რა კავშირი აქვს არჩილ გელოვანის დაკავებასთან სოფო ნიჟარაძეს

რა კავშირი აქვს არჩილ გელოვანის დაკავებასთან სოფო ნიჟარაძეს

ლილი გელაშვილი დიდი ხანია, ადვოკატის პრაქტიკას ეწევა. წლების წინ ის ეკა ბესელიასთან ერთად მუშაობდა საადვოკატო კომპანიაში და იქიდან მოყოლებული, მასთან ერთობლივი საქმეც ბევრი ჰქონია, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ხმაურიანი საქმე. ლილი გელაშვილი იცავდა ლევან კალაძის საქმეზე ბრალდებულ დავით ასათიანსაც და ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმედ იხსენებს.

დღეს ლილი გელაშვილი სხვა ბევრთან ერთად იცავს თამაზ თამაზაშვილისა და არჩილ გელოვანის ინტერესებსაც. ადვოკატს გახმაურებული საქმეების შესახებ ვესაუბრეთ.

- ჟურნალისტობა და ადვოკატობა საკმაოდ უმადური საქმეა. რატომ გადაწყვიტეთ, ადვოკატის პროფესიას დაუფლებოდით?

- მხოლოდ ნაწილობრივ გეთანხმებით უმადურობის კუთხით (იღიმის), მით უმეტეს, თუკი გავიხსენებთ ბოლო წლების მასობრივ გამამტყუნებელ განაჩენებს, რომლებიც არ იყო ადვოკატზე დამოკიდებული და შესაძლოა, კლიენტის უმადურობის მიზეზიც გამხდარიყო. მაგრამ სხვა მხრივ თუ ვისაუბრებთ, ადვოკატის საქმიანობა, ჩემი მოსაზრებით, მორალურად ყველაზე მეტად არის გამართლებული, მით უმეტეს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობ და პატიმართან გაქვს შეხება. ჩემს არჩევანს საქმისადმი სიყვარული განაპირობებს. ბანალურ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ იურისტის პროფესია ქალისთვის საკმაოდ მძიმეა. მიუხედავად ასეთი არჩევანისა, არ ვნანობ. ბოლო წლებში საჯარო სამსახურში მუშაობაც ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ როცა რეალური გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, ჩემი პროფესია სხვა ვერაფერზე გავცვალე. ადვოკატებმა ძალიან მძიმე ცხრაწლიანი პერიოდი გამოვიარეთ. ამით ბევრი ადვოკატის პოზიციას ვახმოვანებ. ადვოკატების უმრავლესობას არ გაგვჭირვებია არჩევანის გაკეთება უზნეობასა და ზნეობას შორის. უზნეობაზე უარის თქმა ძნელი გადასაწყვეტი არ არის.

- ბოლო ცხრა წელი ახსენეთ. რომელი იყო ყველაზე მძიმე საქმე თქვენთვის?

- ბევრის დასახელება შემიძლია, მაგრამ რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, თანაც იმიტომ, რომ უმძიმეს სამუშაოდ მახსენდება - ლევან კალაძის საქმე. მოგეხსენებათ, საჯარო ინტერესი ძალიან მაღალი იყო. გახსოვთ, ალბათ, როდესაც ამ საქმეში მონაწილეობისთვის სამი ადამიანი დააკავეს, მე და ეკა ბესელია ვიცავდით დავით ასათიანის ინტერესებს. დღემდე მომყვება ეს საქმე, რომელმაც მორალურად ძალიან დამტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და საქმე გახსნილად ითვლება, არსებობს კითხვის ნიშნები, რომლებიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა. ჩემი მოსაზრებით, ეს საქმე ბოლომდე არ არის გახსნილი. იმდენად საეჭვო ვითარებაში აღმოაჩინეს გვამი და პროცესუალური ლაფსუსებით დამარხეს, როგორც უცნობი მიცვალებული, რომ მივიჩნევ, შეგნებულად არ ჩაუტარდა ექსპერტიზა. საქმეს ბევრი ჩრდილი ახლდა და დღემდე ასეა, რაც ისევ მაწუხებს. თუკი დაგვიანებული არ იქნება, ალბათ, მოვა დრო, რომ ამ საქმის თავიდან გამოძიების საკითხი დადგება დღის წესრიგში. ასევე მახსენდება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც, მას მე და ეკა ბესელია ვიცავდით. ჩვენ 1998 წლიდან ერთად დავაფუძნეთ საადვოკატო კომპანია და წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით.

- როგორც არჩილ გელოვანის ადვოკატი, რას იტყვით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის აპირებს, სასამართლოზე სკანდალური ჩვენება მისცეს სოფო ნიჟარაძის წინააღმდეგ?

- ამ საქმესთან დაკავშირებით ზოგი ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. სოფო ნიჟარაძის წინააღმდეგ არანაირი ჩვენება სასამართლოზე არ იქნება, რადგან ამას ბრალთან არანაირი შეხება არ აქვს. გელოვანი წინა რეჟიმისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ადამიანს ბრალს სდებენ ქურდობაში მაშინ, როდესაც არ არის დამტკიცებული, რეალურად არის თუ არა მოპარული წიგნები. ეს წიგნები თვალით არავის უნახავს და არც ექსპერტიზა ჩატარებია. პიროვნება, რომელსაც ქურდობას ედავებიან, არქივის დირექტორი, ეცადაშვილი, საერთოდ არ იცნობს არჩილ გელოვანს და ამას თავად ადასტურებს. ამის მიუხედავად, გელოვანს მაინც წაუყენეს ბრალი და ექვსი თვით ციხეში გამოკეტეს ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ციხესთან. ვიდრე სახელს დაარქმევდა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, თავისი დაკავებით გაოგნებული იყო. რაც შეეხება სოფო ნიჟარაძის ფაქტორს, ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ. დავიტოვებ უფლებას, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განცხადებები დღეს არ გავაკეთო. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი უკვე ფინალშია გასული. შემიძლია დავაანონსო, რომ ეს საქმე არ დამთავრდება გამოტანილი გადაწყვეტილებით და მას კიდევ ექნება მსვლელობა. სასამართლოს დასრულების შემდეგ არჩილ გელოვანი საჯაროდ, პრესკონფერენციაზე იტყვის, რა და როგორ მოხდა. მანამდე კი საზოგადოებას მივანდოთ დასკვნის გაკეთება, მარშალ გელოვანის შვილიშვილი, ასეთი ოჯახის წარმომადგენელი, „ქართული ფილმის“ დირექტორი, რატომ დააკავეს იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ მოიპოვება?!. ეს იყო არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნა არჩილ გელოვანის წინააღმდეგ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია