"ჩემი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანის შინაგანი სამყაროა"

"ჩემი შემოქმედების მთავარი თემა ადამიანის შინაგანი სამყაროა"

თორმეტი პერსონალური და თხუთმეტი ჯგუფური გამოფენის მონაწილე კახა ჩხატარაიშვილის ფერწერა საკმაოდ ინდივიდუალურია და მაშინვე იქცევს ყურადღებას. მოგვიანებით მისი ფოტოხელოვნებით გატაცების შესახებაც შევიტყვეთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, "რეიტინგის" ფურცლები მისი ფერწერისთვის, გრაფიკისა და ფოტოებისთვის დაგვეთმო... 

- ხშირად ადამიანი მშობლების პროფესიას ირჩევს, თუმცა თქვენი მშობლები მხატვრები არ ყოფილან...

- მამაჩემი, ქველი ჩხატარაიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გახლდათ. სამწუხაროდ, 1995 წელს გარდაიცვალა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა. შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მამა მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო, იცოდა შვიდი ენა, სწავლობდა საქართველოს ისტორიისა და სამხედრო ისტორიის საკითხებს... კარგად იცნობდა ხელოვნების ისტორიას, უყვარდა პოეზია და ახალგაზრდობაში მშვენიერ ლექსებსაც წერდა. საოცრად საინტერესო ადამიანი გახლდათ. სახლში მამის დატოვებული დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს, სადაც ისტორიის, ხელოვნების ისტორიის, ბიბლიოგრაფიული იშვიათობების გარდა, არის უამრავი წიგნი მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესახებ, მრავალრიცხოვანი უცხოენოვანი ლიტერატურა და მხატვართა ალბომები, ასევე ლიტერატურა ფოტოგრაფიაზე. მამა ახალგაზრდობიდან გატაცებული ყოფილა ფოტოგრაფიით და კარგ ფოტოებსაც იღებდა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის შვილების განათლების საქმეში. დედა, დოდო მახარაძე, მედიცინის მუშაკია, თუმცა უკვე რამდენიმე წელია პენსიაზეა. იგი 46 წლის განმავლობაში თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ხელოვანი არ არის, მიმაჩნია, რომ უნიჭიერესი დიზაინერია. დედა შესანიშნავად კერავდა. შვილები მისი შეკერილი სამოსით კარგა ხანს ვიწონებდით თავს. იგი სილამაზის დიდი ტრფიალია და ყველაფერს მოხდენილად აკეთებს. სამწუხაროდ, ახლა ავადმყოფობს. მყავს და, რომელიც ისტორიკოსია, მაგრამ მასაც საოცრად უყვარს ხელოვნება. ალბათ სწორედ ხელოვნების სიყვარულით სავსე გარემომ განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია.

- ბავშვობაში ყველა ბავშვი ხატავს, ალბათ თქვენც არ იქნებოდით გამონაკლისი...

- მეც, როგორც ბევრი ბავშვი, პატარაობიდან ვხატავდი და ვძერწავდი. ჩემი მაშინდელი ნახატები დედას დღემდე შენახული აქვს. ბავშვობაში ვხატავდი პეიზაჟებს, მსიამოვნებდა ცნობილ მხატვართა ნამუშევრების კოპირება, დიდი გატაცებით ვხატავდი პორტრეტებს. ერთი წელი პიონერთა სასახლეშიც დავდიოდი ძერწვის წრეზე, თუმცა შემდეგ უფრო მეტი დრო ზოგად განათლებას დავუთმე.

- ფოტოგრაფიამ როდ­ის გაგიტაცათ? ფოტოებზე ძვ­ელი თბილისის ხედები, პო­რტრეტები ვნახე. რომელ თემაზე მუშაობაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო?..

- ფოტოგრაფიით თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას დავინტერესდი. სახლში გვქონდა მამის ფოტოაპარატი "ზენიტი". პირველი სურათები სწორედ ამ აპარატით გადავიღე. ფოტოგრაფიით ჩემი გატაცება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ინტენსიურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან. ცოტა ხანს სახელმწიფო არქივის კინო-ფოტო-ფონოარქი­ვშიც ვიმუშავე. ისევე როგორც მხატვრობაში, პორტრეტი ჩემთვის ფოტოგრაფიაშიც გამორჩეული თემაა. მე მაინტერესებს ადამიანის სულიერი სამყარო, ხასიათი, განწყობა, ფსიქოლოგია... ძალიან მიყვარს ძველი თბილისის და სხვა ქალაქების ხედების გადაღებაც. თუმცა ქანდაკება იქნება, მხატვრობა თუ ფოტოგრაფია, ჩემი შემოქმედების მთავარი თემა მაინც ადამიანი და მისი შინაგანი სამყაროა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია