სუპერმარკეტში ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა

სუპერმარკეტში ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა

ზაფხულის დადგომასთან ერთად თანდათან უფრო საშიში ხდება ქუჩაში ჭამა. მით უფრო, როცა საქმე მალფუჭებად პროდუქტებს ეხება. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულს სულ მაქვს პრობლემა, რა ვჭამო. არჩევანი მართლაც რომ დიდი არ არის - შაურმა, საცხობში ნაყიდი პურ - ფუნთუშული, თუ სუპერმარკეტში მზა საკვები. დროის სიმცირის გამო საკვებ ობიექტებში შესვლის ფუფუნება არ მაქვს. ამიტომ თითქმის ყოველთვის სუპერმარკეტს ვირჩევ. თუმცა 10 ივლისს მომხდარმა ფაქტმა დამარწმუნა, რომ აქაც უნდა მოვერიდო ჭამას. ერთ-ერთ სუპერმარკეტში ჩემი თანამშრომლის მიერ ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა. სენდვიჩში აღმოჩენილი ობის დანახვისთანავე სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ.

სურსათის ერვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი 25 მომხმარებელმა შეიტანა. ჩვენს საჩივარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოხდა და სააგენტო სუპერმარკეტში პროდუქტის შესამოწმებლად შევიდა.

”სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მოქალაქისგან, რომელმაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიძინა გაფუჭებული პროდუქტი. ჩვენ მოვედით მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მოხდება ნიმუშის აღება და მისი ლაბორატორიული კვლევა. გარდა ამისა, შემოწმდება პროდუქტების შენახვის პირობები და რეალიზაციის ვადები”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სპეციალისტმა ხათუნა პაპალაშვილმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ”პოპულისა” და ”იოლის” მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელს ლადო ციმაკურიძეს დავუკავშირდით: ”ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი კარგად უნდა დადგინდეს და გამოიკვლიოს, ვერ მოგცემთ. ჯერ კარგად უნდა გავერკვეთ სიტუაციაში და საბოლოოდ დავრწმუნდეთ,რა იყო და რატომ მოხდა ყიდვიდან 6 საათის მერე, ჩვენსას რომ არ გავდა ისეთი პროდუქტის უკან მობრუნება. ეს 5 საათი სად იყო პროდუქტი? თუ ადამიანმა ნახა და იმ წუთშივე არ მოვიდა, რას ელოდებოდა, მით უმეტეს ასეთ სიცხეში და ასეთ მზეში სად იდო პროდუქტი?”

იოლის მარკეტინგის სამსახური ეჭვქვეშ აყენებს პროდუქტის შეძენიდან მის უკან მიბრუნებამდე პერიოდსა და შენახვის პირობებს, თუმცა მომხმარებელმა მის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები მოგვაწოდა, რომელიც შეძენიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს 4 დღეში წარმოადგენს. მე კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

ზაფხულში თავი შეიკავეთ გარეთ ჭამისგან, თუ სხვა გზა არ გაქვთ, მოერიდეთ ხორცეულსა და მალფუჭებად პროდუქტებს. საკვების ყიდვისთანავე შეამოწმეთ მისი ვარგისიანობა. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს მიერ ნაყიდი პროდუქტი სასურსათო სტანდარტებს არ შეესაბამება, მაშინვე სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართეთ, რადგან ამ პროდუქციას თქვენს გარდა უამრავი ადამიანი მოიხმარს, მათ შორის ბავშვები.

იხილეთ ფოტოგალერეა

ელენე ცინცაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია