"ძმა მხოლოდ იმიტომ მომიკლა, ჩემს ეზოში ხმამაღლა ლაპარაკობო!" – იოსებიძეზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

 "ძმა მხოლოდ იმიტომ მომიკლა, ჩემს ეზოში ხმამაღლა ლაპარაკობო!" – იოსებიძეზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

სხვა აქტუალურ კრიმინალურ საკითხებთან ერთად, უახლოესი დღეები სამწუხაროდ, მკვლელობებითაც გამოირჩეოდა, - თითქმის ერთ კვირაში თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს. ლაშა ნადარეიშვილზე უკვე ვწერდით, რაც შეეხება 22 წლის თორნიკე ხიზანიშვილს, ის 4 ივლისს, დაახლოებით ღამის 11-სა და 12 საათს შორის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს იოსებიძის ქუჩაზე. მკვლელობა თბილისის ერთ ჩვეულებრივ ეზოში მოხდა. სადაც ზაფხულის ამ დროს, ყოველთვის არის სასეირნოდ გამოსული რამდენიმე ადამიანი. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ამიტომაც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავიდან ყურადღებაც არ მიუქცევიათ ერთად შეკრებილი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ და იცინოდნენ. ასე რომ, ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად იყო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დაეჭვების შემთხვევაშიც ფატალური მოვლენის შეცვლა ვინმეს შეეძლო.

კოტე გ., იოსებიძის # 65-ე კორპუსის მაცხოვრებელი:

- შოკში ვარ. თუ ეს გაგრძელდა, რაც ბოლო დღეებში ახალგაზრდების მკვლელობასთან დაკავშირებით ხდება, ალბათ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ შვილებიანად სადღაც შორს უნდა გადავიკარგოთ. ჩემს შვილს უკვე შიშით ველოდები, საღამოს სახლში ცოცხალი შემოვა თუ არა. შინ ძაღლი მყავს, ღამით ვასეირნებ ხოლმე იმ საღამოსაც ვასეირნებდი, როცა ამ ახალგაზრდებს ჩამოვუარე. ეჭვი არაფერზე ამიღია. ასე 12 ახალგაზრდა იქნებოდა ერთად შეკრებილი მათ შორის გოგონებიც იყვნენ. იცინოდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მათ გამოვცდი და დაახლოებით 150 მეტრი მქონდა გავლილი, როცა ხმამაღალი ლაპარაკი გავიგონე. სიტყვები არ გამირჩევია, მაგრამ ამას მალევე იარაღის გასროლის ხმა და გოგონას კივილი მოჰყვა, - მიშველეთ, მოკლესო! მაშინვე იქით გავიქეცი.

მე რომ მივედი, ის უბედური ბიჭი ასფალტზე ეგდო. თავიდან და თვალიდან სისხლი სდიოდა. დანარჩენები კი უკვე მანქანაში სხდებოდნენ და გარბოდნენ. მგონი, გოგონას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ დანარჩენები ექაჩებოდნენ და ისიც გაჰყვა. მე იმ ასაკის კაცი ვარ, მივხვდი, რომ ეს შიშისაგან მოუვიდათ, მაგრამ ამ ამბავმა ტვინში სისხლი კიდევ უფრო მეტად ჩამიქცია, - ბიჭი კვდებოდა და მარტო იყო. სულ რამდენიმე წამში კორპუსებიდან ხალხი გამოვარდა. პოლიციაც თითქმის მაშინვე მოვიდა. სასწრაფო დახმარებამ კი დაიგვიანა. მაგრამ ადრეც რომ მოსულიყვნენ, არც კი ვიცი, ამას აზრი ექნებოდა თუ არა, - საწყალს ტყვია პირდაპირ თვალიდან თავში ჰქონდა გავლილი. დანარჩენი აღარაფერი ვიცი, გარდა იმ პანიკური შიშისა, რაც ახალგაზრდების მომავლის გამო გამიჩნდა. არ ვიცი, ოდესმე გამივლის თუ არა ეს შიში. ჩვენს ეზოში მე მგონი, ყველა ჩემს დღეშია".

თემურ სალუქვაძე:

- "მეც იგივე განცდა მაქვს. ის საცოდავი ბიჭი რომ ასფალტზე დავინახე, ამ ხნის კაცი ვარ და ცრემლი ვეღარ შევიკავე. ძირს წიწილასავით ეგდო. სასწრაფო დახმარებამ რომ წაიყვანა, მერე შევიტყვეთ. რომ თურმე აქვე, მეზობლად პეკინის # 33-ე კორპუსში ცხოვრებდა. როგორც მითხრეს, ნასვამები იყვნენ. შეიძლება სადმე ერთად რომ დალიეს და ჩვენს ეზოში მეგობარსაც მოაკითხეს, - უბანში ბევრი იცნობს ერთმანეთს. საუბედუროდ მკვლელიც ჩვენს ეზოში ცხოვრობს და ისიც ნასვამი ყოფილა. მისულა და ამ ბიჭებს აშარებია, ჩემს ეზოში რა გინდათ, რატომ ხმაურობთო! და გაუსვრია. ზოგი ამბობს, ჰაერში ისროლა, ტყვია ბოძს მოხვდა, აისხლიტა და იმ უბედურ ბიჭს მერე მოხდა თვალშიო. რა მნიშვნელობა აქვს, ამ ბიჭისთვის და მისი მშობლებისთვის ხომ ყველაფერი დამთავრდა! როგორ შეიძლება იარაღი ყველას ჰქონდეს?! ვინ დაიცავს ჩვენს შვილებს? რა გარანტია გვაქვს, რომ ერთ ღამეს მათაც მკვდარს არ მოგვიყვანენ სახლში?!"

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ