ივლისის ბოლოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერი გიორგი ტყემალაძე გახდება?!

ივლისის ბოლოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერი გიორგი ტყემალაძე გახდება?!

რამდენიმე დღის წინ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების სკანდალური დაკავებების შემდეგ, დაკითხვიდან "უვნებლად" გამოსულმა მამუკა ახვლედიანმა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასეთი კომენტარი გააკეთა: "ამ დაჭერებით ხელისუფლება საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახორციელებს. ისინი დაშინებით ცდილობენ საკრებულოში საწადელი ოცნების მიღწევას: უმრავლესობის დაშლასა და ახალი უმრავლესობის წარმოქმნას!" თითქოს ეს სიტყვები დაადასტურაო, 1 ივლისს საკრებულოს "ნაციონალების" ფრაქციის ანუ უმრავლესობის ლიდერი კოკი იონათამიშვილი პოსტიდან სკანდალურად გადადგა და ახლა საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

იონათამიშვილმა საკუთარი გადადგომა ჟურნალისტებს ეპისტოლარულ ჟანრში შეგვატყობინა და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელი წერილი დადო: "არანაირ თავშესაფარს არ ვეძებ. ქართულ ოცნებაში გადასვლა არც მიფიქრია. ჯერ ვიქნები დამოუკიდებელი წევრი, შემდეგ ვნახოთ..." საკრებულოს წევრის ეპისტოლეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეორე ეპისტოლეთი გამოეხმაურა - განრისხებულმა სააკაშვილმა ფარდა იონათამიშვილის პირად წერილს ახადა, სადაც ის პრეზიდენტს ვალების დაფარვაში დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე წუთში, სააკაშვილის პასუხს "პასუხის პასუხი" ისევ იონათამიშვილისგან მოჰყვა: "აუცილებლად მივიჩნევ განვმარტო, თუ რა მიზეზები უძღვის ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. ამ კამპანიის სახელია, შიში... შიში იმისა, რომ არ დაიკარგოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გავლენა თბილისის საკრებულოზე და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად, ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ უფრო ინტენსიურად არ გააგრძელოს კრიზისში შესვლა. მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ ამ პარტიის წევრების უმეტესობა ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას თავიდან ბოლომდე სოლიდარობას უცხადებს. მისი მხრიდან ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი, რღვევის პროცესს ვერ შეაჩერებს!" - წერილობითი ფორმით განაცხადა იონათამიშვილმა. სამაგიეროდ, ზუსტად მეორე დღეს, ბრიფინგი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ოცნებიდან", ჯაბა სამუშიამ ჩაატარა და საინტერესო მოვლენები დააანონსა: "უახლოეს მომავალში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება.

თვის ბოლომდე, ნაციონალების დატოვებას სულ მცირე 6 ადამიანი აპირებს, რის შედეგადაც, თბილისის საკრებულოში, მინიმუმ, ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება. ეს ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ!" მეტიც, კოკი იონათამიშვილის წასვლის კომენტირებისას, სამუშიამ "ვერსიასთან" განაცხადა, რომ კოლეგის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იცოდა.

შესაბამისად, დღეს თბილისის უფლებააყრილ საკრებულოში ახალი რეალობა გვაქვს: ნაციონალური უმრავლესობა დაშლილია და განსაკუთრებული მონდომების შემთხვევაში, "ოცნების" დიდი ხნის მუქარის სისრულეში მოყვანა - ზაალ სამადაშვილის გადაყენება შეიძლება! ჯაბა სამუშიამ, რომელიც საკრებულოში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთ ლიდერად იკვეთება, "ვერსიას" ამ გეგმის შესახებ ღიადაც დაუდასტურა: "ზაალ სამადაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი თავისთავად დადგება უახლოეს სხდომაზე - ახალი რეალობა ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურას ითხოვს! უნდა შეგროვდეს 17 კაცის ხელმოწერა, რათა საკითხი დღის წესრიგში შევიდეს და შემდეგ კენჭისყრა ჩატარდეს. საკუთრივ "ოცნებას" ახლა 20-მდე წევრი ჰყავს და ეს თუნდაც დღის წესრიგში საკითხის შესატანადაა საკმარისი".

რაც შეეხება საკრებულოში არსებულ ვითარებას დღეს - უშუალოდ ფრაქცია "ოცნებაში" შემავალი და მათი მოძმე ფრაქციების დეპუტატები ახალი უმრავლესობის შექმნაზე ფიქრობენ, რაკი "ნაციონალების" უმრავლესობა დაიშალა. ახალი ბალანსი ასეთია: 24/23-ზე, სადაც ყველაზე დიდი, 23-კაციანი ფრაქცია ისევ "ნაციონალებს" აქვთ, დანარჩენი 24 კაცი კი ასე ნაწილდება: დამოუკიდებელი დემოკრატები - 4 კაცი, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 3 კაცი, ქართული ოცნება - თბილისელები - 3 კაცი, თავისუფლება - 6 კაცი, ქართული ოცნება - თბილისი - 3 კაცი, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია, ახლა უკვე კოკი იონათამიშვილის ხარჯზე - 5 კაცი! ანუ, ნაციონალების გარდა, დანარჩენ 6 ფრაქციაში, გადასულ-გადმოსული ნაციონალებით, ყოფილი ქრისტიან-დემოკრატით, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერით, ახალი მემარჯვენეების წევრითა და "ოცნების" წევრებით, 24 კაცის შეკოწიწება შეიძლება. ჰოდა, თუ ნაციონალები გზადაგზა იშლებიან, ეს 24 კაცი ჯერ იმ კონდიციამდეც არ მისულა, თუნდაც მყიფე გაერთიანებად ჩამოყალიბდეს და მის დაშლაზე ვისაუბროთ. გარდა ამისა, მთელი ამ ხნის მანძილზე აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა გახდეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ნაციონალი ზაალ სამადაშვილის გადაყენების შემდეგ.

როგორც "ვერსიას" საკრებულოს რამდენიმე წევრი სხვადასხვა დროს უმხელდა, ჯერ "ოცნება" ახალი თავმჯდომარის ერთ კანდიდატურაზე ვერ ჩამოყალიბებულა, მაგრამ არსებობს სამი სავარაუდო კანდიდატი, რომელთაც, მეტ-ნაკლებად, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ. ესენი არიან: ყოფილი ნაციონალი ირაკლი შიხიაშვილი, ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი ჯაბა სამუშია და მესამე და ყველაზე რეალური - დღევანდელი უმცირესობის ლიდერი საკრებულოში, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ვაჟი, გიორგი ტყემალაძე.

ირაკლი შიხიაშვილს თავისი სურვილების შესახებ ღიად და საჯაროდ არაერთხელ აქვს ნათქვამი. ჯაბა სამუშიამ, მას მერე, რაც გიორგი თარგამაძის პარტია დატოვა, როგორც "ვერსიას" აცნობეს, "ოცნების" საპარლამენტო ლიდერ დავით საგანელიძესთან დაიწყო მოლაპარაკებები საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის თაობაზე. როგორც სამუშია აცხადებს, "ასეთი შეთანხმება არ ყოფილა! ამ თემამ ერთადერთხელ გაიჟღერა, ისიც ერთ ბრიფინგზე, მაგრამ მე საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის არ მიბრძოლია. თუმცა თუ ჩემი კოლეგები გადაწყვეტენ მე დამასახელონ, ამ შემოთავაზებას მივიღებ!" ხოლო რაც შეეხება მესამე, გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას, მასზე დღეს ცოტა თუ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი არჩევა ამ პოსტზე ყველაზე ლოგიკურია: ჯერ ერთი, ტყემალაძე ამ წუთებშიც საკრებულოს უმცირესობის ლიდერია, მისი არჩევის პრეისტორია რომ გავიხსენოთ, 2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, იგი ნაციონალებმა, პირდაპირი მნიშვნელობით, აიღეს და დასვეს საკრებულოს უმცირესობის თავმჯდომარედ და ბოლოს, როგორც "ვერსიას" საკრებულოს კულუარებში უამბობენ, მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე, სამუშია-შიხიაშვილის ჯიბრით, უარს რამდენიმე ნაციონალიც არ იტყვის.

სქემა მარტივია - თუ იმ 24 კაციდან, ვინც ამ დროისთვის ნაციონალებში არ შედის, მაგრამ 6 სხვადასხვა ფრაქციაშია გაფანტული, ერთი-ორი მხარს სამუშიას დაუჭერს და ამდენივე შიხიაშვილს, ნაციონალების 23-კაციანი ფრაქცია, პლუს გიორგი ტყემალაძე, საკუთარი თავის სასარგებლოდ მიცემული ოცდამეოთხე ხმით, თავის კანდიდატურას გაიყვანს და საკრებულოს თავმჯდომარე გახდება!

პროცედურულად, ეს არათუ შესაძლებელი, არამედ საკმაოდ მარტივიცაა. ზაალ სამადაშვილის გადაყენებისა და ახალი თავმჯდომარის არჩევის წესის შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის მეხუთე თავის, 42-ე მუხლში გარკვევით წერია: პუნქტი 3. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა (17 კაცი). საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. (24 კაცი) პუნქტი 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. მუხლი 43. პუნქტი 1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ გიორგი ტყემალაძეს დავუკავშირდით და მისგან საინტერესო პასუხიც მოვისმინეთ: "ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა აღარ ჰყავს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ახალი უმრავლესობის არსებობას. მით უმეტეს, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. ალბათ, ამ თვის განმავლობაში საბოლოო სურათი შეიქმნება, თუ ვინ სად გადავა და როგორ ჩამოყალიბდება ახალი უმრავლესობა. თავმჯდომარეობიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენება, რეგლამენტით, უკვე შესაძლებელია, თუმცა გიდასტურებთ, რომ დეპუტატები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, ვინ უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. საკრებულოს წევრთა უმრავლესობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კოალიციაში შემავალ წევრებს ერთი კანდიდატურა ეყოლება. სამაგიეროდ, ვერ გიდასტურებთ იმას, რომ ეს საერთო კანდიდატი მე ვიქნები. მე პირადად, რა მინდა და როგორ მინდა, ეს სხვა თემაა - შემიძლია დავადასტურო, რომ ამ წუთას კოალიციას შეთანხმებული კანდიდატურა არ ჰყავს, მაგრამ ნამდვილად ეყოლება და იგი, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასახელდება!"

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა