცეკვას თუ არ განვაგრძობ, საკუთარ ქორწილში საცეკვაოდ მაინც მზად ვარ (იცინის). "ერისიონიდან" წამოსვლის შემდეგ რამდენიმე ანსამბლიდან შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ცეკვას მენეჯმენტობა ვარჩიე... ამჟამად ერთ-ერთ ხილის წვენს, რომელიც ქართულ ბაზარზე ახლახან შემოვიდა, ინტერნეტრეკლამას ვუკეთებ. საერთოდ, ჩემთვის მისაღებ საქმიან შემოთავაზებებს ყოველთვის ვთანხმდები.

თათიასთან საუბრის შემდეგ, ცხადია, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელს - ბატონ ჯემალ ჭკუასელს დავუკავშირდით, რათა თათიას მონათხრობი გადაგვემოწმებინა...

ჯემალ ჭკუასელი:

- საკუთარ თავს ძალიან მკაცრად ვექცევი და სხვებსაც ვერ ვაპატიებ დისციპლინის დარღვევის ყოველგვარ გამოვლინებას - შემოქმედებითი იქნება თუ შრომითი. ვფიქრობ, ამის გარეშე ანსამბლის შექმნა შეუძლებელია. ძალიან არ მომწონს, როცა ვინმეს ვუჯავრდები და შენიშვნას ვაძლევ, მაგრამ რა ვქნა, იძულებული ვხდები, ზოგჯერ ასეც მოვიქცე?! ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ხშირად, ადამიანებს არაფერი ესმით, მით უმეტეს - 18-19 წლის ახალგაზრდებს.

- უფროსი ასაკის მოცეკვავეებს როგორ ეპყრობით?

- ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?! ვინმეს განა, იმიტომ ვუჯავრდები, რომ უფროსია ან უმცროსი? განსაკუთრებით მკაცრი ვარ მაშინ, როცა ვიცი, რომ ვიღაცას რაღაც შეუძლია და არ აკეთებს! შემოქმედებითი პროცესი ურთულესი საქმეა და ამ ყველაფერს ასე მარტივად ვერ აგიხსნით...

- ანსამბლის წევრების მიმართ თქვენი შენიშვნა ეთიკის ნორმებს თუ სცილდება ხოლმე?

- როგორც წესი - არა, მაგრამ თუკი მსგავსი რამ მოხდა, მაშინვე ბოდიშს ვიხდი.

- ჩვენ "ერისიონის" ყოფილ მოცეკვავეს - თათია დონაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც თქვა, რომ ანსამბლის წევრ მამაკაცებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდით...

- ეგ ვინ არის? რადგან ასეთი მოცეკვავე არ მახსოვს, ე.ი. ის კარგად ვერ ცეკვავდა, თანაც - ანსამბლის წევრების მიმართ მსგავსი მოპყრობა არ მჩვევია... თათია დონაძე ვინ არის, ნაღდად არ მახსოვს, შვილებს გეფიცებით... ამბობთ, რომ ტანმოვარჯიშეა? ჰო, თითქოს მახსენდება... ალბათ დავიწუნეთ. ჩემთან ხან ერთი წელი, ხან - წელიწად-ნახევარი არიან და როცა არაფერი გამოსდით, ვუშვებთ - ასეთი წესი გვაქვს. ადამიანს ყველანაირად ვცდით, შანსს ვაძლევთ, მაგრამ თუ საკუთარ ნიჭიერებას ვერ დაგვიმტკიცებს, ვუშვებთ. თათია დონაძე კარგი მოცეკვავე რომ ყოფილიყო, აუცილებლად მემახსოვრებოდა. ანსამბლში გაფორმებული რომ გვყოლოდა, მეცოდინებოდა. რას მეუბნებით, ანსამბლიდან კარგი გოგო გავუშვი და ცუდი დავტოვე?!

- თქვენ არ გაგიშვიათ, თვითონ წავიდა, როგორც ეს თავად გვითხრა...

- დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, გენაცვალე, რაღაცებს ვწერ. ნახვამდის!

თათია დონაძე:

- ბატონი ჯემალისგან სხვანაირ პასუხს არც ველოდი. მე პროვოკაციებს არ ვყვები ხოლმე და თანაც, ხომ იცით, სკოლის ასაკიდან გვასწავლიან, რომ ასაკოვან ხალხს პატივი უნდა ვცეთ. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ჩვენც ხომ დავბერდებით? რაც მთავარია, ჩემს პროფესიაში სათქმელი ღირსეულად ვთქვი და მსოფლიომ გამიცნო. ჰო, კიდევ, "გუგლს" მთელი თავისი არსებობის განმავლობაში "ვემახსოვრები" (იცინის), სხვა ყველაფერი კი ზღვაში წვეთია.

- "ერისიონში" რამდენ ხანს ცეკვავდი?

- საერთო ჯამში - 2 წელი. პარალელურად, მაგისტრატურაში ვსწავლობდი.

- "ერისიონში" როგორ მოხვდი?

- სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ ფიზიკური დატვირთვა მჭირდებოდა. 12-წლიანი აქტიური ცხოვრების მერე უცებ გაჩერება ძალიან გამიჭირდა. ერთ დღეს, რუსთაველის გამზირზე სეირნობისას "ერისიონში" შევედი. ადმინისტრატორმა მითხრა: შენი ასაკის გოგოებს არ ვიღებთ, თუ რა თქმა უნდა, მოცეკვავე არ ხარ; აქ 10 და უფრო მეტი წლის გამოცდილების მქონე ადამიანები მოდიან, მაგრამ ძალიან ლამაზი სახე გაქვს, შენნაირებს კი ვეძებთ ხოლმეო. მან რეპეტიტორს დაურეკა და უთხრა: ჩამოდიო. ამ ადამიანმაც ადმინისტრატორის ნათქვამი გაიმეორა, მერე კი დასძინა: რადგან ტანმოვარჯიშე ხარ, მოდი, ერთი დღე მოვსინჯოთ, რა გამოვა და პასუხს მერე გეტყვიო... სტაჟიორად ამიყვანეს. დაახლოებით 6 თვის შემდეგ, 50 სტაჟიორი გოგონადან 5 ანსამბლში მიგვიღეს. იქ ერთადერთი ვიყავი, ვისაც მანამდე არ უცეკვია, სხვები კი მართლაც, ბავშვობიდან ცეკვავდნენ. ტანვარჯიშმა ყველანაირად განმავითარა: სხეულს კარგად ვფლობ, სმენა განვითარებული მაქვს, ქორეოგრაფია - გავლილი და ამიტომაც იყო, რომ ცეკვა არ გამიჭირდა.

- ანსამბლის ახალ წევრს მოცეკვავეები როგორ შეგხვდნენ?

- ძირითად შემადგენლობაში რომ აღმოვჩნდი, სწორედ იმ პერიოდში მომიხდა პროექტში - "ნიჭიერი" გასვლა. მაშინ თავისთავად, ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა და ზოგიერთები მაკრიტიკებდნენ კიდეც... ანსამბლში მართლა ძალიან ლამაზი გოგონები დამხვდნენ. ძალიან რთულია, იქ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩეოდე, მაგრამ მე გამიმართლა და ბევრი ადამიანი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შურის თვალით მიყურებდა. მინდა, მათ ვუთხრა, რომ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის სტიმულს სწორედ ისინი მაძლევდნენ და დღემდე ასეა. ამ ყველაფრის გამო ხასიათი არ მიფუჭდება, გულთან ახლოს არაფერი მიმაქვს. ყველას უკვირს, - ასე როგორ შეგიძლია? ამდენი ცუდი რაღაცის "დაკიდებას" როგორ ახერხებ? გრძელი ფეხები კი გაქვს, მაგრამ ამდენი სად გეტევაო?! რა ვქნა, ამ ყველაფერს მიჩვეული ვარ: ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ვიყავი. ფაქტობრივად, სცენაზე გავიზარდე და ამ ყველაფერმა ჩემი ნერვებიც რკინის გახადა (იღიმის).

- "ერისიონში" მუშაობის პერიოდზე გვიამბე...

- იმ 2 წლის განმავლობაში გასტროლებიც გვქონდა, კონცერტებიც და ანსამბლის 125 წლის იუბილეც... მოკლედ, ყველაფერში საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩემს მრავალფეროვან ცხოვრებას ამ სფეროში გამოცდილებაც შეემატა. სპორტთან შედარებით, ცეკვა ძალიან ადვილი მომეჩვენა: დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე ვარჯიშს მიჩვეული ვიყავი, ანსამბლში კი ეს ყველაფერი შუადღისას მთავრდებოდა...

- მოცეკვავის კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებ?

- არა მგონია, კონკრეტულად ქართულ ცეკვას მივუბრუნდე. ისე, სცენას არ ვშორდები: ჩვენებებში, კონცერტებში, გადაღებებში ვმონაწილეობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია