გიგი უგულავა - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინფრასტრუქტურის განადგურების მცდელობა

გიგი უგულავა - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინფრასტრუქტურის განადგურების მცდელობა

ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ სიმართლე გაირკვეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს არის იმ მცდელობის გაგრძელება, რაც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინფრასტრუქტურის განადგურებას გულისხმობს. მისივე თქმით, არჩევნების წინ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

"ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ სიმართლე გაირკვეს და ამდენი ტალახისა სროლის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ყველა სპეკულაციას. მე მინდა ყველა ჩვენს მომხრეს, განსაკუთრებით დაკავებულების ოჯახებს თანადგომა გამოვუცხადო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ამ ღამის განმავლობაში დაკავებები გაგრძელდება, როგორც ჩანს, მოსასწრებია დილის 6 საათამდე, სანამ ბატონი ივანიშვილი მამალთან ერთად გაიღვიძებს. მაგრამ მე მინდა კვლავ აღვნიშნო, რომ ეს არ არის მეთოდი, რომლითაც რომელიმე ჩვენგანს ვინმე შეაშინებს. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან კრახით დასრულდება", - დასძინა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, NAC-ის გუშინდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დაკავებებს საბოტაჟი უწოდა.

" NAC-ის სხდომაზე ერთ-ერთმა მინისტრმა, თუ არ ვცდები პეტრიაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ამაყად განაცხადა, რომ ეს არის საბოტაჟი, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ასეთი რამ დასაგმობია, ეს ყოველგვარი კანონის მიღმაა და ჩვენ ამ საბოტაჟს გამოვიძიებთ და აუცილებლად დაისჯებიან და ჩვენ არ ვგავართ ისეთ სულელებს, რომ ასეთი რამე ასეთ დროს გაგვეკეთებინა. არ ვიცი, არის ეს საბოტაჟი და ვის მიერ ჩადენილი, თუ არის ეს სულელური ნაბიჯი მთავრობის მიერ გადადგმული, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეს, ამ წუთას, დაახლოებით 150-მდე ფინანსური პოლიციის თანამშრომელი გამოსულია იმისთვის, რომ შეუვარდეს სახლებში ხალხს და დააპატიმროს, მაშინ, როცა ეს ხალხი არსად არ გარბის", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ისევე, როგორც დილის ნადირობას, ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის დანიშნება და "საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ვარ ძლიერი და რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რომ მე უკან არ ვიხევ". "და, სავარაუდოდ, ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდა დღეს საღამოს დელეგაციის გასტუმრების შემდეგ თათბირზე ივანიშვილი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ მასთან დაიგეგმა ეს ყველაფერი და რომ ძილისპირულის წინ მან დავალება გასცა, ყველა ის ადამიანი აი ასეთი ფორმით საჯაროდ, დააკავონ, იმისთვის, რომ სხვებისთვის ეს იყოს ჭკუის სასწავლებელი. ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლებით ტრფობა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, ეს არის ადამიანების ფუნდამენტური უფლების შელახვა", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერი გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს "ტერორი, აღვირახსნილი უკანონო ქმედებები და ოჯახების დაწიოკება". როგორც თბილისის მერმა საგანგებო განაცხადაში აღნიშნა, იმის მაგივრად, რომ საგამოძიებო სამსახურს აელაგმა საკუთარი ქვეშევრდომების თავნებობა, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა ის ბრალდებები, რა ბრალდებებითაც ეს ხალხი თითქოსდა უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული.

"საღამო მშვიდობისა, თუმცა მშვიდი იგი ალბათ ბევრისთვის არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც რამდენიმე საათის წინ ოჯახში შეუვარდა ფინანსური პოლიცია და ძალის გამოყენებით დღეს მეორეჯერ იქნა დაპატიმრებული. მე ამ ეტაპზე შეგნებულად არ შევალ დეტალებში და არ დავიწყებ ამ საქმის განხილვას, რადგან მიმაჩნია, რომ ამისთვის არის სასამართლო და არაერთი საქმე მიდის სასამართლოში და ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას, დარწმუნებული ვარ შევძლებთ, თუმცა, ბუნებრივია, დიდ სკეპტიციზმს იწვევს ის ნაჩვენები კადრები, რადგან ბანკომატიდან ასეთი დიდი ოდენობით ფულის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია და ასევე, ვისაც უსარგებლია ბანკომატით, ნებისმიერის კადრის ამოღებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს საბუთები ბუნებრივია ეჭვს იწვევს, თუმცა, მე შეგნებულად ხაზს ვუსვამ ამ საქმის დეტალებში არ ვაპირებ ჩაწვდომას ამ ეტაპზე", - აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ახლა რაც ხდება და ის "აღვირახსნილი ნადირობა, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა", ამ ღამით გაათკეცებული ფორმით მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ დროისთვის დაპატიმრებულია უკვე 4 პიროვნება.

"აგერ მერიის გარშემო დაბურულ შუშიანი ფინანსური პოლიციის მანქანები სვავებივით ბინადრობენ, სავარუდოდ, მათ სურვილი აქვთ რამდენიმე ჩვენი თანამშრომლის დაპატიმრების. მე მიმდა მივმართო ყველას, ვისაც ეს ეხება, შეწყვიტონ ტერორი, შეწყვიტონ აღვირახსნილი უკანონო ქმედებები, შეწყვიტონ ოჯახების დაწიოკება. გამოგზავნონ შესაბამისი უწყებები, არავინ დამალულა და დამალვას არავინ აპირებს. მეტსაც შევთავაზებდი მინისტრს, თუ ეს ეხება ხადურს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ამას ბატონი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მოგვაწოდეთ თუ გნებავთ გვარები და თავის ფეხით მოვა ეს ხალხი, შეწყვიტეთ ოჯახების დატერორება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა", - მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა