გინესის წიგნში შესაყვანი პრეზიდენტობის კანდიდატი და საპასუხისმგებლო არჩევანი

გინესის წიგნში შესაყვანი პრეზიდენტობის კანდიდატი და საპასუხისმგებლო არჩევანი

"ის "ნაციონალებს" შორის ყველაზე სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსია", - ასე ახასიათებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ნაციონალური მოძრაობის" - პრაიმერის ქუთაისის ტურში გამარჯვებულ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს. ბაქრაძის კონკურენტები შოთა მალაშხია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე არიან.

კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 387-მა დელეგატმა მიიღო. "პრაიმერის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრულიად ახალ პარტიად ყალიბდება. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ პარტიაში გადაწყვეტილებას ყველა წევრი იღებს, რაც პარტიის შიდა დემოკრატიულობის თვალსაზრისით, აუცილებელია", - განაცხადა ბაქრაძემ. მართლაც დემოკრატიულად ჩატარდა თუ არა "ნაციონალური" პრაიმერი და რა შანსები აქვს ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? ამ კითხვებით სოსო ცინცაძეს მივმართეთ.

სოსო ცინცაძე:

- რა დემოკრატიული არჩევნები? ვინ უნდა დაიჯეროს, რომ დავით ბაქრაძეს შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე ან თუნდაც გიორგი ბარამიძე გაუწევდნენ კონკურენციას? "ნაციონალურმა მოძრაობამ" უბრალოდ, სახის შენარჩუნება სცადა. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ პრაიმერი უბრალოდ, დემოკრატიული რიტუალია...

- თქვენი აზრით, დავით ბაქრაძეს აქვს გამარჯვების შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში?

- ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წევრს არ გააჩნია. ვფიქრობ, ეს თავად "ნაციონალებმაც" იციან. ისინი უბრალოდ, ეცდებიან, თავიანთი კანდიდატი სამეულში მაინც მოახვედრონ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ "ნაციონალების" კანდიდატი მეორე ადგილზეც ვერ გავა. პირველ-მეორე ადგილებს მარგველაშვილი და ბურჯანაძე გაიყოფენ. "ნაციონალური მოძრაობა" კი მესამე ადგილზე გავა და ამით შეეცდება, საზოგადოებას დაანახვოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია და ხმები მის გარდაცვალებაზე - გაზვიადებული. ისე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ დავით ბაქრაძე არა მარტო "ნაციონალებს", არამედ მაღალჩინოსანთა შორის ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც არ გახვეულა სკანდალში, ინტრიგებში, კორუფციაში, ტენდერების მიტაცებაში... ამ ადამიანმა 9 წლის განმავლობაში თავი სუფთად შეინახა, ის და მისი ოჯახის წევრები ჟურნალისტების საკბილონიც კი არასდროს გამხდარან.

- მისგან განსხვავებით, ბურჯანაძის ოჯახის წევრები არაერთხელ გახვეულან სკანდალში, თავად მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი ასევე არაერთხელ გამხდარა საზოგადოების გაკიცხვის საგანი. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს?

- მერწმუნე, ბურჯანაძე მარგველაშვილს არათუ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, არამედ დაამარცხებს კიდეც, თუ მარგველაშვილს ზურგს ბიძინა ივანიშვილი არ გაუმაგრებს. თუ პრემიერი იტყვის, რომ მისთვის ორივე კანდიდატი ერთნაირად მისაღებია და არჩევანს ხალხს მიანდობს, ბურჯანაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება. თქვენ ბურჯანაძის ოჯახი და პოლიტიკაში მის მიერ გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯები ახსენეთ. ეს უკვე განვლილი ეტაპია და ისტორიის საკუთრებაა. იმის მერე მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი და პრინციპული პოლიტიკოსია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ქალბატონი ოჯახზე დამოკიდებული არ არის და პოლიტიკაში დამოუკიდებლად თამაშობს. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ თავად ბურჯანაძეს და არა მის ოჯახს.

- ბატონო სოსო, ბურჯანაძის აგიტაციას ეწევით?

- იცით, რაშია საქმე? სიტუაციის ობიექტურად შეფასება უნდა შევძლოთ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში ისევ ერთპარტიული მმართველობა დამყარდეს. სხვათა შორის, 2003 წელს "ნაციონალებიც" კეთილშობილური იდეებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ ხედავთ, მერე როგორ განვითარდა მოვლენები. აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად რყვნის ადამიანებს. თუ არჩევნებში მარგველაშვილი გაიმარჯვებს, "ქართული ოცნების" ხელში აბსოლუტური ძალაუფლება გადავა და მერე კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ხომ ხედავთ, ივანიშვილი უკვე წასვლაზე ალაპარაკდა...

- ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერის პოსტზე მანამდე დარჩება, ვიდრე ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება, ამას კი ალბათ ძალიან ბევრი დრო დასჭირდება.

- დიახ, საქართველოში სიტუაციის დალაგებას ორი ან სამი წელი კი არა, შესაძლოა, ორი ან სამი თაობა დასჭირდეს. 30 წელია, რაც პოლიტიკას ვსწავლობ და რაღაც მეც დამეჯერება... "მოვალ, დავალაგებ და წავალ" - ეს ძალიან გულუბრყვილო ნათქვამია.

- რისი თქმა გინდათ? ივანიშვილმა არ იცის, რას ამბობს, თუ საზოგადოებას ატყუებს?

- არა, საზოგადოებას არ ატყუებს, უბრალოდ მას ასე სწამს. ის ხომ პოლიტიკოსი არ არის? ხომ ხედავთ, რვა თვის განმავლობაში როგორ შეიცვალა მისი ტონი და განცხადებები. ივანიშვილი ისეთი კატეგორიული აშკარად აღარ არის, როგორც შარშან ამ დროს იყო. მას ხშირად მოუწია და კიდევ მოუწევს გადაწყვეტილებების შეცვლა. შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვოს, მაგრამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური მოთამაშე მაინც იქნება. მარგველაშვილი კი უბრალოდ მის მითითებებს შეასრულებს. სხვათა შორის, მარგველაშვილი გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი. უამრავი ისტორიული და პოლიტიკური წიგნი თუ სტატია მაქვს წაკითხული, მაგრამ ჯერ არ გამიგია, ადამიანს ეთქვას, - მე იმიტომ გავიმარჯვებ, რომ ჩემს ზურგს უკან ესა თუ ის პიროვნება დგასო. რაც უნდა მარიონეტი იყოს პიროვნება, ის მაინც ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, ვითომ დამოუკიდებელია.

- ივანიშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, ბოლო დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან ვასაძე, დავით უსუფაშვილი და თეა წულუკიანი მოიაზრებოდნენ. ახლახან კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი თავის მემკვიდრედ ირაკლი ალასანიას დატოვებას აპირებს. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- არა მგონია, ეს კულუარული ამბავი რეალურად განხორციელდეს. ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან უკვე ჩამოაქვეითეს. მის აქტივში დღეს არაფერია. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული საქმე აქვს გასაკეთებელი "თავდაცვაში". მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი როგორც ნატოსთან, ისე ავღანეთთან. მე ვფიქრობ, ივანიშვილი საბოლოო არჩევანს მაინც ირაკლი ღარიბაშვილზე გააკეთებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის უკვე კარგად გაეცნო თავის გარემოცვას და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უპირობოდ ენდობა, ირაკლი ღარიბაშვილია. თავის დროზე ალასანიასაც ენდობოდა, მაგრამ მას სხვა, ივანიშვილისთვის მიუღებელი ამბიციები აღმოაჩნდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეა. საპრეზიდენტო რესპუბლიკა კი ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას გულისხმობს. ალასანიას გაპრემიერება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ცუდი იქნება, მით უფრო მაშინ, თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი იქნება. მარგველაშვილმა ის ვერ შეძლო, რომ ბენდუქიძესთან გამოეჩინა პრინციპულობა და პრემიერის პოსტზე მყოფ ალასანიასთან შეძლებს დაპირისპირებას? ალასანიას დაბალანსებას მხოლოდ ბურჯანაძე თუ შეძლებს. ორივე ძლიერი პიროვნებაა და ერთი მეორეზე ვერასდროს იბატონებს. სხვათა შორის, ერთპარტიული მმართველობა იქნება ქვეყანაში იმ შემთხვევაშიც, თუ პრემიერი ღარიბაშვილი იქნება, პრეზიდენტი კი - მარგველაშვილი... ეს კაცი ნამდვილად არის ერუდირებული პიროვნება, ინტელექტუალური, ზრდილობიანი... ერთი სიტყვით, ყველაფერია, გარდა პოლიტიკოსისა. ქვეყანას კი პრეზიდენტად ზრდილობიანი თოჯინა ნამდვილად არ გამოადგება. მაშინ, როდესაც პრეზიდენტს საკანონმდებლო ბერკეტები გამოეცლება, მისი რესურსი პირადი ავტორიტეტი რჩება. სწორედ ამიტომ გვჭირდება პრეზიდენტად ძლიერი პიროვნება და არა - მარგველაშვილი. ქართველ ხალხს 31 ოქტომბერს ძალზე სერიოზული და საპასუხისმგებლო არჩევნის გაკეთება მოუწევს. ახლა გაცილებით სერიოზულად არის საქმე, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს იყო...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა