ამნისტია: რას მოგვიტანს მარილმოუყრელი მადლი?

ამნისტია: რას მოგვიტანს მარილმოუყრელი მადლი?

ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ამნისტიას საზოგადოების ნაწილი მოწონებით შეხვდა; პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი, ძირითადად, კრიმინოგენულ საფრთხეებზე მიუთითეს. იმის მიუხედავად, თუ რომელ პოზიციას გავიზიარებთ, ფაქტია - უამრავ ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი გაუჩნდა. სხვა საკითხია, რამდენად რეალურია ეს შანსი.

არაერთი ამნისტირებული ოდესღაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააპატიმრეს. რას ვახვედრებთ ამ ადამიანებს? ყოფილ პატიმართა სოციალური რეინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. მათ ზურგს უკან ან სრული სიმარტოვეა, ან - ჯარიმებით "გატყავებული" ოჯახები. სავსებით შესაძლებელია, გაჭირვებამ ეს ადამიანები ისევ დანაშაულის გზაზე დააყენოს.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

დალი უშარიძე, ფსიქოსოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის "ახალი გზა" ხელმძღვანელი:

- ამნისტირებული მომხმარებლები ჩვენს ორგანიზაციას ხშირად აკითხავენ. სრული უპერსპექტივობა - მხოლოდ ამ სიტყვებით შემიძლია დავახასიათო მათი მდგომარეობა. ზიანის შემცირების მესამე რგოლი - ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ არის დანერგილი და ქმედით დახმარებას ვერ ვთავაზობთ. ყველაფერი ამოიწურება კონსულტაციით ან ერთჯერადი დახმარებით, რასაც ორგანიზაციის მუშაკთა პირადი ინიციატივით ვახერხებთ. საპატიმროდან ახალგამოსულ ადამიანებს უამრავი პრობლემა აწუხებთ: ზოგს საბუთი სჭირდება, ზოგს - დაკვალიანება. პირველ რიგში კი - დასაქმება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. პრობლემის გადასაწყვეტად, მთელი არასამთავრობო სექტორი უნდა გაერთიანდეს.

საინტერესო ინფორმაცია: ცენტრი "თანადგომა" ახორციელებს პროექტს, რომლის ერთ-ერთი მიმართულება - ყოფილ პატიმართა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ მოდელის ფარგლებში უკრაინელებმა სოციალური საწარმოები გახსნეს, რაც ჩვენში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ფაქტია: ერთჯერადი დახმარებები და კონსულტაციები პრობლემას ვერ გადაჭრის. სოციალური საწარმოების სისტემაა დასაქმების რეალური შანსი.

"უფულობის გამო ხანდახან სახლიდანაც კი ვერ გამოვდივარ"

ყველაზე კარგად საკუთარი გასაჭირი თავად ამნისტირებულმა მომხმარებლებმა იციან. მოვუსმინოთ მოქალაქეებს, რომლებიც ანონიმურ საუბარზე დაგვთანხმდნენ.

მერაბი, 36 წლის:

- დედაც და ძმაც ინვალიდები მყავანან. საკმაოდ გვიჭირდა, ამიტომ ბიზნესაკადემიაში სწავლის ფულის გადასახდელად, სამორინეში ვმუშაობდი. მეტისმეტად ვიღლებოდი და ოპიუმის მოხმარება დავიწყე. 2007 წელს ნარკოტიკების გამო, ციხეში აღმოვჩნდი. 3 წლის შემდეგ შეწყალების კომისიამ გამათავისუფლა. ერთბაშად უამრავი პრობლემა დამატყდა თავს: უმუშევრობა, გაჭირვება, უიმედობა... როგორია, ტრანსპორტის ფული რომ არ გაქვს?! ხალხიც ცუდი თვალით მიყურებდა. მერე - პატრულის შიში, ოჯახის მდგომარეობა... ცოტა მონატრებაც იყო და როცა ნარკოტიკი შემომთავაზეს, უარი ვეღარ ვთქვი. 2 თვეში ისევ დამაკავეს. ციხეში საშინელი სიტუაცია დამხვდა. 2008 წლამდე თუ ტილები გჭამდნენ, ახლა პერსონალი გაინვალიდებდა. უბრალო ჩურჩულზე გაგინებდნენ და გცემდნენ, მუხლებზე გაყენებდნენ, საპონს გაჭმევდნენ, გაფურთხებდნენ, დენზე გაერთებდნენ. ცალი თვალი გლდანის ციხეში დამიზიანეს... ამნისტიით გამოვედი. ისევ - უმუშევრობა, უფულობა, გაჭირვება... თუ ახლობლები არ გყავს, არავის უნდა, შენზე პასუხისმგებლობა აიღოს და სამსახური დაგაწყებინოს. სიამოვნებით დავეუფლებოდი კომპიუტერს, ინგლისურს, მაგრამ კურსებიც ფასიანია. საიდან მოვიტანო თანხა?! უფულობის გამო ხანდახან სახლიდანაც კი ვერ გამოვდივარ. ფიზიკურად შრომას ვერ მოვახერხებ - ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. მართვის მოწმობა ჩამომართვეს, თორემ მძღოლად ვიმუშავებდი. მრავალი წელია, ნარკოტიკს აღარ გავკარებივარ, მაგრამ ნარკოლოგიური აღრიცხვიდან მოსახსნელად 185 ლარია საჭირო. ფსიქიატრიული ექსპერტიზა 35 ლარი ჯდება, გამოცდა - 50 ლარი. ამდენი ფული რომ მქონდეს, სახლში იმდენი პრობლემაა, მოწმობისთვის მაინც ვერ გავიმეტებდი. მინდოდა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მიმეღო, მაგრამ გვიპასუხეს: ამისათვის სტატუსს ჯერ დედას და ძმას შევუჩერებთ, 3 თვის შემდეგ კი ჩვენი წარმომადგენელი გეწვევათ და ხელახლა შეგაფასებთო. ეს სამი თვე რითი გვეარსება? ჰოდა, შევეშვით. თვალის ოპერაცია მჭირდება და ვერ გამიკეთებია - 2 ათასი ლარია საჭირო. რატომ წინასწარ არ იფიქრეს, ციხიდან გამოსულ ხალხს რომ დახმარება დასჭირდებოდა?!

"მინდა, ცხოვრება ახლიდან დავიწყო!"

ეკა, 30 წლის:

- პატიმრების გათავისუფლებით მთავრობამ კეთილი საქმე გააკეთა, მაგრამ ისიც ხომ უნდა ეფიქრა, მერე სად წავიდოდნენ?! ხომ შეიძლება, ვიღაცამ გასაჭირს ვეღარ გაუძლოს და ისევ დანაშაული ჩაიდინოს?! სახლში ჯდომით სამსახურს ვერ იშოვი, მაგრამ გზის ფული ხომ გინდა?! თანაც, გასაუბრებაზე ელემენტარულად, მოწესრიგებული ხომ უნდა მიხვიდე?! საპონი გჭირდება, კბილის პასტა, სავარცხელი... ასეთი წვრილმანების ფასს მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც არ გაქვს და ვერც ყიდულობ. რაღაც დახმარება პირველი 3 თვე მაინც მოგვცენ!.. მე კიდევ რა მიჭირს - ბინა შემრჩა. სულ გამოცარიელებულია: წამლის გადამკიდემ რასაც კი ხელი მოვკიდე, ყველაფერი გამოვიტანე და გავყიდე... ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები მაქვს. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ოჯახი დავკარგე. მოსიყვარულე მშობლები მყავდა, მშვენიერი და-ძმა, ბებია-ბაბუა... საზღვარგარეთ ვცხოვრობდით. მამამ იქ ბიზნესი ააწყო. 18 წლის ვიყავი, მეგობრების წამხედურობით ნარკოტიკი რომ გავსინჯე. ოჯახმა მხოლოდ წლინახევრის შემდეგ გაიგო. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რომ გადამეგდო, მაგრამ სულ ვატყუებდი, ვეუხეშებოდი, სახლიდან ფულსაც კი ვიპარავდი... მშობლები ისეთ დღეში ჩავაგდე, ამბობდნენ - შვილი აღარ გვინდაო. მამამ ქუჩაში მაინც არ დამტოვა და საქართველოში გამომიშვა: ჩვენს ბინაში იცხოვრე და რაც გინდა, ის ქენიო... ძალიან მინდა, ცხოვრება თავიდან დავიწყო და რაც შეცდომები დავუშვი, გამოვასწორო. ფეხზე რომ დავდგები, ოჯახს აუცილებლად შევურიგდები. რატომ ახლა - არა?.. მინდა, სულ სხვანაირი მნახონ. სამწუხაროდ, მხოლოდ სკოლა მაქვს დამთავრებული. კაფეში მიმტანად თუ ვიმუშავებ... ნერვები ისეთ დღეში მაქვს, ვიღაც რომ დათვრეს და რაღაც მითხრას, ვერ ავიტან. აი, გამყიდველად - რა პრობლემაა, დიდი სიამოვნებით. რით ვარსებობ? ჯერ ახალი გამოსული ვარ და შორეული ნათესავი და ახლობელი ცოტაოდენი ფულით დამეხმარნენ. მაგრამ სისტემატურად ვერავის მოსთხოვ. სახელმწიფოს მხრიდან 3-თვიანი დახმარება საკმარისი იქნებოდა, რომ ადამიანს ცხოვრება თავიდან დაეწყო.

არასამთავრობო სექტორი ყველაფერს ვერ გასწვდება

ცირა, 54 წლის:

- მშობლები ადრე გარდამეცვალნენ და ძმამ გამზარდა. ჩვენს უბანში ბევრი "ეთამაშებოდა" ნარკოტიკს - ჩემი ქმრის ჩათვლით. არასოდეს შემოუთავაზებია, მაგრამ ისეთი მაიმუნი ბავშვი ვიყავი, თვითონ დავინტერესდი. მერე დაიჭირეს და ციხეში დაიღუპა. ძმა უკვე მოსკოვში ცხოვრობდა. პარიკმახერის ხელობა ვისწავლე და იმდენი ფული ვიშოვე, აღარ ვიცოდი, სად წამეღო. ამასობაში ოპიუმზე გადავედი. თავიდან ძალიან "შემჯდარი" არ ვყოფილვარ, მაგრამ ძმა რომ გარდამეცვალა, იმის შემდეგ 4 წელი აღარც "გამოვფხიზლებულვარ". 2005 წელს ოპიუმის შენახვის გამო ამიყვანეს. ციხეში ფსიქოლოგ მანანა სოლოღაშვილთან ანტინარკოტიკული თერაპია - "12 ნაბიჯი" გავიარე. გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა პროგრამას მივაკითხე, მაგრამ თავი უხერხულად ვიგრძენი: ზედმეტი შეკითხვა, ზედმეტი შემოხედვა... თან, ასაკითაც არ შემეფერებოდა. მანანა სოლოღაშვილმა ორგანიზაცია "ახალ გზაში" მისვლა მირჩია. პირველივე წუთიდან შვება ვიგრძენი. აქ მავიწყდება, რომ ციხიდან გამოსული ვარ. მაგრამ ერთი ან თუნდაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობები ყველა მომხმარებელს ვერ გასწვდება. საწყის ეტაპზე სახელმწიფო პროგრამებია საჭირო. მერე კი თვითონაც უნდა გაინძრე.

პრობლემა სახელ-მწიფო დონეზე უნდა გადაიჭრას

ამნისტია ისევ "მარილმოუყრელ მადლად" თუ დარჩა, პერსპექტივაში დანაშაულის რეციდივს ვერ ავიცდენთ. ამის ნიშნები უკვე იკვეთება. პრობლემა სწორედ სახელმწიფო დონეზე უნდა გადაიჭრას. კარგი იქნებოდა, ამნისტიის გამოცხადებისას ხელისუფლება ან უფრო ჩაღრმავებოდა პრობლემის არსს, ან საერთაშორისო ნორმები მაინც გაეთვალისწინებინა. გაეროს მიერ აღიარებული მინიმალური სტანდარტების თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ ყოფილ პატიმრებს საკუთარი არსებობის უზრუნველყოფა შეეძლოთ (წესი 58). დოკუმენტის მეორე ნაწილში კი ხაზგასმულია სახელმწიფოს მხრიდან მათი მხარდაჭერის აუცილებლობა. სწორედ სახელმწიფოს მოვალეობაა: ფინანსების მოძიება, დახმარებების გაცემა, შესაფერის ხელობათა ნუსხის ოპერატიულად დაზუსტება და უფასო პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის გამართვა. არასამთავრობო სექტორს ამ პროცესში შეუფასებელი წვლილის შეტანა შეუძლია.

P.S. სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში" - ფარგლებში, რომელსაც "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" ახორციელებს. პროექტის თანადამფინანსებელია "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი, საქართველოს წარმომადგენლობა". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

მედეა გოგსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ