Le Monde - რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?

Le Monde - რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?

"რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?", - ამ სათაურით ფრანგული გამოცემა "Le Monde" ევროპის პარლამენტის წევრის, სერ გრემ უოტსონის სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირი ცდილობს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთ ქვეყანაში როგორმე წარმატების მაგალითი იპოვოს.

"ყველაზე შესაფერისი მაგალითი კი, ამ თვალსაზრისით, საქართველოა, სადაც გასულ წელს შედარებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა მოხდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს იშვიათი მოვლენაა. მაგრამ ევროპის სახალხო პარტია ისევ აგრძელებს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიას და ეჭვქვეშ აყენებს ვილნიუსში მისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევას", - წერს გრემ უოტსონი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უმთავრესი პრიორიტეტი კანონის უზენაესობის განმტკიცება იყო. მისი მოსვლიდან ცხრა თვის განმავლობაში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმა მართლმსაჯულების სისტემასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესებში.

"ეს მისასალმებელი ნაბიჯია, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე. განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მმართველობის ქვედა რგოლებს მიეცათ გადაწყვეტილების მიღების რეალური უფლებამოსილება; ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა შრომის კოდექსი; ხორციელდება რეფორმები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში; გადაიდგა ნაბიჯები პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად; მუშავდება კანონი უმცირესობათა დაცვის შესახებ", - აღნიშნავს ბრიტანელი ევროპარლამენტარი.

გრემ უოტსონი ასევე ეხმაურება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სფეროს და წერს, რომ ამ მხრივ რაიმე ძირეული ცვლილებები არ შეინიშნება.

"საქართველოს კვლავაც სურს, შეძლებისდაგვარად სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ავღანეთში მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას აკისრია სამშვიდობო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უკეთესია ესაუბროს მეზობელ დიდ ქვეყანას, ვიდრე უგულვებელყოს ის. სწორედ ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ შემსუბუქდა ემბარგო ქართული პროდუქციის ექსპორტზე, გამარტივდა მიმოსვლა და სავიზო რეჟიმი და დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი. ოფიციალური თბილისის სურვილი, ითანამშრომლოს და მოძებნოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები იმ პირობებში, როდესაც ის ინარჩუნებს თავის მტკიცე პოზიციას, ალბათ, მისალმებას გამოიწვევს", - ნათქვამია "ლე მონდში" გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი მთავრობისთვის, რომელიც ჯერ ცხრა თვეც კი არ არის, რაც ხელისუფლებაშია. "საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებშიც დაამარცხებს პრეზიდენტ სააკაშვილს და ამით დასრულდება კიდეც კოჰაბიტაციის რთული პერიოდი", - წერს გრემ უოტსონი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამარბერგის მოსაზრებას, რომელმაც მოიწონა ახალი ხელისუფლების მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი; საერთაშორისო ორგანიზაციების - "საერთაშორისო ამნისტია" და Human Rights Watch-ის დადებითი გამოხმაურებები.

"მიუხედავად ამისა, "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებს (რომლის წევრიც არის სააკაშვილის პარტია) არ უნდათ აღიარონ ეს მიღწევები. ისინი გამოთქვამენ ბრალდებებს შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ ხელისუფლებას ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების გამო, მაშინაც კი, როცა არსებობს დანაშაულის მტკიცებულებები. ისინი აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაკვეთა "წითელი ხაზი" და იმუქრებიან ვილნიუსში საქართველოსათვის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო კამპანიით", - წერს გრემ უოტსონი.

როგორც სტატიის ავტორი მიიჩნევს, რადგან "ევროპის სახალხო პარტიამ" თვალი დახუჭა წინა ხელისუფლების უამრავ კანონდარღვევაზე, თავად მასაც შეიძლება სამართლიანად დავდოთ ბრალი შერჩევით სამართალში.

"ეს კანონდარღვევები კარგადაა ასახული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და სხვათა დოკუმენტებში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ცხრაწლიანი ყოფნის განმავლობაში მოხდა ახლა უკვე გახმაურებული მოვლენები, რომლებიც ციხეებში ხდებოდა; საქართველოს მოქალაქეებს აიძულებდნენ ეჩუქებინათ ქონება სახელმწიფოსთვის, მათ კი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" არ ემხრობოდა, უმუშევრობა ემუქრებოდა. სააკაშვილის პირადი დაცვა 3500 კაცისგან შედგებოდა, ხოლო მისი სარეზერვო ფონდი 100 მილიონ აშშ დოლარს ითვლიდა და პარლამენტის კონტროლს მიღმა იყო", - ნათქვამია "ლე მონდის" სტატიაში.

გრემ უოტსონი ასევე აღნიშნავს, რომ "ევროპის სახალხო პარტიას" სჩვევია თვალის დახუჭვა მოძმე პარტიების ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე. "მაგალითად, როცა უნგრელი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტს ეწვია საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებული სკანდალის დროს, პარლამენტის წევრები მას ფეხზე წამოუდგნენ და ისე მიესალმნენ. თუმცა, როგორც ევროპარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვან პარტიას, სახალხო პარტიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ევროპული დემოკრატიული ღირებულებები. 2004 წელს ვენეციის კომისიამ დაგმო სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა ძალითაც მას მიენიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლება უხეშად ერეოდა მედიის საქმიანობაში და ქმნიდა ბიზნესმონოპოლიებს. მიუხედავად ამისა, "ევროპის სახალხო პარტია" დუმს და არაფერს ამბობს დემოკრატიის ხრწნის ამ მკაფიო მაგალითებზე", - წერს გრემ უოტსონი.

ბრიტანელი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს მიმართ მორიგი შეტევის განხორციელებამდე "ევროპის სახალხო პარტიას" ყური დაეგდო აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური წყაროების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებისათვის.

"ქვეყნის ახალი ხელისუფლება არ არის უნაკლო. კაბინეტის ზოგიერთი წევრი პირველადაა ხელისუფლებაში. ასე რომ, შეცდომები გამორიცხული არ არის. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ გზას ადგას უფრო ლიბერალური და დემოკრატიული საქართველოსაკენ და იგი უდავოდ იმსახურებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას", - წერს გრემ უოტსონი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა