ნიკო გომელაურის 43-ე დაბადების დღე

ნიკო გომელაურის 43-ე დაბადების დღე

ყველასთვის საყვარელ მსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს დღეს, 12 ივლისს 43 წელი შეუსრულდებოდა. უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ არის... ამ დღის აღსანიშნავად, მისი პოეზიის თაყვანისმცემლებმა და ფანებმა, რომლებიც არც ისე ცოტანი არიან, დილიდანვე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიწყეს შეკრება. როგორც ამბობენ, პანთეონის ტერიტორიაზე ნაკადი არ წყდებოდა...

ნინა ჩოდრიშვილი, ნიკოს მეუღლე:

- ნიკოს საფლავზე 5 საათისთვის მოვედი და უამრავი ხალხი დამხვდა. არადა, "ფეისბუქზე" მის თაყვანისმცემლებს გამოცხადებული ჰქონდათ, რომ 5 საათისთვის უნდა შეკრებილიყვნენ, მაგრამ აქ ადამიანების, ახალგაზრდების მსვლელობა, როგორც დამლაგებელმა მითხრა, თურმე დილიდან დაწყებულა. მოდიოდნენ, მოჰქონდათ ყვავილები, სვამდნენ შესანდობარს, კითხულობდნენ ლექსებს... მოკლედ, დილიდან საპანაშვიდო სიტუაცია ყოფილა. კიევიდან ჩამოვიდა უცხო სტუმარი, რომელმაც ნიკოს ხსოვნას ლექსი მიუძღვნა და სახსოვრად გადმოგვცა...

- ქალბატონო ნინა, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დღე?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ვარ მხიარული, გახარებული, კარგ გუნებაზე. ამ დღეს არანაირი სევდა არ ახლავს. სხვათა შორის, დილიდან ასეთი განწყობილებით გავიღვიძე... დღეს ათენში ასევე ტარდება ნიკოს საღამო, რომელიც სალონიკშიც უნდა გაიმართოს, საღამოს ორგანიზატორები ქართულმა დიასპორამ გერმანიაშიც დაპატიჟა... ნიკოს გარშემო შექმნილი ასეთი რეზონანსი მე მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერს მხდის, მამხნევებს და საოცარ ძალას მმატებს. ნიკოს დაბადების დღეზე მოსული ადამიანები წინა წლებში ძირითადად ნიკოს ლექსებს კითხულობდნენ. გუშინ კი მათ, ვინც აქ მოსვლას აპირებდა, "ფეისბუკის" საშუალებით მივმართე და ვთხოვე, რომ წელს ცოტა განსხვავებული ყოფილიყო და საკუთარი ლექსები წაეკითხათ. ჰოდა, ახლა სწორედ ისეთ დროს დამირეკეთ, რომ აქ ჭეშმარიტი პოეზიის ზეიმია!

- დღევანდელი დღე ასე დამთავრდება თუ კიდევ ექნება რაიმე გაგრძელება?

- ნიკოს ბავშვობის მეგობრები მის დაბადების დღეზე ტრადიციულად იკრიბებიან ხოლმე და იქ ალბათ, მეც მივალ...

- როგორც მახსოვს, ნიკოს აუდიოდისკზე მუშაობდით. უკვე დასრულდა?

- ნიკოს აუდიოდისკი ცოტა ხანში დასრულდება, რომელშიც შედის ნიკოს მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები, ასევე მისი საუბრები ამა თუ იმ თემაზე მსჯელობა. მოკლედ, ამ ჩანაწერს მივაგენი და მომინდა, მისთვის ასეთი ფორმა მიმეცა. სექტემბერში ალბათ ალბომის პრეზენტაციას გავმართავ. ამასთან, აღნიშნულ დისკს კიდევ ერთი დისკი დაერთვება, რომელშიც ნიკოს მიერ წაკითხული (სხვადასხვა ავტორის) 126 ლექსი შევა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია