რაში ხარჯავენ ფულს "ნაციონალები" უკრაინაში ფარული ვიზიტების დროს და რას ამზადებენ ხელისუფლების წინააღმდეგ?

რაში ხარჯავენ ფულს "ნაციონალები"  უკრაინაში ფარული ვიზიტების დროს და რას ამზადებენ ხელისუფლების წინააღმდეგ?

უკრაინა და ბელორუსი - ჯერ კიდევ ოქტომბრამდე გივია თარგამაძის, გია ბარამიძის, გრიგოლ ვაშაძისა და სხვა ბობოლა "ნაცისტების" ერთგვარი სავანე. თუმცა რატომ მხოლოდ ოქტომბრამდე? როგორც "ალიას" უყვებიან, ახლაც მშვენივრად ეწევიან ამ ქვეყნებში ანტიქართულ პროპაგანდას და თესავენ უამრავ სიბინძურეს.

რა ხდება ამ მხრივ, "ალიას" უკრაინიდან თბილისში სტუმრად ჩამოსული პროფესორი, უკრაინის "ბიზნესასოციაციის" მრჩეველი, გია სიგუა ესაუბრება:

- ბატონო გია, რა ხდება უკრაინაში, ისევ "ნაციონალებს" მიჰყავთ "პარადი" ჩვენი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით?

- უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს არ აქცევდნენ ყურადღებას. როდესაც ჩამოდიოდა დიასპორის მინისტრი, პაპუნა დავითაია, მას ახვედრებდნენ მხოლოდ "ნაცისტებს" და მათ მომხრეებს. სხვათა შორის, ჩვენ მიმართ არც ახალი მთავრობა იჩენს დიდ ყურადღებას. ახლა უკვე დაინიშნა ახალი ელჩი, მიხეილ უკლება. ფაქტობრივად, შეუდგა მუშაობას და ვნახოთ, რას გააკეთებს.

ახლა იმაზე მოგახსენებთ, რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში... იხარჯება ძალიან დიდი ფული იმისთვის, რომ გაათეთრონ "ნაცისტური" პოლიტიკა და როგორმე გააშავონ ახალი ხელისუფლება. აგერ, ჩემს ხელთაა ჟურნალი "კორესპონდენტი", საკმაოდ სოლიდური გამოცემაა, სადაც თავფურცელზეა გამოტანილი ასეთი სათაური: "საქართველო უკან ბრუნდება, ახალი ხელისუფლება სააკაშვილის რეფორმებს აჩერებს". ძალიან ცუდი სტატიაა, თურმე სააკაშვილი მართლა "დემოკრატიის შუქურა" იყო და ახლა ხელისუფლებაში მოვიდნენ რეაქციული ძალები, ანუ საქართველოში პრაქტიკულად მოხდა კონტრრევოლუცია. თურმე ანტიქართულმა ძალამ გაიმარჯვა.

რამდენიმე თვის წინ, სანამ გრიგოლ ქათამაძე იყო ელჩი, უკრაინაში ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და გამართა სულ ორი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საერთოდ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია უკრაინის პრეზიდენტთან, პარლამენტთან და მთავრობასთან.

- რა მისიით იყო ჩამოსული?

- ისე ჩააწყვეს, რომ რომელიღაც მესამეხარისხოვანმა ჟურნალმა მოიწვია. შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ უკრაინულ ოპოზიციურ პარტიასთან. პოლიტიკაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პრეზიდენტი ჩავიდეს რომელიმე ქვეყანაში, საერთოდ კონტაქტი არ ჰქონდეს ხელისუფლებასთან და ხელშეკრულება გააფორმოს ოპოზიციურ პარტიასთან. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა დაიწყო ლანძღვა ახალი ხელისუფლებისა იქამდე, რომ ჰკითხეს: გამოიყენებთ თქვენს უფლებამოსილებას, რომ დაიცვათ დემოკრატია საქართველოშიო? ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდნენ ქათამაძე და ჩეჩელაშვილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ ჩამოვიდეს უკრაინის პრეზიდენტი და არავის არ შეხვდეს და რომელიღაც ოპოზიციურ პარტიასთან მივიდეს?

აი, ასე დაწანწალებს ჩვენი პრეზიდენტი ტურისტივით, არანაირ მოლაპარაკებებს ეგ არ აწარმოებს, არანაირი დოკუმენტი არ რჩება, კაცმა არ იცის, სად რას აკეთებს. ახლა მოიფიქრა ვერსია, თითქოს იმიტომ დადის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის არაღიარების პოლიტიკა გაატაროს, ესეც ტყუილია. რუსეთს რომ უნდოდეს, რამდენიმე ქვეყანას მაინც აღიარებინებდა, სააკაშვილს ვინ უსმენს? ამაზე თავად ლაპარაკობენ რუსები, ჩვენ არ გვაწყობს, რომ ოსეთმა და აფხაზეთმა საერთაშორისო სამართლის სტატუსი მიიღოს, მერე სხვა პრეტენზიები გაუჩნდებათ და რუსეთთან შეერთება გაჭირდებაო. ძალიან სოლიდურ გაზეთებში ქვეყნდება საშინელი მასალები, თითქოს ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო დაინგრა... არსებობს ასეთი გაზეთი: "ზერკალო ნედელი", სადაც შავით თეთრზე წერენ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა გაჩაღებული, პოლიტიკური ანგარიშსწორება, "ნაცისტებს" თურმე არაფერი დაუშავებიათ. საქართველოს მხრიდან არის სრული დუმილი, მე ვიცნობ ამ გაზეთის მთავარ რედაქტორსაც და დამფუძნებელსაც, მაგრამ არ შემიძლია, ყველას პასუხი გავცე. ასეთ საქმეებზე "ნაცისტები" ადრეც ხარჯავდნენ უზარმაზარ ფულს და ახლაც ხარჯავენ.

- ევროპაში და ამერიკაში რომ ხარჯავენ ასეთ წერილებში ფულს, გასაგებია, ცდილობენ, რომ დასავლეთიდან ახალი ხელისუფლების მხარდაჭერა შესუსტდეს. უკრაინაში რაში აწყობთ ფულის გადაყრა?

- მარტო დასავლეთში ხომ არ არის საქმე, მეზობლებთანაც ხომ უნდა დაალაგო ურთიერთობები? ასეთი წერილები უარყოფით განწყობებს მაინც ქმნის.

- ახლა ის მითხარით, ბატონო გია, გივია თარგამაძე ხშირად რომ დადის უკრაინაში, რა უნდა იქ, რას საქმიანობს?

- ოქტომბრამდე თარგამაძე სულ კიევში იყო. ჩვენ ვიცით, 2010 წლის არჩევნებში როგორ ჩაერივნენ და რა ჩაიდინეს, მაგრამ გავლენა შემდგომშიც ჰქონდათ. მაგალითად, მე შარშან საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე კიევში და ოფისთან 6 დაბურულმინებიანი მანქანა იდგა, რომლებიც საქართველოს უშიშროებას ეკუთვნოდა. ჩემი თითოეული სიტყვა საელჩოში მიდიოდა. ჩემი ინფორმაციით, ბელორუსში ახლანდელი ელჩი გივი თარგამაძის რეკომენდაციით დაინიშნა.

- ეგ რომელია?

- დათო პოტალია, ადრე უკრაინის საელჩოში მუშაობდა.

- და თარგამაძე უკრაინაში რისთვის დადის?

- თარგამაძე სულ უკრაინაში იჯდა, მიცემული ჰქონდა ძალიან დიდი თანხები... მაგალითად, უკრაინის ქუჩებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ბილბორდები საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძისა და ელჩის, ქათამაძის სურათებით. თქვენ თბილისში სადმე გინახავთ, რომ რომელიმე ელჩს თავისი სურათები გამოეკრას? მე მგონი, ასეთი რამ არც რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს გეუკეთებია. აი, ამაშიც კი დიდი ფული იხარჯებოდა.

- რა ჯანდაბად უნდოდათ, ვაშაძე და ქათამაძე ჰოლივუდის ვარსკვლავები მყვანან?

- იმ პერიოდში ნინო ანანიაშვილი იყო ჩამოსული, კონცერტები ჰქონდა და უნდოდა, ეჩვენებინა, როგორი პოპულარული იყო. ამას აკეთებდნენ ძალიან ეშმაკურად, რომელიმე ჟურნალს მისცემდნენ ფულს, გარეკანზე გაატანინებდნენ სურათს და მერე აკეთებდნენ ბილბორდს, ვითომ ჟურნალის რეკლამას. არადა, ჟურნალის დასახელება არც კი ჩანდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამერიკულ გაზეთებში რომ წერილები იბეჭდება, დაკვეთილი არ არის? ამაშიც მილიონებია გადახდილი. უკრაინაში ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ვერც კი დავწერთ, ჯერ მტკიცებულებები უნდა მოვიპოვოთ, "დავერბოვკება" და გადაღებები სხვაგანაც მიდიოდა, უბრალოდ, პიროვნებებს ვერ დავასახელებ, ვის უკეთებდნენ. არ არსებობდა მეთოდი, რომელსაც თარგამაძე და მისნაირები არ იყენებდნენ. დღეს უკრაინასა და ბელორუსში მაინც პრესას აწვებიან "ნაცისტები", ასე ქმნიან თავიანთ იდეოლოგიას და აშავებენ "ქართულ ოცნებას".

- თარგამაძის გარდა, ვინ აქტიურობს ბელორუსსა და უკრაინაში?

- ახლა "ნაცისტები" აშკარად, ანუ დაუფარავად ვეღარ მუშაობენ. უკვე ვთქვი, ახალი ელჩი მოვიდა, ჭკვიანი კაცი ჩანს და ვფიქრობ, სიტუაციას გამოასწორებს, ალბათ, სამარცხვინო სიტუაცია დამთავრდება... მახსოვს, როგორ ჩამოვიდა დაუპატიჟებლად სააკაშვილი იანუკოვიჩის დაბადების დღეზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა უკრაინის საგარეო უწყებას, მაინც არ მიიწვიეს. ესეც ადგა და ჩამოვიდა როგორც კერძო პირი და დაურეკა იანუკოვიჩს, მინდა, დაბადების დღე მოგილოცოო. იმასაც სხვა გზა არ ჰქონდა, მიიღო მხოლოდ 5 წუთით. ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, ჩვენ არ მოგვიწვევია, მაგრამ, რაკი სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ვერ გავაგდებთო.

რაც შეეხება სხვების ჩამოსვლას, ოქტომბრამდე მუდმივად ჩამოდიოდნენ: გია ბარამიძე, გრიგოლ ვაშაძე, გივი თარგამაძე და დიასპორის მინისტრი.

ახლა ერთი რამის თქმაც მინდა, ძალიან მიკვირს, როცა პრეზიდენტი ამბობს, იარაღი ჩემი ბრძანებით იყო გადამალულიო, რატომ არ იბარებენ პროკურატურაში? ეს იარაღი რომ არალეგალურია, დავიჯერო, ამაში ორი აზრი არსებობს? ხომ უნდა გაირკვას, რისთვის სჭირდებოდა, ვისთვის უნდა დაერიგებინა? ეს სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი დანაშაულია. ესე იგი, ქვეყანაში არსებობს იარაღის საწყობები და ამ დროს უშიშროებამ არაფერი იცის?

ეს მასალები უნდა დაუდონ ვეროპასა და ამერიკას, საკმარისია. რატომღაც ამაზე ადეკვატური რეაქცია არ არის, შემწყნარებლური პოლიტიკა ხორციელდება. არადა, წამების კადრებზე საშიში ეს იარაღია. კი, ბატონო, ახალი ხელისუფლება რაღაცებს აკეთებს, დიდი მადლობა, მაგრამ ამ საკითხებზეა საჭირო ძალიან დიდი ყურადღება. სააკაშვილისთვის ამდენი კოზირის მიცემა აშკარა შეცდომაა!

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა