საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

არჩევნების დანიშვნის მომენტიდან წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება. ამას "საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით - კანონით დადენილი წესის შესაბამისად.

არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს დღეიდან უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, მოსამართლისა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა, გენერალური აუდიტორისა, სახალხო დამცველისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

ამასთან, კანონით აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები, სამხედრო ნაწილები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ძირითადი პოლიტიკური გაერთიანებებიდან ცნობილია. მმართველი კოალიციის - "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია. კონკრეტული კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ამ მიმართულებით პრაიმერიზს ატარებს და კანდიდატურის შერჩევას ოთხ ლიდერს შორის ცდილობს, თუმცა მთელი ეს ღონისძიება თავისი შინაარსიით სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათს ატარებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა