მილიონად შეფასებული ქართველი მეკარე და მისი ორი სალომე

მილიონად შეფასებული ქართველი მეკარე და მისი ორი სალომე

დაახლოებით რვა წლის იყო, როცა ქუჩაში მამასთან ერთად სეირნობდა, ბურთით მოთამაშე ბიჭები დაინახა და ფეხბურთით დაინტერესდა. მამამ თხოვნა შეუსრულა - ფეხბურთზე შეიყვანა... პირველი თამაში კრახით დასრულდა: ბურთი პირდაპირ კარში შევარდა. ტანმორჩილი იყო და მის მიმართ სკეპტიკურად განეწყვნენ; გიორგი ლორიაზე დიდ იმედს არ ამყარებდნენ და ამის გამო გული სწყდებოდა... მაგრამ გარდატეხის ასაკში ტანი აიყარა და იმედიც გაჩნდა. თუმცა, პირადად მას ყოველთვის სჯეროდა საკუთარი თავის. ამბობს: მთავარი მონდომება და შრომისმოყვარეობაა, მაგრამ ცოტაოდენი გამართლებაც საჭიროა. ჰოდა, მონდომებულს და შრომისმოყვარეს გაუმართლა კიდეც!

- როგორც ამბობენ, ეს არის სპორტის სახეობა, სადაც 90 წუთის განმავლობაში შეიძლება, გმირი გახდე. ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი. თამაშზე, როცა მე გავხდი ე.წ. გმირი, ქართველი გულშემატკივარი იყო ყველაფრის განმსაზღვრელი; დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუმრად საუკეთესო გუნდი იმყოფებოდა და ხალხის პროგნოზმა არ გაამართლა: ყველას ეგონა, 5:0-ს მაინც წავაგებდით და შედეგით გაკვირვებულები დარჩნენ. არ ვიცი, მოედანზე ბოლომდე რომ დავრჩენილიყავი, თამაში როგორი ანგარიშით დამთავრდებოდა. გული მწყდება, რომ ამ ყველაფერს ნაადრევად გამოვეთიშე. ისე კი, ძალიან ვეცადე, თამაში გამეგრძელებინა: არ ვიცი, რა ძალამ გადამადგმევინა ორი-სამი ნაბიჯი. ამ დროს ყურებში მხოლოდ ის მესმოდა, თუ როგორც იძახდა ხალხი ჩემს გვარს - ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი სტიმული იმისა, რომ გაუსაძლის ტკივილს წამების განმავლობაში მაინც შევჭიდებოდი! სამწუხაროდ, უდიდესი სურვილის მიუხედავად, თამაშის გაგრძელება ვერ შევძელი...

თბილისის "დინამო" მისი სახლია. ეს არის ადგილი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს და თავს კომფორტულად გრძნობს. მისი საოცნებო გუნდი კი "მანჩესტერი" გახლავთ... გიორგიმ ახლახან კონტრაქტი გააფორმა, სადაც წერია, რომ გუნდი, რომელიც არც მეტი, არც - ნაკლები, მილიონ დოლარს გადაიხდის, მის "ყიდვას" შეძლებს.

გიორგი რეჟისორების ოჯახში გაიზარდა. ასე რომ, ხელოვნება მისთვის უცხო ხილი არ არის. ერთხანს თეატრალურ უნივერსიტეტშიც სწავლობდა, სამსახიობო ფაკულტეტზე, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ფეხბურთი აღმოჩნდა... მიუხედავად ამისა, მსახიობობა მაინც დასჭირდა: 13 ივნისს თბილისის კინოთეატრებში ახალი ფილმის - "რა მოხდა კიევში" პრემიერა შედგა, რომელშიც გიორგი მონაწილეობს...

- ეს არის ჩემი პირველი და ალბათ - უკანასკნელი როლი (იცინის). ფილმი არის ოთხ მეგობარზე, რომლებიც უიკენდის გასატარებლად ერთ-ერთ კურორტზე წავლენ, მაგრამ მეორე დილით სულ სხვაგან, - ანუ კიევში იღვიძებენ. ბიჭები ვერაფრით იხსენებენ, რა მოხდა წინადღეს. შეიძლება ითქვას, რომ ფილმში საკუთარ თავს ვასახიერებ - ჩემი გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე გახლავთ... გადაღებები ძალიან მომეწონა და მასში ბოლომდე ჩავერთე. მიმაჩნია, რომ ხალხი ამ ფილმის ნახვით სიამოვნებას მიიღებს. კომედიაა, რომლის ყურებისას ბევრს იცინებ და დარბაზიდან გასულს კარგი განწყობილება გაგყვება. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, მსახიობობა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი უნდა გამოცადოს.

პოპულარობა მოსწონს, მაგრამ ეს იდეფიქსად არასდროს ჰქონია. არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. პრინციპულია და პუნქტუალურიც; პირობას ყოველთვის ასრულებს და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. პირად ცხოვრებაზე კითხვებს თავს ზრდილობიანად არიდებს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მის ცხოვრებაში არის ორი სალომე: მეუღლე და შვილი - სამი წლის არაჩვეულებრივი გოგონა...

- არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. "პირადი" იმიტომ ჰქვია, რომ შენია... როგორი შვილი, ძმა და მეუღლე ვარ - ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ კარგი მამა ვარ! შვილი მთელ ქვეყანას მირჩევნია და თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა, მაშინვე მასთან გავრბივარ. სალომე 3 წლის არის. უყვარს ჩემთან ერთად ყოფნა. ხშირად დავდივართ მთაწმინდის პარკში, ზოოპარკში. მისმა დაბადებამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. როგორც ყველა ქალიშვილი, ისიც გიჟდება მამაზე, მაგრამ ხანდახან მაინც ვეჭვიანობ - მგონია, მამაჩემი უფრო მეტად უყვარს - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... ოჯახს ჩემთვის არასდროს არაფერი დაუძალებია. გამიმართლა, რომ დიდი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავს.

ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილია, თუმცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა ცოტა არ იყოს, აღიზიანებს. ამიტომ ცდილობს, იშვიათად გამოჩნდეს ტელეეკრანზე და დიდად არც ჟურნალ-გაზეთებს სწყალობს...

- მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალის გარეკანზე მოვხვდე, ყველა თემაზე ვერ ვილაპარაკებ. თან, ბევრი სწორადაც ვერ იგებს ნათქვამს. "სვეტსკაობა", მოდაზე საუბარი და ა.შ. ჩემი სტილი არ არის. აი, ფეხბურთზე რამდენსაც გინდა, ვილაპარაკებ... პოპულარობა ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ვფიქრობ, ადამიანმა ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა ეძებო...

თამარ პეტრიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია