ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს

ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს

ბათუმში მდებარე სტალინის სახლ-მუზეუმი სამი წლის წინ ბათუმელმა ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ იყიდა. ადგილობრივების თქმით, სტალინის მუზეუმს ბევრი დამთვალიერებელი ბოლო წლებში აღარ ჰყოლია, თუმცა მაინც გული დასწყდათ, მუზეუმის გაყიდვის შესახებ რომ გაიგეს.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ბათუმელებმა აღნიშნეს, სტალინის ჩიბუხი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე კომუნისტური ატრიბუტიკა შენობის გაყიდვის შემდეგ ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს. პუშკინის ქუჩაზე, სადაც მუზეუმი მდებარეობდა, ძირითადად, სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიებია გახსნილი. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის თქმით, ბიზნესმენმა ბაკურიძემ შენობა სწორედ მაღაზიების გაკეთების მიზნით იყიდა. უკვე ყოფილი მუზეუმის ეზოში სამუშაოები დაწყებულია. ეზოს მარჯვენა კუთხეში მუზეუმის შესასვლელს სტალინის ობელისკი ჯერაც ამშვენებს. კიდევ ერთი ობელისკი სახელწოდებით, "სტალინი 21 წლის ასაკში" შენობის ერთ-ერთ ოთახში სარემონტო მასალების გვერდითაა მოთავსებული. ამ ძეგლს მუხლის არეში დაზიანებები აქვს. სწორედ ამ წუნის გამო, მისი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა გადაიფიქრეს. რა ბედი ელის ამ ორ ობელისკს, სავარაუდოდ, ბიზნესმენის თენგიზ ბაკურიძის გადასაწყვეტია. შენობაში ამჟამად ბიზნესმენის მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ.

სტალინის სახლ-მუზეუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ბალანსზე ირიცხებოდა. შენობის გასხვისებას სამი წლის წინ ბათუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა. "ერთიანი კომუნისტური პარტიის" აჭარის ორგანიზაციის წევრები და "ქართველ მამულიშვილთა კავშირის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რეგიონში სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვა დაუშვებელი იყო. აღნიშნულ შენობას მუზეუმის სტატუსი 1936 წლიდან ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეს

ნინო ხოზრევანიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია