მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს გარშემო სტრატეგიული ბინძური თამაში მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს გარშემო სტრატეგიული ბინძური თამაში მიმდინარეობს

საქართველოს გარშემო სტრატეგიული ბინძური თამაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში, რკინიგზის სადგურის მშენებლობის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ აღნიშნა, ბინძური თამაშია ის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეფერხდა, ხოლო აფხაზეთის გავლით რკინიგზა იხსნება, რაც საქართველოს ევროპაში გასვლას ხელს უშლის.

"ამ რკინიგზის შეფერხება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ ავღანური ტვირთები, რომელიც მოდის მომავალი წლიდან და რომელიც იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ საქართველოს ჰქონოდა ეკონომიკური ზრდა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამ რკინიგზას ზოგადად ექმნება პრობლემა, რადგან როდესაც ასე ინტენსიურად ვლაპარაკობთ, რომ აფხაზეთზე გამავალი რუსეთ-საქართველოს რკინიგზა უნდა გავხსნათ, პრაქტიკულად ეს არის დროის წინააღმდეგ მუშაობა. რუსეთს აწყობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეფერხდეს, სამაგიეროდ კი, გახსნას აფხაზეთის მონაკვეთი ჩვენი რკინიგზის და, პრაქტიკულად, პლაცდარმი გაიკეთოს კავკასიაში, იმის მაგივრად, რომ საქართველომ გაიხსნას გზა ევროპაში. ეს არის ძალიან სტრატეგიული, ბინძური თამაში საქართველოს გარშემო. არ მინდა, საქართველოს მთავრობამ ეს თამაშები ითამაშოს. ჩვენ პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი გვქონდა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ძალიან დიდი ეკონომიკური პროექტი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გაუმართავდა ხელს, აქაურობას საერთოდ "ბუმის" პირობებში გადაიყვანდა და საქართველოს გაუხსნიდა გზას ევროპაში. ამ თამაშებით მე არ მინდა, რომ ეს ფანჯარა მოიკეტოს. მე ვნახე, რომ დღეს იქ ხალხი ცდილობს და მუშაობს, მაგრამ მეათედი მასშტაბიც არ არის იმისთვის, რომ ეს დროზე დამთავრებულიყო. სამწუხაროდ, წელს ეს უკვე აღარ მოესწრება. მოვუწოდებ მთავრობას, განსაკუთრებული ზომები მიიღოს იმისთვის, რომ იქნებ მომავალი წლის ბოლომდე მაინც მოასწრონ მისი დასრულება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის საპრეზიდენტო ვადის დასრულებას სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის გახსნით აპირებდა. "იმის გამო, რომ სერიოზული შეფერხებებია დაფინანსებაში, იმის გამო, რომ ბევრი გაურკვეველი საკითხი წარმოიქმნა უცებ აზერბაიჯანულ მხარესთან, ამ რკინიგზის დასრულება წელს ვეღარ მოხდება. ვვარაუდობდი, ჩემი პრეზიდენტობა დამემთავრებინა სწორედ იმით, რომ გაგვეხსნა ეს დიდი მნიშვნელობის რკინიგზა. ეს რკინიგზა საქართველოს შეაერთებდა ევროპასთან. ეს რკინიგზა რეალურად არის ჩინეთი-ლონდონის რკინიგზა, მაგრამ მთელ ევროპაში აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და ის საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამის ნაცვლად, ჩვენ გვიხდება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს რკინიგზა ვერ დამთავრდება ვერც წელს და როგორც დღეს გამოჩნდა, ვერც მომავალ წელს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა