ვლადიმერ ბედუკაძე პატიმარ რატი რეხვიაშვილის დედამ მისი შვილის წამებაში დაადანაშაულა

ვლადიმერ ბედუკაძე პატიმარ რატი რეხვიაშვილის დედამ მისი შვილის წამებაში დაადანაშაულა

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე გადაცემა "ღია ეთერში" პატიმარ რატი რეხვიაშვილის დედამ მისი შვილის წამებაში დაადანაშაულა.

"მე ვარ რატი რეხვიაშვილის დედა. თქვენ ამბობთ, რომ თურმე წამებაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგრამ რა ვუყო ჩემს დასერილ შვილს, რომელსაც შენ მარილს აყრიდი, აწამებდი, რომ "საქათმეში" შეგეყვანა?! რა ვუყო იმ ჩემს გაწამებულ შვილს, რომელმაც დღეს გაიგო, რომ მწამებელი ბედუკაძე, რომელიც იმას აკეთებდა, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, დღეს გმირი გამოდიხართ და უსირცხვილოდ თავს არ ხრით?!. არ გრცხვენიათ?! ვინ გთხოვდათ, რომ ისედაც წამებული პატიმარი გეწამებინათ?! ვინ იდგა თქვენს უკან?!", - მიმართა პატიმრის დედამ ბედუკაძეს და იქვე განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებით მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დაზარალებულ ადამიანებს "ლაფი დაასხა".

ციხის კადრების ავტორმა პატიმრის დედას გადაცემაშივე უპასუხა და აღნიშნა, რომ რატი რეხვიაშვილს საერთოდ არ იცნობს. "მე ვიცი რატი რეხვიაშვილის ისტორია პრესის ფურცლებიდან, რომ მან სავაჭრო ცენტრში მოკლა პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არ მიმიღია დაწესებულებაში, მისთვის თითი არ დამიდია", - აღნიშნა ბედუკაძემ, რომლის მტკიცებითაც, პატიმრის დედა, რომელიც მისი შვილის წამებაში ადანაშაულებს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი იყო.

ბედუკაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

"დღესვე მზად ვარ ჩემი საქმე გამოეყოს 17 ბრალდებულის საქმეს და დაიწყოს ცალკე ძიება", - განაცხადა ბედუკაძემ გადაცემა "ღია ეთერში" საუბრისას. მისივე მტკიცებით, მზადაა იმისთვისაც, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

ამასთან, ბედუკაძის თქმით, თუ მისი საპყრობილეში ყოფნა ქართველი ხალხის მოთხოვნა იქნება და ეს საზოგადოების გამთლიანებას რამენაირად ხელს შეუწყობს, მზად არის მთავარ პროკურატურას თხოვნით მიმართოს და საპატიმროში "დღესვე წავიდეს".

რაც შეეხება მთავარი პროკურორის მიერ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას, ბედუკაძის თქმით, არჩილ კბილაშვილმა კანონმდებლობის იმ მუხლით ისარგებლა (218-ე მუხლის მე-8 ნაწილი), რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 17 ივნისს "ვიღაცისთვის" შესწორება შეიტანა.

ვლადიმერ ბედუკაძე ასევე ადასტურებს, რომ ერთ-ერთ ვიდეომასალაში მისი ხმა ისმის და წამების მსხვერპლს მიმართავს. როგორც ბედუკაძემ განაცხადა, მისი ხმა იყო აუცილებელი გარემოება და პირობა, რომ ვიდეოფირებს "გავლენა მოეხდინა".

"ვადასტურებ, რომ ჩემი ხმა ისმის. დიახ, მსხვერპლს მივმართავ, მაგრამ ხმა იყო აუცილებელი გარემოება და პირობა, ამას უნდა ჰქონოდა გავლენა. მე ვიღებდი სპეციალურად და იმ განწყობით, რომ სააშკარაოზე გამომეტანა", - განაცხადა ბედუკაძემ და იქვე აღნიშნა, რომ მას შეეძლო სააშკარაოზე 5 ვიდეომასალიდან 2, რომელშიც მისი ხმა ისმის, არ გამოეტანა, მაგრამ ეს გააკეთა.

ამასთან, ბედუკაძის მტკიცებით, მას პატიმრების წამებაში მონაწილეობა არ მიუღია. "ვეთანხმები პრემიერის პოზიციას, რომ წამებაში ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გათავისუფლდეს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან. რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ მე წამებაში არ ვმონაწილეობდი, მე მხოლოდ ვიღებდი", - აღნიშნა ბედუკაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ