ჯემალ ჭკუასელი ბრალდებებს პასუხობს

ჯემალ ჭკუასელი ბრალდებებს პასუხობს

ანსამბლის - "ერისიონი" სამხატვრო ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელთან ჩემი შეხვედრის მიზეზი ის ინტერვიუა, რომელიც "გზის" #26-ში დაიბეჭდა. შეგახსენებთ, ტანმოვარჯიშე თათია დონაძე (მისი თქმით, ის "ერისიონის" მოცეკვავეც იყო) ანსამბლში არსებულ აუტანელ სიტუაციაზე ლაპარაკობდა. ბუნებრივია, ამ სტატიას ანსამბლის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

-  ბატონო ჯემალ, სტატიაში თათია დონაძის ბრალდებებზე თქვენი მოკლე კომენტარია. ამჯერად რა გაქვთ სათქმელი?

-  მოკლე კი არა, ადამიანზე, რომელსაც ნორმალურად არ ვიცნობ, კიდევ ბევრი ვილაპარაკე. როცა თქვენმა ჟურნალისტმა დამირეკა, სახელითა და გვარით ის ადამიანი ვერც კი გავიხსენე; მერე მისი პირადი საქმე მოვითხოვე და ფოტოს დავხედე თუ არა, გამახსენდა, ვისზეც იყო ლაპარაკი. გაკვირვებული დავრჩი. ანსამბლში მისი სტაჟიორად აყვანა ჩემი ინიციატივით მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შევცდი. მას მხოლოდ ჩემი მისამართით რომ გამოეთქვა პრეტენზია, ხმას არ გავცემდი; ვიცი, მტერიც ბევრი მყავს და მოყვარეც, მაგრამ ანსამბლის წევრები აღშფოთებულები არიან. ზოგადად სპორტსმენებს (თათია ტანმოვარჯიშეა) ქართული ცეკვის კარგად შესრულება ძალიან უჭირთ, მაგრამ მას ლამაზი სახე ჰქონდა, მონდომებული იყო და შანსი მივეცი. წავიკითხე მისი ინტერვიუ და დავრწმუნდი, ცოტათი უზრდელიც ყოფილა - ამაზე მისი ლექსიკაც მეტყველებს. რეპეტიციებზე ხმამაღალი ლაპარაკი ყოველთვის არის, მაგრამ პირად შეურაცხყოფას არავის ვაყენებთ. ის ამბობს, - "ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობააო. თითქმის 2 წელია, ჩვენთან აღარ არის და ეს ახლა გაახსენდა? აქამდე სად იყო? ამით მან პიარი გაიკეთა.

-  მის პირად საქმეში რა გიწერიათ?

-  საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ეტყობა, "ბატონყმობაში" ვერ გაძლო.

-  მაშინ უკმაყოფილება არ გამოუხატავს?

-  არა და ახლა რა გაახსენდა, საკვირველია. ჩვენ ის მაქსიმალურად დავტვირთეთ, კონცერტებზე გავიყვანეთ, განვითარების შანსი მივეცით, მაგრამ გოგმანით სიარული ვერაფრით ისწავლა. საერთოდ, ყველა სტაჟიორს ვაძლევთ საშუალებას, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს, მერე კი ზოგი რჩება, ზოგი - მიდის.

-  მსგავსი შემთხვევა არასდროს გქონიათ?

-  არა.

-  მოცეკვავეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სტაჟიორად რამდენ ხანს ამყოფებთ?

-  ეს ინდივიდუალურია. გვქონდა შემთხვევები, როცა მოცეკვავე ანსამბლის ძირითად შემადგენლობაში მალევე ავიყვანეთ, ზოგიერთი კი სტაჟიორად 3 წელი დადის და საბოლოოდ, ჩვენგან მიდის... თათია დონაძემ ინტერვიუში თქვა: 40-50 წლის მსახიობებს "კრეტინოს", "იდიოტოს" ეძახიანო. ჯერ ერთი, მის მიერ ჩამოთვლილი სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის. ამასთან, მაინტერესებს, რომელი რეპეტიციის დროს ნახა ჩვენთან 40-50 წლის მოცეკვავეები? საშუალო ასაკი 22-23 წელია. აქ იმიტომ მოსულა, რომ საკუთარ ქორწილისთვის ცეკვა სცოდნოდა. ჰოდა, მკითხველს დასკვნის გამოტანა არ გაუჭირდება. გაკეთებული სიკეთე უკან ცუდად არაერთხელ დამბრუნებია და ეს შემთხვევაც ამის მორიგი მაგალითია.

-  მკაცრი მმართველი ხართ?

-  რკინისებური დისციპლინის გარეშე ასეთ დიდ ანსამბლს ვერ მართავ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, უკან დავიხიო და ანსამბლის წევრს შენიშვნა არ მივცე, მაგრამ ასეთი რამ დაუმსახურებლად არასდროს ხდება. ამ ანსამბლში ჩემი შვილები, შვილიშვილებიც არიან, მაგრამ მათზე არანაირი შეღავათი არ ვრცელდება. როცა ხვდები, ადამიანი ანსამბლში გასაჩერებელი არ არის, უნდა გაუშვა. თათიამ მაშინაც იცრუა, როცა თქვა, ანსამბლში ჩარიცხული ვიყავიო; ჩარიცხული ის არის, ვინც ხელფასს იღებს.

-  ამჟამად "ერისიონი" რამდენი წევრისგან შედგება?

-  100 კაცამდე ირიცხება. ანსამბლი სხვა არაფერია, თუ არა, ერთი სული და ერთი გული. მე ყველას ვეუბნები, რომ უნდა იყვნენ ინდივიდები, სხვაგვარად არაფერი გამოვა. მწყობრში ჯარისკაცებიც კარგად დადიან, მაგრამ ეს ცეკვა არ არის. ვერ დავუშვებ, ვინმე "სხვათა შორის" იდგეს სცენაზე. ჩვენ წარმატებას შემოქმედებითი და შრომით დისციპლინით მივაღწიეთ.

-  რა არის "ერისიონის" მთავარი ღირსება?

-  ეს არის სიყვარული საკუთარი ხალხისადმი, შემოქმედებისადმი; პატივისცემა ათასწლეულის ისტორიის მქონე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვისადმი. სხვა ანსამბლში მე მინახავს, როგორ უყრიან ერთმანეთს ფეხსაცმელებში შუშის ნამსხვრევებს. ჩვენ ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს.

-  როგორც ვიცი, რეპეტიციისა და კონცერტის დაწყების წინ ერთგვარ რიტუალსაც ასრულებთ...

-  ეს დუმილის წუთია იმ წინაპრების სულების პატივსაცემად, რომლებმაც ქართული სიმღერა და ცეკვა ჩვენამდე მოიტანეს. ვალდებულნი ვართ, ასე მოვიქცეთ. ეს ხელოვნება ჩვენ თუ არ შევინახეთ, სხვა არ უპატრონებს.

-  ბატონო ჯემალ, ახლახან ოზურგეთის თეატრის წინ თქვენი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ხელოვნისთვის ეს რა განცდაა?

-  ეს დიდი დაფასებაა! ამ დროს საოცარი განცდა დამეუფლა, ქვეყანა ჩემი მეგონა. ოზურგეთში აღნიშნეს: თეატრის წინ, ამ მოედანზე ამდენი ხალხი ჯერ არ გვინახავსო... 20-21 წლის ბიჭი ვიყავი, როცა იმ თეატრში ვმუშაობდი. ოზურგეთში კარგი კონცერტი გვქონდა.

-  როგორც ვიცი, ქვეყნის მასშტაბით ტურნე გაქვთ დაგეგმილი.

-  დიახ, ახლო მომავალში ყვარელში მივემგზავრებით, კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართება... სხვათა შორის, ოზურგეთის შემდეგ ქუთაისშიც ვიყავით. მაყურებელმა თბილად მიგვიღო. დიდი ხანია, სამშობლოში გასვლითი კონცერტები აღარ გვქონია და ვერც ახლა შევძლებდით, რომ არა სპონსორების დახმარება. აგვისტოში ყველანი ვისვენებთ, 24 სექტემბრიდან კი გასტროლზე ჯერ უკრაინაში მივდივართ, შემდეგ - ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

-  საზღვარგარეთ გასტროლზე მყოფი ანსამბლის წევრები ავტოავარიაში მართლა მოყვნენ?

-  კი. ეს შემთხვევა განჯაში მოხდა. აზერბაიჯანულ მხარესთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული და ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფდნენ. მადლობა ღმერთს, ამ ავტოავარიის შედეგად ანსამბლის არც ერთ წევრს ნაკაწრიც არ აქვს. რადგან მშვიდობიანად გადავრჩით, აღარ ვიჩივლეთ. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მძღოლს ჩაეძინა.

-  მგზავრობა ღამის საათებში რატომ ხდება?

-  დღე რომ წავსულიყავით, იმ კომპანიას, რომელმაც ბაქოში მიგვიწვია, 15 000-ით მეტი უნდა გადაეხადა... საერთოდ, ასეთ შემოთავაზებებს ანსამბლის წევრებთან განვიხილავთ. ჰოდა, გამგზავრების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

-  მომავალში მშვიდობით გემგზავროთ. წარმატებებს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე: "ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობაა - რაში ადანაშაულებს მოცეკვავე თათია დონაძე ჯემალ ჭკუასელს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია