"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია

"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია

პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობას", შესაძლოა, კიდევ ერთი ან რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდეს. ყოველ შემთხვევაში, საუბარია ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე, ანზორ ბოლქვაძეზე, რომელიც "ნაციონალების" დატოვებას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, მაგრამ უმცირესობას დღემდე შემორჩა.

ამის პარალელურად, "რეზონანსის" ინფორმაციით, ბაქრაძის შეხვედრამ ივანიშვილთან "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გამოიწვია. ნაწილს ბაქრაძის ეს ქმედება არ მოეწონა, რადგან ჩათვალეს, რომ მან ლიდერობა უკვე საკუთარ თავზე აიღო.

თუ კიდევ ერთი "ნაციონალი" დეპუტატი პარტიის რიგებს გამოკლდა, "ქართულ ოცნებას" და მის მხარდამჭერ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, რაც 100 ხმას გულისხმობს, 2 დეპუტატიღა დააკლდებათ.

ბოლქვაძის უმცირესობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება, როგორც კი "ნაციონალების" შიგნით დაპირისპირებაზე იწყება საუბარი. მართალია, გუშინ უმცირესობა ერთმანეთს ღიად არ დაპირისპირებია, მაგრამ ღიად გამოხატეს აგრესია იმ დეპუტატების მიმართ, რომლებმაც უმცირესობა უკვე დატოვეს.

საუბარია სენაკის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილზე, რომელიც არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გამოდიოდა. ის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობასაც ასრულებდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ პარტიაც დატოვა და უმცირესობაც.

უმცირესობა კი გუშინ მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან ოპოზიცია ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "უმცირესობა არღვევს მორალის ნორმებს".

მისი თქმით, უმცირესობა დამოუკიდებელ მაჟორიტარებს ცილს სწამებს და "ნაძირლებს" უწოდებს და ახლა უფრო რწმუნდებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.მისაბიშვილის განცხადებას უმცირესობის საპროტესტო შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც მისაბიშვილი ლევან ბეჟაშვილისკენ გაემართა, თუმცა დაპირისპირება მანდატურმა განმუხტა.

საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით კი, "ნაციონალების" განსაკუთრებული აგრესია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე დეპუტატი უმცირესობის დატოვებას ისევ აპირებს. თუ ეს მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ვაჭრობის ყველანაირ ბერკეტს დაკარგავს.

შეგასხენებთ, რომ ხელისუფლებას რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილება აქვს მისაღები და ამისთვის აუცილებელია იმ სამი დეპუტატის თანხმობაც, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობამდე აკლდება. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც ითვალისწინებს: პრემიერის უფლებამოსილების შემცირებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში; საკონსტიტუციო ცვლილებისათვის და პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭირო კვორუმის 3/4-იდან (რომელიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში) ამჟამად არსებულ 2/3-მდე დაწევას; ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლების მინიჭებას (პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი); და, კონსტიტუციიდან პარლმენტის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ჩანაწერის ამოღებას.

უმცირესობის დატოვებას რამდენიმე დეპუტატი რომ გეგმავს, ამაზე საუბარი კარგა ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე ეს ვერ ან არ მოხერხდა. პრინციპში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ეს საკითხი არც არავის გახსენებია. მაგრამ ივანიშვილისა და ბაქრაძის შეხვედრის შემდეგ აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე წევრი დატოვებს.

უმცირესობასთან დაახლოებული პირები კი, რომელთა ვინაობასაც მათი თხოვნის გამო ვერ დავასახელებთ, "რეზონანსთან" ამბობენ, რომ ბაქრაძის შეხვედრამ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გამოიწვია. ნაწილს ბაქრაძის ეს ქმედება არ მოეწონა, რადგან ჩათვალეს, რომ მან ლიდერობა უკვე საკუთარ თავზე აიღო და ამის გამო "ნაციონალების" შიგნით არსებულ დაჯგუფებებს შორის საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაა.

საგულისხმოა აკაკი ბობოხიძის განცხადებაც, სადაც ის ითხოვს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა პარტიაში თანამდებობები უნდა დატოვონ და ახალი ლიდერები დასახელდეს. ეს განცხადება კი სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ პარტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ამ ფონზე კი უმცირესობის დატოვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი არის ის, რომ "ნაციონალების" აგიტაციის ფონზე, რომ პარტია ძალას იკრებს და მისი რეიტინგი იზრდება, უმცირესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლა სწორედ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ეს ასე არ არის და "ნაციონალები", უბრალოდ, თავის დამშვიდებას ცდილობენ.

მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია მეორე მიზეზი, რაც უმცირესობიდან დეპუტატებს წასვლის შესაძლო მიზეზად სახელდება და ეს უკვე ბაქრაძისა და ივანიშვილის შეხვედრას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ ბაქრაძეს "ნაციონალების" შიგნით არსებული დაჯგუფებები აღარ ენდობიან და ამიტომ თავის თავზე ვეღარ იღებს იმას, უმრავლესობასთან მოლაპარაკებები რამდენად გაგრძელდება და ამ პროცესში "ნაციონალები" რა როლს ითამაშებენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ რამდენიმე დეპუტატი უმცირესობას დატოვებს, მათზე ბაქრაძე აღარ იქნება პასუხისმგებელი და, თუკი ისინი ხმას მისცემენ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგება, ამის გამო ბაქრაძეს საკუთარი გუნდის წინაშე აღარ მოუწევს პასუხისგება.

ამ ინფორმაციაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ოფიციალურად არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. მაგრამ ფაქტია, რომ აქტიურად დაიწყო "ნაციონალებიდან" დეპუტატების წასვლაზე საუბარი.

უმცირესობიდან და ფრაქციიდან წასვლის თაობაზე ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ჯერ არ აპირებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, აღნიშნა, რომ "ბევრ რამეს გეგმავს, მაგრამ ვერ ასრულებს".

ამასთან დაკავშირებით თავად ფრაქციის ხელმძღვანელი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ "ბოლქვაძეს აქვს პრობლემები, რომელსაც უმრავლესობა იყენებს", თუმცა ბობოხიძეს იმედი აქვს, რომ ანზორ ბოლქვაძე პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს.

ბოლქვაძის უმცირესობიდან გასვლის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამიჯნული მაჟორიტარების კიდევ ერთი ფრაქცია შეიძლება შეიქმნას.

დღეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები არიან გოჩა ენუქიძე, იაშა შერვაშიძე, მარიკა ვერულაშვილი, გურამ მისაბიშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი. თუ მათ რიგებს ბოლქვაძეც შეუერთდება, ახალი ფრაქცია შეიქმნება.

ამასთან, "ნაციონალების" ყოფილი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე იმასაც ამბობს, რომ მათ არა მხოლოდ ანზორ ბოლქვაძე, არამედ სხვა დეპუტატებიც შეურთდებიან, რაზეც ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა