"დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა"

"დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა"

დამნაშავის გამართლება თავად სასამართლოსთვის გამოტანილი მძიმე განაჩენიაო, ნათქვამია. ჩვენ არ ვაპირებთ ახალციხის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობილ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს სკამის ფეხით აუპატიურებდა, და მისი ყოფილი თანამშრომლების უაპელაციოდ დამნაშავედ გამოცხადებას. უბრალოდ ვკითხულობთ, მაშინ რატომ მოჰყვა ხვედელიანის გამამართლებელ განაჩენს ბორჯომში საპროტესტო აქციების ტალღა, რამ აიძულა ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ახალციხის სასამართლოსთვის კვერცხები და პომიდვრები დაეშინათ? რა გამოდის, ტყუოდნენ ბორჯომელ-ბაკურიანელები, როდესაც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში პირად საუბრებში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საჯაროდ ამბობდნენ, თუ რა საშინელებები ხდებოდა ბორჯომის პოლიციაში?

ტყუის პროკურატურა, როდესაც თეთრზე შავით აღწერს, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ არაკაცები დაკავებულებს? გარშემო ყველა ტყუის და მხოლოდ ახალციხის მოსამართლემ იპოვა ჭეშმარიტება? იქნებ პოლიტპატიმრადაც გამოგვეცხადებინა ხვედელიანი? არადა, "იმსახურებს", რადგან ახალციხის სასამართლოს ლოგიკით უდანაშაულო ხვედელიანი ბორჯომელ-ბაკურიანელების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და პროკურატურის "დიდი შეთქმულების მსხვერპლია". სიმართლე გითხრათ, მე უკვე ის მიკვირს, როგორ გაბედა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ და როგორ არ გამოაცხადა უდანაშაულოდ ოლეგ ფაცაცია და გლდანის ციხის სხვა ჯალათები? ექსპერტ გოგი ხუციშვილის აზრით, ხვედელიანის საქმე ზოგად ტენდენციას ასახავს, რაც სახიფათოა.

- არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ სასამართლოსთან გვაქვს საქმე. დღევანდელი მოსამართლეები იმ სისტემის ნაწილი არიან, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს შეიქმნა და დღესაც მოქმედებს. ამ სისტემაში დამკვიდრებული იყო შერჩევითი სამართალი, დანაშაულის მიჩქმალვა, დამნაშავეების გამართლება და პირიქით, უდანაშაულოების ციხეში ჩასმა. აღარაფერს ვამბობ ზემოდან მიღებული დაკვეთების შესრულებაზე. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, რომ სასამართლომ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

- და რასთან გვაქვს საქმე, მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა?

- "ნაციონალების" ყველა განაყოფს, მათ შორის სასამართლოს, ჰქონდა მითითება, ცოტა ხანი გავძლოთ და შემდეგ ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებითო; ანუ არავის არ უნდა ეღიარებინა, რომ ძველი ხელისუფლების დროს დანაშაული ხდებოდა, ასეთი ფაქტები უნდა მიეჩქმალათ, ყოფილი მაღალჩინოსნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოჩენილიყვნენ უკანონობის ჩამდენებად და ასე შემდეგ. "ნაციონალები" აცხადებდნენ, "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვას თავს ვერ გაართმევს, მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გაჩნდება და ხელისუფლებაში ჩვენ დავბრუნდებითო. თუმცა სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. იმდენი საზარელი დანაშაული გამოვლინდა (რამდენიმე ეპიზოდი სამეგრელოში ნაპოვნ ვიდეოფირებშია დაფიქსირებული), რომ მოსახლეობისთვის "ქართული ოცნება" დღეს მიუღებელიც რომ გახდეს, "ნაციონალები" ხელისუფლებაში მაინც ვერ დაბრუნდებიან. მეტიც, მათი გაქრობის პროცესი დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთმა ადეკვატურად ვერ შეაფასა, მათ შორის მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა. სწორედ ამიტომ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთაგან ერთ-ერთი ხვედელიანის გამართლება იყო, არ მიკვირს. სიმართლე გითხრათ,

არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელმა სასამართლომ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი საზარელი ვიდეოფირების "გმირებიც" გაამართლოს. ხალხის აღშფოთება თქვენ მერე ნახეთ. ამიტომ პირდაპირ ვამბობ - დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა.

- რას გულისხმობთ? სხვათა შორის, საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვა, ხომ არ ცდილობენ მოსახლეობის პროვოცირებას, რომ მაგალითად, სასამართლოების დარბევებისკენ უბიძგონ და შემდეგ ეს კონკრეტულმა ძალამ სათავისოდ გამოიყენოს?

- მეც ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა, ზოგიერთს მართლაც ხელს აძლევდეს სასამართლოების დარბევა და უსამართლობის განცდიდან გამომდინარე, ლინჩის წესით გასამართლება. "ნაციონალები" ქვეყანაში დროდადრო პროცესების ესკალაციას ცდილობდნენ. მაგალითად, 19 აპრილის აქციისას დიდი იმედი ჰქონდათ, რომ დაარბევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ 17 მაისი მოაწყვეს და მიზანს გარკვეულწილად მიაღწიეს, საზღვარგარეთ ეს მოვლენები ძალიან ცუდად შეაფასეს.

- დავუბრუნდეთ სასამართლოსა და სამართლიანობის თემას. არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მოქალაქემ ან მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც გაუცრუვდა სამართლიანობის აღდგენის იმედი, თავად დაიწყოს სამართლის აღსრულება?

- საფრთხე ნამდვილად არის. თუმცა ამის შეკავება ახალ ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საზღვარგარეთ სიტუაცია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ახალი ხელისუფლება ვითარებას ვერ აკონტროლებს და ქაოსია.

სხვათა შორის, დასავლურ მედიაში თითოეული ასეთი ფაქტი რაღაც ფართომასშტაბიან მოვლენად შუქდება, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა, ლოკალური და ადგილობრივი ხასიათი ჰქონდეს. ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა შეაკავოს და ამის

ყველაზე კარგი მეთოდი ხალხთან მჭიდრო კონტაქტია. არ უნდა დაუშვას დაპირისპირება, მათ შორის არც რელიგიურ ნიადაგზე, როგორც ეს სამთაწყაროშია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა