"ქვეყანაში მოვიდნენ პრორუსული ძალები და ხელი თუ არ გავანძრიეთ, დავიღუპებით"

"ქვეყანაში მოვიდნენ პრორუსული ძალები და ხელი თუ არ გავანძრიეთ, დავიღუპებით"

"შიმშილობა უკვე დავიწყე. ყოველდღიურად, საღამოს 8 საათიდან ღამის 10 საათამდე გავალ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ. ასევე გასვლები მექნება ამერიკის, ბრიტანეთისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების საელჩოებთან. ღამის 10 საათის შემდეგ ვიქნები სახლში... ასევე, კატეგორიულად მოვითხოვ სამედიცინო ზედამხედველობას ჩემი შიმშილობის კეთილსინდისიერების დამადასტურებლად. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ყველას მივმართო, გამაგრდით ქართველებო! არაფრის შეგეშინდეთ. ცხოვრება შიშად არ ღირს, მთავარზე მთავარი ღმერთი და ჭეშმარიტებაა, ღმერთმა გააძლიეროს ყველა ღირსეული ქართველი ჭეშმარიტებისათვის ბრძოლაში! თავისუფლება ერთ-ერთი უდიადესი ღვთიური სიკეთე და ჭეშმარიტებაა. დიდება უფალს", - ასე მიმართავს შიმშილობის მესამე დღეს პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ქართველ ერს. როდესაც მასთან ინტერვიუზე მივედი, მეგობრებთან ერთად პლაკატებს ამზადებდა.

- ეს არის ისტორიული, ეპოქალური მოთხოვნებით დაწყებული შიმშილობა, რომლის მსგავსიც ჯერ საქართველოში არ მომხდარა. შიმშილობის ადრესატები არიან: პირველი - დემოკრატიული მსოფლიო, ამერიკის, ბრიტანეთის, დიდი შვიდეულის, ნატოსა, ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, მეორე - როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება და მესამე - ქართველი ერი. უცხოეთისგან ვითხოვთ, რუსეთი ოფიციალურად გამოაცხადონ აგრესორ სახელმწიფოდ, დააკისრონ პასუხისმგებლობა და სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ. მოსალოდნელი საფრთხეების ასაცილებად, საქართველოში სასწრაფოდ შემოიყვანონ ამერიკული ჯარი.

- ადრე ნატოს ჯარების შემოსვლას ითხოვდით...

- არა, ნატოში 28 სახელმწიფოა და ვერ დაველოდები, ისინი ჩვენთვის როდის მოიცლიან. ნატოში გაწევრება ჩვენ მოთხოვნად რჩება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ იდეის ავტორი მე ვარ და ვიცი, ნატო რასაც ნიშნავს ჩვენისთანა ქვეყნისთვის.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შექმნილი ვითარება. ეს ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მორალურ, სამხედრო, ტერიტორიულ და ეთნოპრობლემებს. ცხადად ვხედავ, რომ ქართველი ერის მიერ დაუღალავი ბრძოლებითა და სისხლით მოპოვებულ და საუკუნეების შემდგომ დაბრუნებული ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან თანდათან რუსეთის სივრცეში ვბრუნდებით და ამერიკასა და დასავლეთს ვშორდებით. ამის რეალური საშიშროება არსებობს. ჩემთვის მიუღებელია ამ მშიშარა ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა, მათი აგენტურული მმართველობის სტილი... ქართული სახელმწიფოს სრული დაცემისა და განადგურების საშიშროებსაც ვხედავ და რაღა დროს ჩემი ჯანმრთელობაა, ჭირსაც წაუღია ჩემი თავი, თუკი სისხლით მოპოვებული ქართული სახელმწიფო აღარ იარსებებს. ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ სამშობლო თავგანწირვას ითხოვს!

- დღევანდელი ხელისუფლ­ების ქმედებებიდან რა არის თქვე­ნთვის მიუღებელი?

- ყველაფერი. ქვეყანაში მოვიდნენ პრორუსული ძალები და ხელი თუ არ გავანძრიეთ, დავიღუპებით. ამიტომაც, როგორც პრეზიდენტისგან, ისე პრემიერ-მინისტრისგან მოვითხოვ ჩემ მიერ ჩამოთვლილი მოთხოვნების საფუძველზე შექმნან დოკუმენტები და საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინონ. ქართველი ერისგან მოვითხოვ, შეუერთდნენ ჩემს მოთხოვნას, რადგან არ მყავს მრავალრიცხოვანი და აქტიური პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ძლიერ ოპოზიციას შექმნიდა. არც იმ რაოდენობის მხარდამჭერები მყავს, რომ ქმედუნარიანი და კონკურენტული ძალა შევქმნა. ოპოზიციონერობა დღეს ყველას უნდა, მაგრამ ძირითადად პრორუსული ძალები აქტიურობენ. გაერთიანდეს ერი ჩემ გარშემო და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვიქნები აქტიური ოპიზიციონერი. მერე ვაჩვენებ, როგორი იქნება გრანდიოზული და შედეგის მომტანი, საჯარო, მასობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვაწარმოებ... ჩემთვის დახურულია პრესა და მასმედია, ამასთან ერთად, განვიცდი ფინანსურ ხელმოკლეობას. დამითმონ ერთი ტელევიზია ერთი წლის განმავლობაში და ნახონ, რასაც ვიზამ...

- ახალი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობა მოაწესრიგოს და დაალაგოს.

- არანაირი შედეგი მათ მცდელობასა და ფაფხურს არ მოჰყვება. ეს ხელისუფლება არის რუსეთის მარიონეტი, რომელიც უსინდისოდ ატყუებს ხალხს, თითქოს ნატოში გაწევრება უნდათ. ის ხელისუფლებაც უსინდისოდ იტყუებოდა. ვიღაც უნდა გამოჩნდეს, რომ საზოგადოება გამოაფხიზლოს, ჩემი თავგანწირვის მიზეზიც ეს არის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია