"სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ"

"სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ"

"ძალიან მეამაყება, არასოდეს პასიური რომ არ ვიყავი ჩემი სამშობლოს ბედის მიმართ. ყოველთვის მქონდა პოზიცია, ხშირ შემთხვევაში მართალი, ზოგჯერ შეიძლება არცთუ ისე მართალი, მაგრამ ჩემი რწმენის ერთგული ვიყავი"... - ამბობს ნიკა რურუა. იგი ვრცელ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და საზოგადოებაში დაგროვილ უამრავ შეკითხვასთან ერთად იმ ხალხსაც უპასუხა, ვინც 90-იან წლებს და მხედრიონს მისი მისამართით უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.

- ვერ ვიტყოდი, რომ დღეს განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა საქართველოში. დღეს საქართველო დემოკრატიული განვითარების საწყის ეტაპზეა. ეს არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია და ამას ახსნა არც სჭირდება... დემოკრატიის საწყისების ყველაზე ნათელი მაგალითი ის არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ პირველად მოხდა არჩევნების საშუალებით ხელისუფლების გადაბარება. ყველა ის სირთულეები, რასაც განვიცდით, აბსოლუტურად ბუნებრივია. შეცდომები, რასაც ახლა აშკარად ვუშვებთ,როგორც ქვეყანა და მანამდეც დავუშვით, გამოცდილების შეგროვების გარდაუვალი პროცესია. შეცდომების გარეშე სახელმძღვანელოებიდან ვერ ისწავლი დემოკრატიას. არ შეიძლება ის გადმონერგო და ამ გადმონერგილმა ხემ (დემოკრატიას ვგულისხმობ), თავისით გაიხაროს. ჩვენ ჩვენი წილი შეცდომები უნდა დავუშვათ, მაგრამ მთავარია, ამ შეცდომების შემდეგ თუ გვექნება დაკვირვების და კეთილგონიერების უნარი შეცდომები გამოცდილებად ვაქციოთ. ეს არის ჩემი ნერვიულობის ძირითადი მიზეზი... ამიტომ ისევ ვიმეორებ, რომ დღეს განსაკუთრებულად ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რაც უკვე ისტორიას ბევრჯერ უნახავს. მაგალითად, ძალიან არ მომწონს ახალი ხელისუფლების ტონი და ქმედება, ის, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და ცდილობს, ოპოზიციის (გუშინდელი ხელისუფლების), როგორც პოლიტიკური ოპონენტის გაქრობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, ახალი ხელისუფლება აუცილებლად ჩიხში შევა. მას არ ეყოლება სერიოზული მაკონტროლებელი ძალა და სავალალო მდგომარეობაში ჩაიგდებს პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ ქვეყანას დაღუპავს... ასევე არ მომწონს ახალი ხელისუფლების ხელმძღვანელის - ბიძინა ივანიშვილის "ნარცისისტული" და უპასუხისმგებლო განცხადებები.…

- რა განცხადებებს გულისხმობთ?

- განცხადებებს იმის შესახებ, რომ იგი ცოტა ხანში დატოვებს ხელისუფლებას, წავა და ასე შემდეგ... თუ მართლა ასეა, ძალიან კარგია, ამას მივესალმები, ე.ი. ეს ადამიანი არ არის შეშლილი ძალაუფლებაზე, მაგრამ ასეთი განცხადებები ეკონომიკას, ინვესტიციების შემოდინებას ძალიან აზიანებს. ინვესტორები ისედაც ძალიან დამფრთხალი არიან. ეს ძალიან მაშფოთებს, რადგან ჩვენ ჯერ საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ღარიბიც. ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს ძალიან უჭირს. ახალგაზრდებს, ხვალინდელი დღის ბატონ-პატრონებს, არ ეძლევათ შანსი, კარგი განათლება მიიღონ, რაც დიდი ტრაგედიაა. თუ კი რაიმეს დღეს განსაკუთრებულად მუქ ფერებში ვუყურებ, ეს სასკოლო განათლებაა. იგი ბევრად უხარისხოა, ვიდრე ის მინიმალური სტანდარტი, რაც ნორმალური მომავლისათვის საკმარისი და მისაღები იქნებოდა.

- განათლების მინისტრი დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი გახლავთ და...

- ვერ დავაბრალებდი ყველაფერს მხოლოდ გიორგი მარგველაშვილს. ეს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის... დღევანდელი სამინისტროს მიერ უფასოდ სახელმძღვანელოების დარიგებას არ ვეთანხმები. ძალიან უპასუხისმგებლო, პოპულისტური ნაბიჯია. სერიოზულად დაზარალდა წიგნის ინდუსტრია, წიგნის გამოცემის საქმე და შესაბამისად ეკონომიკა. ავტორებს წიგნები გამოსტაცეს ხელიდან, ვითომცდა კანონიერად, მაგრამ სრულიად არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი წინა მინისტრს. გამართლება არ აქვს არც წინა და არც დღევანდელ მინისტრს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში.

- თქვენ ზემოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ახსენეთ... თავად პრემიერი ამბობს, რომ ამ საკითხზე ნუ გავაკეთებთ ზედმეტ აქცენტებს, რადგან საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს... მისი თქმით, საუკეთესო მთავრობა შექმნა და ტოვებს... ეთანხმებით?

- ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი "პერფორმანსით" და ვფიქრობდე, თითქოს ძალიან კარგად მართავენ ქვეყანას. სახეზეა ძალიან ბევრი არაკომპეტენტური საქციელი, რომელიც აუცილებლად გამოვლინდება ძალიან ცუდ რეზულტატებში. მაგალითად, სრულიად არ მესმის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასიურობა... ამის ერთ-ერთი, სულ ახალი მაგალითია თუ როგორ ჩაატარეს სეპარატისტებმა, აფხაზეთის ოკუპაციურმა მთავრობამ "აფხაზეთის დღე" ევროპარლამენტში. ეს გამორიცხული იყო წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის პირობებში. ჩვენ ამას გავიგებდით და დავბლოკავდით. სეპარატისტებმა ისარგებლეს ეგრეთწოდებული ჩერქეზული დღით, მათი ეგიდით შეაღწიეს, ააფრიალეს თავიანთი დროშები და დაფიქსირდნენ, როგორც ლეგიტიმური თვითგამორკვევის სურვილით შეპყრობილი სახელმწიფო. ასეთი შეცდომები საქართველოს ძვირად დაუჯდება და ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა. ასევე აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის რეინტეგრაციის სამინისტროს ქმედებები და განცხადებები... დადებითად მეჩვენება და ნორმალურად მიმაჩნია რაღაც მიმართულებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა.

- რატომ?

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად ბევრი ყვირილისა, რომ კანონი ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ თითქოს გასაუქმებელია, ეს კანონი დაიცვა და ეფექტურად იყენებს. სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულს მეტ-ნაკლებად ებრძვის. თუმცა, ამავე დროს ძალიან არ მომწონს შეფერხებული პროცესი ჯიჰადის კლიპების შესახებ. ეს კლიპები არაფერია თუ არა ფსიქოლოგიური ომის იარაღი, რომელიც გამოყენებულ იქნა საქართველოს წინააღმდეგ. კლიპი არის საჯარო ისტერიის გამომწვევი და დივერსიის ერთ-ერთი ძალიან ღია გამოვლინება. ამიტომაც გამოძიება უფრო სწრაფად უნდა მოხდეს... რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ჩემი აზრით, აქაც ძალიან ბუნდოვნად არის საქმე. არ შეიძლება გადაჭრით ვთქვათ, რომ აი, 13 ათასი ფარული ჩანაწერის ფირი არსებობს და აქედან გამომდინარე, ეს არის სისტემური დანაშაული. ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რას ნიშნავს - სისტემური დანაშაული... სისტემური ჩავარდნა აშკარად იყო თუ ბევრი ჩანაწერი უკანონოდ არის გაკეთებული, მაგრამ როგორც ასეთი - სისტემური დანაშაული კოდექსში არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური განცხადება მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს დღევანდელი ოპოზიციის (გუშინდელი ხელისუფლების) დემონიზაცია და შემდგომ მოსპობა.

- თქვენი კულტურის მინისტრობის პერიოდში იმართებოდა ძვირად ღირებული კონცერტები, მიუზიკლები, ჯაზ-ფესტივალები, რაც ახლა ხშირად არის წამოძახების მიზეზი...

- სრული სისულელეა.. ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანას თუ შევეხებით, უდიდესი ვარსკვლავია მსოფლიოში და ასეთი დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იაფი არ ჯდება. სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ. რაც შეეხება ჯაზ-ფესტივალებს, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჩვენი დანარჩენ სამყაროსთან საუბრისათვის. ძალიან კარგია ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის, აჭარისთვის, ქვეყნის ზოგადი იმიჯისთვის და ჩვენ დღეს საკმაოდ კარგი "დიპლომატები" გვყავს ჯაზურ სამყაროში. ბექა გოჩიაშვილის, ბაჩანა მძინარიშვილის და სალიოს (სალომე კორკოტაშვილი) მსგავსი ვარსკვლავები ჩვენზე უდიდეს ქვეყნებს არ ჰყოლიათ... ამიტომ არ შეიძლება ჯაზ-ფესტივალების და ასეთი ღონიძიებების "მოკვლა". მას სჭირდება სახელმწიფოსგან ისეთი პირობების შექმნა, რომელსაც მხარს დაუჭერს კერძო სექტორი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია