97 ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

97 ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ასეთ პირთა რიცხვი 97 ათასს აღემატება, მათ შორის 70 ათასზე მეტი თბილისში ცხოვრობს.

არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ძირითადად იმ პირებს შეეხება, რომლებიც სხვადასხვა მისამართზე იყვნენ მიწერილები და მეპატრონეების განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნეს. ცესკოს სხდომაზე საკითხმა, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს ეხებოდა, საჭირო ცხრა ხმა ვერ მოაგროვა.

"კომისიის სხდომაზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო 9 ხმა იყო, სხდომაზე საკითხი დააყენა ცესკოს თავმჯდომარემ, ხმა არ მისცეს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა", - უთხრა "რეზონანსს" ცესკოს პრესსპიკერმა ეკა ხარაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ასეთმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა 2012 წლის ოქტომბრის და 2013 წლის შუალედურ არჩევნებშიც მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თემურ მაისურაძის განცხადებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების მონაცემებს ყოფილი ხელისუფლება საარჩევნოდ თაღლითური სქემებისთვის იყენებდა. მისივე განმარტებით, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და პარლამენტი მუშაობს მექანიზმზე, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

"ეს საკითხი განიხილება, ჩვენ ვფიქრობთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. წინა ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, თაღლითური მოქმედება გააკეთა. ანუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თავიანთ მისამართზე მიიწერეს ადამიანები.

ჩვენთვის ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გახდა ცნობილი, მაგალითად, მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის სახლში 5 პიროვნება ჩაიწერა, მერე ისინი თავისი ნებით მოხსნა რეგისტრაციიდან, თუმცა ეს პიროვნებები საერთოდ არ იყვნენ საქმის კურსში.

"იმ დროს მოქმედი კანონი ითვალისწინებდა, რომ ეს ადამიანები ძველი რეგისტრაციის ადგილზე 6 თვე უნდა დარჩენილიყვნენ, ანუ რეალურად აღმოჩნდა, რომ ამ პირებს საშუალება ჰქონდათ, ხმა ორგან მიეცათ", - აცხადებს მაისურაძე "რეზონანსთან" საუბარში.

"ძირითადი პრობლემა ამ ადამიანების საცხოვრებელი ადგილის გარკვევაა. შემდეგ საჭიროა შეჯერება. იმის თქმა, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ვიღაც სიის გარეშე დარჩეს და მოქალაქეებს არ მისცეს არჩევანის გაკეთების უფლება სიცრუეა.

ასეთი მოთხოვნაც იყო, რომ ადამიანები, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნეს, ცალკე საარჩევნო სიებში ყოფილიყვნენ შეყვანილები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, რომელიც, ერთი მხრივ, არ შეუზღუდავს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ამავე დროს არ აღმოჩნდეს, რომ ერთი და იგივე პირი სიაში ორგან იყოს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მოქალაქეს ორ-ორი და სამ-სამი პირადობა ჰქონდა. ამ საკითხის მოგვარება ძალიან გვინდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მოესწროს", - დასძენს თემურ მაისურაძე.

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებისა და უმისამართო პირადობის ქონე პირების გამოყენებით გაყალბების სქემაზე საუბრობს, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, თუმცა აცხადებს, რომ ეს ხერხი შუალედურ არჩევნებზე "ოცნებამაც" გამოიყენა.

"საქმე ისაა, რომ სწორედ ამ რეგისტრაციიდან მოხსნილებით ყალბდებოდა არჩევნები. მე თვითონ ნაძალადევში კორძაიამ 6000 ხმა ამ მეთოდით მომპარა. ძალიან მარტივი მექანიზმია: რეგისტრაციიდან მოხსნილია ადამიანი, რომელსაც მისამართი არ აქვს და ვერასდროს ვერ გადაამოწმებ, სად ცხოვრობს. ეს არის ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც მუდმივად ჰქონდა ხელისუფლებას და რომლითაც არჩევნები ყალბდებოდა.

საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, ხელისუფლება უკვე შეცვლილია, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლქვეშ. ახლა ამ ძალას უკვე გაყალბებული არჩევნები არ სჭირდება, პირიქით. ამიტომ შემოიტანეს ეს საკითხი და "ქართულმა ოცნებამ" ხმა წინააღმდეგ მისცა. დღეს ორივე მხარის ლუსტრირება მიმდინარეობს - "ნაციონალური მოძრაობა" ახლა აკეთებს იმას, რაც მაშინ უნდა გაეკეთებინა, როცა ხელისუფლებაში იყო და "ქართულ ოცნებას" არ სურს იმ მოთხოვნის შესრულება, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს თვითონ აყენებდა.

"ქართული ოცნება" შეეცდება იგივე არჩევნების ჩატარებას, რაც ჩაატარა "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმიტომ, რომ მარგველაშვილი სამართლიან არჩევნებს ვერ მოიგებს", - აცხადებს კახა კუკავა "რეზონანსთან" საუბარში.

"ეს ხალხი, 70 ათასი ადამიანი, საარჩევნო სიებს 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაამატეს. მანამდე ამას "მოქალაქეთა კავშირი" აკეთებდა, ოღონდ თითოეულ უბანზე ორ პასპორტს ამატებდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ციფრი გაზარდა და ვიცი, რომ მარტო ნაძალადევში პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის სიებს 12 ათასი ადამიანი დაემატა.

რეგისტრაციიდან მოხსნილები, ერთი მხრივ, ძალიან დიდ რესურსს იძლევა გაყალბებისათვის და, მეორე მხრივ, პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გაკონტროლება იმიტომ, რომ ვერ გადაამოწმებ, სად ცხოვრობს.

ნაძალადევში შუალედურ არჩევნებზე 6 ასეთი უბანი წავაგე, ვერასდროს ვერ გავიგებ, ეს ხალხი ვინ არიან და რატომ არ მომცეს ხმა. ნაძალადევში 100 უბანია, 94 უბანზე სტაბილურად 20-25-30 პროცენტი მივიღე, მაინცდამაინც ამ 6 უბანზე მქონდა ნული პროცენტი, ლოგოკას ხომ ეწინააღმდეგება", - დასძენს კუკავა.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის სამართლებრივ მხარეზე საუბრობს.

"ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით პოზიციას, რომლის თანახმადაც მოქალაქე ხმას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა აძლევდეს. რადგან ეს არის პრინციპი, რის გამოც ადამიანები არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია.

ყველა ასეთმა ადამიანმა, რომლებმაც საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო, უნდა იცოდეს, რომ ასე აღარ იქნება და დროულად გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რა თქმა უნდა, იყო საუბარი, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების გამოყენება შეიძლებოდა არჩევნების გაყალბების მიზნით, მაგრამ მთავარი აქ სამართლებრივი საფუძვლებია, სწორედ უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმების დაცვა. ანუ პრინციპი, რომ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცენ ხმა მოქალაქეებმა, უნდა იყოს დაცული", - განმარტავს ელენე ნიჟარაძე.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა