თვითგადარჩენის პროცესი "ნაციონალებში" და ივანიშვილის ოცნება

თვითგადარჩენის პროცესი "ნაციონალებში" და ივანიშვილის ოცნება

"ნაციონალური მოძრაობის" საამაყო "ერთობის" რღვევის პროცესი შიდა თუ გარე ძალების დახმარებით ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მათი ელექტორატი და წევრთა რაოდენობა ალბათ თითზე ჩამოსათვლელი დარჩება. საკრებულოსა და პარტიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის - კოკი იონათამიშვილის განცხადებებმა "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი და კითხვა გააჩინა, ზოგი ამართლებს, ზოგი - აკრიტიკებს, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ამ საკითხის შეფასება პარლამენტარ ირაკლი სესიაშვილსა და "ნაციონალების" საპრეზიდენტო კანდიდატს, შოთა მალაშხიას ვთხოვეთ.

ირაკლი სესიაშვილი:

- ის განხეთქილება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაშია" დაწყებული, ბუნებრივია და ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან ქვეყანას პოლიტიკური მაფია მართავდა, რომელიც რამდენიმე ძირითადი ფიგურისგან შედგებოდა, დანარჩენები კი ამ მაფიას ემსახურებოდნენ და ისინიც ე.წ. წილებში იყვნენ, როგორც დანაშაულის, ისე - სხვადასხვა სახის ბიზნესის. მაგრამ როდესაც მეფე ჩამოვარდა, ყველამ საკუთარი თავის გადარჩენა დაიწყო, რაც ბუნებრივი ინსტინქტია და ამ გადარჩენის პროცესში, ცხადია, ბევრი მათგანი ვერ გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც არაადამიანურ ქცევებს, წამებებს შეეხება. ამიტომ, ასეთი განხეთქილების დროს, უმეტესწილად, სიმართლე იჩენს ხოლმე თავს და ერთიც მართალია და მეორეც. მაგალითად, იონათამიშვილი ეუბნება, - არასწორ პოლიტიკას ეწეოდითო და მიშას მიმართავს - ამაზრზენი ხარო, რაშიც მართალია ეს კაცი. უგულავა კი ეუბნება, რომ ამ პარტიაში მერკანტილური ინტერესები გქონდაო და ესეც მართალია. პარლამენტი ჯერ კიდევ ახალი შემდგარი იყო, როცა უმრავლესობის არაერთი დეპუტატი ვურჩევდით უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ თუ გინდათ, მომავალში ისევ პოლიტიკაში გააგრძელოთ საქმიანობა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ დანაშაული აღიაროთ და ბოდიში მოიხადოთ; მეორე კი, თუ პარტიის გადარჩენა გინდათ, ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოთო. დაშლის პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის მზად იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. მას ისეთი ლიდერები ჰყავს, რომელთაც დანა რომ დაარტყა, სისხლი არ გამოუვათ. ასე რომ, პარტია ძალიან მალე დაიშლება.

- როგორ ფიქრობთ, იონათამიშვილი პარლამენტში რომ მოხვედრილიყო, ასეთ ნაბიჯს მაინც გადადგამდა?

- სააკაშვილს ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, ხალხს რაღაცებს ჰპირდებოდა, რითაც მათ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ატარებინებდა. ძალიან კარგად მახსოვს, როცა ბატონი იონათამიშვილი არასამთავრობო სექტორში იყო, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს "აპრავებდა", რომ მიშას საპარლამენტო სიაში ჩაეწერა. მერე კი დანაპირები რომ არ შეუსრულეს, განაწყენდა. მას, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მოხვედრის სურვილი აქვს, უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თავადაც უნდა გაიზიაროს - წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მკვლელობებზე, 26 მაისზე, 7 ნოემბერზე და ა.შ. თუ ვინმე ამაზე მიდის, ჩემთვის ის ადამიანი განსჯას აღარ ექვემდებარება. იონათამიშვილს თვითგადარჩენის ინსტინქტები ამოძრავებს.

შოთა მალაშხია:

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ როცა იონათამიშვილის უამრავი მეგობარი - 30 ადამიანი უკანონოდ დააკავეს და აქედან ოთხი პატიმრობაში დატოვეს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ფონზე, ასეთი სიტუაციის დროს, ამგვარი განცხადებების გაკეთება, ჩემთვის წარმოუდგენელია. მიუღებელია, პრეზიდენტს ასეთი ტონით მიმართოს ადამიანმა, როგორც ის წერილში მოიხსენიებს. ეს სამაკლერო ფირმა არ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაა და ამგვარი საკითხებით არ არის დაკავებული.

- ამბობს, რომ განცხადების საპასუხოდ, "ნაციონალების" მხრიდან მისი დევნა, მათი შიშის დამადასტურებელია.

- მანამდე მას ამგვარი განცხადებები არასდროს გაუკეთებია. თუ ასეთ რამეს აპირებდა, მაშინ არ უნდა ესარგებლა იმ პრივილეგიებით (საკრებულოს დეპუტატობას ვგულისხმობ), რომელიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ჰქონდა. ჯერ უნდა წახვიდე და შემდეგ ნებისმიერ რამეზე ილაპარაკო.

- იონათამიშვილი "ქართულ ოცნებასაც" მწვავედ აკრიტიკებს გაუგებარი, არაორდინარული დაჭერებისა და დაპირებების აუსრულებლობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაუშვებთ, რომ სამომავლოდ, რაიმე კუთხით, მათი თანამშრომლობაც შედგეს?

- ალბათ ის პრობლემები, რომლებიც მას ჰქონდა და რასაც წერილში წერდა, ვიღაცამ მოუგვარა.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რამ განაპირობა იონათამიშვილის "შემობრუნება" და ახლა რატომ გადადგა პარტიის საწინააღმდეგო ნაბიჯი?

- ვერ გეტყვით, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- დიახ, მაგრამ თქვენ "ერთიანი გუნდის" წევრები იყავით და შესაძლოა, რაიმე დაპირისპირება არსებობდა, რამაც მსგავსი ქმედებისკენ სწორედ ახლა უბიძგა.

- მე ჩემი პოზიცია მაქვს და ვფიქრობ, როცა ადამიანი გუნდის წევრია, მისთვის არაფერი შეცვლილა და სამი თვის წინ, აბსოლუტურად სხვას ფიქრობდა და ახლა - სხვას, განმარტებებიც უნდა არსებობდეს. ის, რომ რაღაცაზე ნაწყენია, ამის განხილვა ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც შენი მეგობრები, ვისთან ერთადაც სამი წელი მაინც იყავი საკრებულოში, დააპატიმრეს და ამ დროს ასეთ განცხადებებს აკეთებ, არანაირ მორალურ ნორმებში არ ჯდება.

- რამდენად დააზარალებს "ნაციონალურ მოძრაობას" მისი პარტიიდან წასვლა და ამისკენ სხვების წაქეზებაც?

- აი, სწორედ იმან, რომ ასეთი შევიწროებები იყო და მსგავსი პრობლემები წარმოიშვა, გადამაწყვეტინა პირადად მე, რომ პრაიმერში მიმეღო მონაწილეობა, თორემ სხვა შემთხვევაში ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებდი. ანუ, როდესაც გიტევენ, ცდილობენ გაგანადგურონ, არაობიექტურად გექცევიან, უკანონოდ გიჭერენ, ასეთ დროს, მეტი თანადგომა სჭირდებათ იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ციხეში სრულიად უსამართლოდ სხედან.

- თუ შიდა პარტიული რღვევა გაგრძელდა, მიაღწევს კი "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებამდე?

- თუ ყველა დაიჭირეს, ცხადია, არჩევნებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას.

- იმედია, ყველას არ დაგიჭერენ.

- (იცინის) იმედი არა, მაგრამ ივანიშვილის ოცნება ნამდვილად არის (იცინის).

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა