სააკაშვილი წყნეთში მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციას იშენებს

სააკაშვილი წყნეთში მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციას იშენებს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი განცხრომით ცხოვრობდა და მას საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე 6 საპრეზიდენტო რეზიდენცია ჰქონდა. მოკლედ, ჩვენი გაუბედურებული ქვეყნისა და გაღატაკებული ხალხის პრეზიდენტი ისე ცხოვრობდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების მეთაურებს ნამდვილად შეშურდებოდათ. 6 რეზიდენციის აშენებას ხომ უზარმაზარი თანხები სჭირდება და არანაკლები ფული - მათ შენახვას. თუმცა, ჩვენი გრძელისთვის მთავარია, თავად იყოს კარგად, თავად ინებივროს, ხალხი და ქვეყანა კი რა ხანია, ცალ ფეხზე ჰკიდია.

ევრიკა!!! "ქრონიკამ" მიხეილ სააკაშვილის მეშვიდე რეზიდენცია აღმოაჩინა. მართალია, ის ჯერ მშენებარეა, მაგრამ, როცა დასრულდება, ისეთი იქნება, მიშას გემოვნებას სრულად რომ დააკმაყოფილებს. ეს მშენებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია ბაგებში, ე.წ. კაკლების დასახლებაში მდებარეობს, გზის პირას. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, ის წყნეთსა და ბაგებს შორის ტერიტორიაზე მდებარეობს - "კაკლები" არც წყნეთია და არც ბაგები. თუმცა, ოფიციალურად წყნეთს ეკუთვნის. ვიდრე მშენებარე რეზიდენციაზე მოგითხრობთ, მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს შეგახსენებთ.

2008 წლის გაზაფხულზე, აგვისტოს ომამდე ორიოდე თვით ადრე, ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილსა და მის მეუღლეს, გრიგოლ ვაშაძეს წყნეთსა და ბაგებს შუა, პრესტიჟულ ადგილას 8000 კვ.მ. მიწის ფართობი აჩუქა (შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟის - ნიკოლოზის ერთ-ერთი ნათლიაა). ანანიაშვილმა ნაწილობრივ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთი მას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ აჩუქა, თანაც არა 8000 კვ.მ. არამედ შედარებით მცირე - 1000 კვ.მ. მაშინვე აგორდა ჭორი, რომ "კაკლებში" დაწყებული უზარმაზარი მშენებლობა ანანიაშვილს უკავშირდებოდა. ამ ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის მსგავსი ორი უზარმაზარი შენობა შენდებოდა და ჟურნალისტებმა მეორე სახლის მეპატრონის ძიებაც დაიწყეს (ერთის მფლობელად ანანიაშვილი აღიარეს). მეორე სახლის პატრონიც მალე "აღმოაჩინეს" - პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი. საბოლოოდ, "გაირკვა", რომ ნინო ანანიაშვილი და დავით სააკაშვილი, ერთმანეთის მომიჯნავედ ორ უზარმაზარ სახლს აშენებდნენ, რომელთაგანაც თითოეულის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარი იყო. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. "ქრონიკამ" ამ სახლებთან დაკავშირებით ინფორმაციები მოიძია და აღმოჩნდა, რომ ეს უზარმაზარი მშენებარე ობიექტი, სხვა არაფერია, თუ არა მიხეილ სააკაშვილის მშენებარე რეზიდენცია. ცხადია, ისიც გავარკვიეთ, რატომ მიიჩნიეს მიჯრით მშენებარე სახლების მეპატრონეებად ნინო ანანიაშვილი და დავით სააკაშვილი.

საქმე ისაა, რომ ნინო ანანიაშვილი წყნეთში მართლა ფლობდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მაგრამ ის ნაკვეთი მან რამდენიმე წლის წინათ გაასხვისა. ეს ნაკვეთი იურიდიულმა კომპანია "ვისოლმა" იყიდა. "ვისოლის" არაოფიციალური მეპატრონე კი, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილია. თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ დავით სააკაშვილი ხშირად ჩნდებოდა ამ რეზიდენციის მშენებლობაზე და მისი ცნობა იქ მომუშავე ადამიანებს არ გაუჭირდებოდათ, მაშინ ცხადი ხდება, რატომ მიიჩნიეს ის და ნინო ანანიაშვილი ამ სახლების მეპატრონეებად. მართლაც, ნინო ანანიაშვილი აქ უბრალოა.

მისი მთელი "დანაშაული" ის არის, რომ "ვისოლს" 1000 კვ.მ მიწა მიჰყიდა და მის ყოფილ მიწის ნაკვეთში შენდება რეზიდენცია. ამ 8000 კვ.მ მიწიდან კიდევ 1000 კვ.მ ერთ ცნობილ პიროვნებას ეკუთვნოდა - კახი კალაძემაც "ვისოლს", ანუ დავით სააკაშვილს მიჰყიდა თავისი ნაკვეთი. დანარჩენი 6000 კვ.მ კი დავით სააკაშვილმა ადგილობრივი, წყნეთის მოსახლეობისგან შეიძინა.

თუმცა მთავარი წინ არის. უკვე 4 წელია, იმ 8000 კვ.მ მიწის ფართობზე გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს. "ქრონიკის" ინფორმაციით, აქ რეალურად ორი 4-სართულიანი სახლი შენდება, რომელთაც კიდევ 2 სართული მიწაში ექნებათ. ერთი სახლი 3000 კვ.მ ფართობზე შენდება, მეორე - დანარჩენ 5000 კვ.მ-ზე. სახლებს ცალ-ცალკე შესასვლელები აქვს, თუმცა, ისინი ერთ სახურავშია მოქცეული და ბეტონის კონსტრუქციითაც ებმის ერთმანეთს. ამასთანავე, ორივე სახლი განსხვავებული არქიტექტურითა და დიზაინით შენდება, მაგრამ სინამდვილეში ერთ რეზიდენციას წარმოადგენს.

იქ დასაქმებული მუშები საუბრობენ, რომ ამ მშენებლობას თავის დროზე დავით სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდნენ. პრეზიდენტის ძმა დღესაც ხშირად მიდის მშენებლობაზე. მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" მარცხისა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ეწურება, ამ საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის გამალებული ტემპი ერთი წამითაც არ შეჩერებულა. დავით კეზერაშვილი, ყოფილი ხელისუფლების არალეგალური ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მაკონტროლებელი, აქ ჩნდებოდა ფინანსური პოლიციის ყოფილ შეფთან, ლევან მხეიძესთან, ვანო მერაბიშვილთან და გივი თარგამაძესთან ერთად. ბოლო პერიოდში, ამ მშენებლობაზე უფრო ხშირად ლევან მხეიძე მოდიოდა. მუშებს აქ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და მისი მოადგილე, სოსო თოფურიძეც არაერთხელ შეუმჩნევიათ. მუშებისვე თქმით, თავის დროზე, მშენებლობის პროცესში ჩართული იყო რუსუდან კერვალიშვილის "ცენტრ პოინტი", მართალია, კერვალიშვილი თავად არ გამოჩენილა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ, "ცენტრ პოინტის" სამშენებლო ტექნიკა უსასყიდლოდ ემსახურებოდა ორივე სახლის მშენებლობას და ის ტექნიკა დღემდე არავის წაუღია. სავარაუდოდ, "ცენტრ პოინტის" მესვეურებმა, მიუხედავად გაკოტრებისა, თავის დროზე "ვეღარ შეჰბედეს" პრეზიდენტის ძმასა და კეზერაშვილს ასიათასობით ევროს ღირებულების ტექნიკის უკან გამორთმევა. რაც შეეხება სამშენებლო ტექნიკის საწვავით მომარაგებას, ამას მშენებლობის დაწყებიდან დღემდე "ვისოლი" უზრუნველყოფს.

მუშები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო რეზიდენცია, იტალიელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. კერძოდ, მიკელე დე ლუკის არქიტექტურულმა კომპანია "პერმა სტელიზამ". ეს ის მიკელე დე ლუკია, რომელმაც მეტეხთან, მტკვარზე გადებული შუშის ხიდი დააპროექტა და რომელსაც ოფიციალურად "მშვიდობის ხიდი" უწოდეს, ხალხი კი "ოლვეის ულტრას" ეძახის.

მიკელე დე ლუკის კომპანიის იტალიელი არქიტექტორები, როგორც მუშებმა მითხრეს, დაახლოებით ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ თბილისში, რამდენიმე დღე მშენებლობას დასტრიალებდნენ, მშენებლებს მითითებებს აძლევდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ბოლოს იტალიელები შარშან, მაისში ყოფილან თბილისში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მოწვევით. სააკაშვილს მშენებარე რეზიდენციიის ერთი ფლიგელი აღარ მოსწონებია, რომელიც თავდაპირველად არქიტექტურულ გეგმაში ყოფილა და გეგმის გადაკეთება მოუნდომებია - ამ ფლიგელის მონგრევა და სხვაგვარად აშენება. იტალიელებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, ადგნენ და მთელი ოთხი სართული მოანგრევინეს, პროექტში დამკვეთის ახირებისამებრ ცვლილებები შეიტანეს. ამ პროცესს, ფლიგელის მონგრევას, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია თურმე თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ. მუშები აცხადებენ, რომ იქ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება გამორიცხული იყო, მცირე გაუთვალისწინებელი ბიძგი და მთელი რეზიდენცია ჩამოიშლებოდა, ამიტომ მუშები 4 დღის განმავლობაში ანგრევდნენ ამ ფლიგელს, თუმცა, მათთვის დამატებითი სამუშაოების შესრულებისთვის არავის გადაუხდია. შარშანდელი მაისის შემდეგ, იტალიელი არქიტექტორები მშენებლობაზე აღარ გამოჩენილან.

ახლა იმის შესახებ, რატომ შენდება ერთი რეზიდენცია, ფაქტობრივად, ერთმანეთისგან სამოუკიდებელ 2 სახლად, რომლებიც მხოლოდ სახურავითა და ერთი დიდი ბეტონის კონსტრუქციით არიან გაერთიანებული. მუშები ამბობენ, რომ ეს სააკაშვილის იდეა ყოფილა. რეზიდენციის ერთი ნაწილი, უფრო მცირეა, რომელიც 3000 კვ.მ-ზე შენდება და ის მიშას საცხოვრებლად ნდომებია, ხოლო მეორე, რომელმაც 5000 კვ.მ მოიცვა, სასტუმრო დანიშნულებისაა. მოკლედ, მიშას მართლა დიდი იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩებოდა, ექვსი რეზიდენცია არ იმყოფინა და წყნეთშიც იშენებდა მეშვიდეს, მაღალი სტუმრების მიღებასაც აპირებდა და რეზიდენციის "პატარა სახლში" ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებასაც. არ დააცადეს საწყალს, თორემ დიდი სურვილი ჰქონია, რომ ეს ყოფილიყო მისი, ასე ვთქვათ, მუდმივი საცხოვრებელი რეზიდენცია, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებდა და საიდანაც სამსახურში - ავლაბრის რეზიდენციაში ივლიდა.

დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, რამდენი დაჯდება ამ რეზიდენციის მშენებლობა. თავად იქ დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ რეზიდენციის ორივე - დიდი და პატარა სახლების მარტო აშენება, 3 მილიონი დოლარი ჯდება. პრინციპში, ამხელა ხარჯი შესაძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ორივე სახლის 4-4 სართულის გარდა, მიწის ქვეშ კიდევ 2-2 სართული შენდება. საბოლოოდ გამოდის, რომ ეს 3 მილიონი 12 სართულის აშენებას მოხმარდება. ისიც გავიხსენოთ, რომ ნებისმიერი სამშენებლო მასალა, რომელიც ამ რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, განსაკუთრებული ხარისხისაა და მათი დიდი ნაწილი უცხოეთიდან შემოიტანეს. შეგახსენებთ, რომ 3 მილიონი დოლარი რეზიდენციის ე.წ. შავი კარკასის მშენებლობა ჯდება. მთლიანად რეზიდენცია კი - 8 მილიონი დოლარი. დანარჩენი 5 მილიონი 12 სართულის მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის, ულტრათანამედროვე რემონტისთვის, 12 სართულის ასევე უკანასკნელი მოდის ავეჯითა და სხვადასხვა აქსესუარებით მოწყობა-გაფორმებისთვის, ეზოს მოწყობისთვის არის განკუთვნილი. მოკლედ, წყნეთის საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობისთვის მთლიანად 8 მილიონი დოლარია განსაზღვრული, თუ ცხადია, სააკაშვილს დააცადეს და მისი აშენება დაასრულებინეს, როცა ის პრეზიდენტი აღარ იქნება. მუშები აცხადებენ, რომ ამ 8 მილიონ დოლარში შედის იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის ჰონორარიც. მათთვის უნცობია, თუ რამდენი გადაუხადა სააკაშვილმა დე ლუკის, მაგრამ ის კი სმენიათ, რომ იტალიელი მეტად კმაყოფილი დარჩენილა გასამრჯელოთი.

მიხეილ სააკაშვილის წყნეთის რეზიდენციის მშენებლობის ხარჯები მთლიანად სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა. მართალია, ამ სამსახურის დიდი ნაწილი, პრეზიდენტის მეურვეობას გამოეყო და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, მაგრამ ამ სამსახურის ფინანსური დოკუმენტაციის დიდ ნაწილს, დღემდე გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამ გრიფის მოხსნა კი საგანგებო საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. იმედია, ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდ ინტერესს მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციებში გახარჯული თანხების შესახებ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებასაც მიიღებს, გრიფ "საიდუმლოსაც" ახსნის სამთავრობო დაცვის სამსახურიდან გაწეულ ხარჯებს და ამის შემდეგ, იმასაც გავიგებთ დეტალურად, რეალურად რამდენი დაიხარჯა დღემდე წყნეთის ახალ, მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობაზე, მთლიანად რა უნდა დაჯდეს მისი მშენებლობა და სააკაშვილმა ჰონორარის სახით რამდენი გადაუხადა თავის საყვარელ არქიტექტორს - მიკელე დე ლუკის.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია