თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი

თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ლაშა შევარდნაძისა და თათია შარანგიას ოჯახის დანგრევის შესახებ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. თათიასა და ლაშას ახლო მეგობრის ნაამბობის მიხედვით, თათია უკვე ცხოვრობს ამერიკაში მცხოვრებ ქართველთან ერთად და მასზე გათხოვებას აპირებს, ხოლო ლაშასთან განქორწინების სასამართლო პროცესები უკვე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მათი სასამართლო პარიზში გაიმართება, რადგან ორივე მათგანი, საქართველოს პარალელურად, საფრანგეთის მოქალაქეა.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, გაყრის ინიციატორი თათია გახლავთ - მას დიდი ხანია ლაშასთან თანაცხოვრება აღარ მოსწონს.

რას გაიყოფენ სასამართლოთი ახალგაზრდები, მალე გახდება ცნობილი. რთული სათქმელია, შეეხება თუ არა დავა ქონების განაწილებას, რადგან ორივე ოჯახი ოფიციალურად მილიონერია. როგორც ამბობენ, თათია ისე გაბრაზებულა, საქმე ბავშვების გაყოფამდეც მისულა. იმასაც ამბობენ, რომ დედას სურს, ბავშვები საერთოდ არ აჩვენოს მამას. ამ ამბავმა ორივე ოჯახს თავზარი დასცა, თუმცა შარანგიების ოჯახი, ისევე როგორც შევარდნაძეების, თათიას მეორედ გათხოვებას ჯერ არ ახმაურებენ. მკაცრად მალავენ იმ პირის ვინაობასაც, ვისთან ერთადაც თათია უკვე ამერიკაში ცხოვრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ლაშა შევარდნაძის ინტერესებს სასამართლოში სამი ადვოკატი იცავს.

ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუარდი და წლინახევრის ალექსანდრე შევარდნაძეები. ბავშვები თბილისში იზრდებიან და მათ რამდენიმე ძიძა უვლის. როგორც გაგვიმხილეს, შვილიშვილის ოჯახის დანგრევის ამბავს უფროს ედუარდ შევარდნაძეს უმალავენ და ძიძებს მასთან ძველებურად მიჰყავთ პატარები კვირაში ორჯერ. მიზეზი კი უფროსი ედუარდის ასაკთან ერთად ისიც ყოფილა, რომ თათია მას განსაკუთრებულად უყვარს. ბაბუს გამორჩეულად ჰყვარებია პატარა ედუარდ შევარდნაძეც, ძალიან მგავს, ჩემი ბავშვობააო, ამბობს თურმე ყოფილი პრეზიდენტი თავის ახლობლებთან.

ლაშა პროფესიით პოლიტოლოგია. განათლება ლონდონსა და პარიზში მიიღო. ამჟამად საფრანგეთსა და შვეიცარიაში ბიზნესებითაა დაკავებული. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში.

თათია პიანისტი გახლავთ. სწავლობდა თბილისსა და პარიზში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. კონცერტებს პერიოდულად თბილისშიც მართავს. მას შემდეგ, რაც შევარდნაძეების რძალი გახდა, თათიას კონცერტები უფრო ხშირად იმართებოდა. მისი შესრულებული სიმფონიები ედუარდ შევარდნაძეს ძალიან მოსწონს და ის თათიას რამდენიმე კონცერტსაც დაესწრო.

როგორც მეგობრები ჰყვებიან, წყვილმა ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნო. ისინი პარიზიდან მოფრინავდნენ და გვერდიგვერდ მოხვდნენ. "ღმერთს ვუყვარვარ და ამიტომ შემახვედრა საყვარელ ადამიანს ზეცაში", - ამბობდა თათია შარანგია. ის მაშინ 17 წლის იყო და აღტაცებული დაბრუნდა საქართველოში, თან მეგობრებს უყვებოდა, ფრენისას 5 საათი ისე გავიდა, მეგონა, 15 წუთი დაგვჭირდა გზაშიო. გაცნობიდან მალევე, 21 წლის ლაშა თათიას კონცერტზე დიდი თაიგულით ესტუმრა, შემდეგ წყვილმა შეხვედრები დაიწყო. ლაშამ თათიას პარიზში თეთრი ოქროს ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ჩაუტანა და გაცნობიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ იქორწინეს კიდეც. თათია ყველა ინტერვიუში იმეორებდა, ლაშა ღმერთმა გამომიგზავნა, ღრუბლებში გამაცნო და გაცნობის წუთიდან მივხვდი, რომ მას არასოდეს დავშორდებოდიო.

წყვილმა თბილისში ორდღიანი ქორ­წილი გადაიხადა, საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 450 სტუმარი დაპატიჟეს. როგორც ამბობენ, პატარძლის "შანელის" ძვირად ღირებულმა საქორწინო კაბამ მაშინ მთელი თბილისი აალაპარაკა. ცნობილი დიზაინერული ნამუშევარი წინა მხრიდან ნაქარგებით იყო გაწყობილი, უკან - ფუშფუშებით.

წყვილი პარიზში ცხოვრობდა, საიდანაც ლაშა ბიზნესშეხვედრებზე ხშირად დაფრინავდა, თათია - გასტროლებსა და კონკურსებზე. თბილისში ისინი ბაგებში მდებარე სახლში ცხოვრობდნენ. მართალია, თათია ყველასთან ჰყვებოდა, რა ბედნიერი იყო ლაშას ცოლობით და ასეთი ცნობილი ოჯახის რძლობით, მაგრამ ბოლო დროს აქტიურად გავრცელდა ხმები, რომ წყვილს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. თურმე თათია მეგობრებთან ამბობდა, რომ ცნობილმა ოჯახმა დააკომპლექსა, როგორც უნდოდა, ისე ვერ ცხოვრობდა და ერთობოდა, ბევრ რამეზე უწევდა უარის თქმა. თუმცა ამავე დროს, აღტაცებას ვერ მალავდა ედუარდ შევარდნაძის პერსონით. შევარდნაძეების რძლობის პერიოდში თათია შარანგია მულთან, სოფო შევარდნაძესთანაც მეგობრობდა.

თუმცა მათი ურთიერთობა, როგორც ლამაზი ზღაპარი, დასრულდა და უფრო მეტიც, კონფლიქტშიც გადაიზარდა.

თათია შარანგიას პირად ცხოვრებაში რომ ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა, ეს იმ რესპონდენტის მონათხრობიდანაც ირკვევა, რომელმაც იგი შარანგიების კუთვნილი რესტორნებიდან ერთ-ერთში, "სლავიანკაში" ნახა. იქ თათია ნოემბერში თავის ახლობლებთან ერთად ერთობოდა. მოგვიანებით, უკვე კარგად ნასვამი, გარეთ გასულა, რესტორნის შესასვლელ კიბეებზე მარტოდმარტო დამჯდარა და ატირებულა...

ლაშას მშობლები, პაატა შევარდნაძე და ნინო ახვლედიანი პარიზში ცხოვრობენ. თუმცა ახალგაზრდა წყვილი მათგან დამოუკიდებლად, პარიზში ცალკე ცხოვრობდა. თათიას მშობლები თბილისში არიან. მას დედა ექიმი ჰყავს, მამა - ბიზნესმენი. მერაბ, იგივე ტუკა შარანგიას გვარ-სახელი არაერთხელ გაჟღერებულა საინფორმაციო სივრცეში, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის. ძმები შარანგიები რუსეთის მოქალაქეები არიან და გავრცელებული ხმების მიხედვით, მათ ეკუთვნით წილები კომპანია "ბილაინში", საქართველოს რკინიგზაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, დეზერტირების ბაზარში, ასევე "ჯიემსი" ჯგუფში, რომელიც ცნობილ რესტორნებს აერთიანებს. იმასაც ამბობენ, რომ შარანგიებმა ბიზნესების და წილების გაყიდვა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყეს და პირველად გასართობი კომპლექსი "ქალაქური" გაყიდეს. ამავე ხმების თანახმად, საპატრიარქოს გვერდით მდებარე ეს კომპლექსი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ შეიძინა. სამსართულიან რესტორანსა და კლუბში რემონტი ამჟამადაც მიმდინარეობს.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"