თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი პრეტენზია გამოითქვა, რომელთაგან უმრავლესობა ბრიგადების გამოძახების ადგილზე დაგვიანებას ეხება. მაგალითად, დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ სასწრაფომ დააგვიანა და ბარძაყში დაჭრილი ელხან ემინოვი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა იოსებიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობასთან დაკავშირებით - მეზობლების ცნობით, ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ. ამ და სხვა საკითხებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი დირექტორი შალვა ბრაჭული გვესაუბრება.
- გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, პეტრიწის ქუჩაზე სასწრაფოს არ დაუგვიანია. აგერ კომპიუტერული პროგრამა. 112-დან მისამართის გადაცემის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი 8 წუთში ადგილზეა მისული. ჩვენმა ჯგუფმა იმდენი დრო დაკარგა, რამდენიც ტრანსპორტირებას სჭირდებოდა. ემინოვს ბარძაყის არტერია ჰქონდა გადაჭრილი. ეს ისეთი რამ არის, სასწრაფო 3 წუთშიც რომ მისულიყო, გადარჩენის შანსი ნაკლებად ჰქონდა. რაც შეეხება იოსებიძეზე მომხდარ მკვლელობას - მაგაზე ვერაფერს გეტყვით, ამ გამოძახების დრო არ გადამიმოწმებია, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ასეთი გამოძახებისას სასწრაფო არ იგვიანებს. ჩვენ სადისპეტჩერო არ გვაქვს, ზარი 112-ის ოპერატორთან შედის და ოპერატორი განსაზღვრავს, რამდენად პრიორიტეტულია ესა თუ ის გამოძახება და ამის მიხედვით გადასცემს სასწრაფოს. მე არ ვიცი, ოპერატორები როდის გადასცემენ ინფორმაციას, მაგრამ, როგორც კი 112-დან სასწრაფოში შემოდის მისამართი, ჩვენი ბრიგადები ადგილზე დროულად მიდიან, თუკი გზაში რაიმე სხვა ობიექტური მიზეზით არ მოხდა შეფერხება.
- პირადად ვარ მოწმე, როცა სასწრაფომ ერთ-ერთი გამოძახებისას თითქმის ერთი საათით დააგვიანა...
- გააჩნია, რა გამოძახება იყო. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გამოძახებები პრიორიტეტების მიხედვით ლაგდება. როცა ზარი შემოდის ჰიპერტენზიაზე, ანუ მაღალ წნევაზე, ოპერატორი თავისუფალ ბრიგადას პირველ რიგში დაჭრილ ან სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან გზავნის და შემდეგ მაღალწნევიანთან.
- ოპერატორისთვის ძნელია ზუსტად შეაფასოს რისკები და განსაზღვროს, იმ ადამიანის სიცოცხლისთვის რამდენად სარისკოა თუნდაც ის მაღალი წნევა, ხომ შეიძლება, სასწრაფოს დაგვიანების შემთხვევაში პაციენტს წნევამ დაარტყას? ფაქტია, რომ ბრიგადები საკმარისი არ არის.
- თუ მოქალაქეებმა ასეთი ტემპით გამოიძახეს სასწრაფო, ბრიგადები მუდამ არასაკმარისი იქნება. ზოგჯერ ნათურის გადაწვის გამოც კი იძახებენ, ან იმიტომ, რომ მთელი კვირა სიცხეები ჰქონდათ და პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრში ჩასვლა ეზარებათ. ზარების რაოდენობა ძალიან დიდია. შეხედეთ, პროგრამულად გაჩვენებთ, ამ წუთში 80 ბრიგადიდან 7 ბრიგადაა თავისუფალი.
- როგორც ვიცი, ყველაზე მეტი გამოძახება საღამოს საათებშია. თუკი პასიურ პერიოდში მხოლოდ 7 ბრიგადაა თავისუფალი, აქტიური გამოძახებებისას სულ მნიშვნელოვანი ზარები რომ შემოვიდეს, ფაქტია, სასწრაფო ყველგან დროულად ვერ მივა.
- მერია გვპირდება, რომ ზამთრის სეზონზე 10-20 ბრიგადამდე დაგვიმატებს.
- აქამდე რატომ ვერ მოხერხდა მათი რაოდენობის გაზრდა, ამის საჭიროება ხომ ყოველთვის იყო?
- ადრე გამოძახებებს პირდაპირ სასწრაფო იღებდა და ზარების მეტ-ნაკლებად გაფილტვრა ხდებოდა. ზოგჯერ სატელეფონო კონსულტაციაც საკმარისი იყო და ჩვენს ჯგუფს ადგილზე მისვლა აღარ უწევდა. ახლა ზარებს 112 იღებს და ოპერატორი პაციენტს სიღრმეებში არ მიჰყვება, არ ეკითხება დეტალებს, ამიტომ ყველა გამოძახებას იღებს.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების დამატება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 112-ის სამსახური შეიქმნა? როგორ ფიქრობთ, ქალაქში, სადაც მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, 80 ჯგუფი საკმარისია?
- დამიჯერეთ, ამ ქალაქს 80 ბრიგადა კი არა, 180 არ ეყოფა. რისკების პრევენციას ვერასდროს შევძლებთ. სანამ პირველადი ჯანდაცვის პრობლემები არ მოგვარდება და მოქალაქეები პროფილაქტიკურ მკურნალობას არ დაიწყებენ, სანამ არ ისწავლიან, რომ უმნიშვნელო რამეზე საწრაფო არ უნდა გამოიძახონ და ჩვენი ჯგუფი არ უნდა დააკავონ, როცა ამით შეიძლება სხვა დაზარალდეს, მანამდე როგორც არ უნდა გავზარდოთ რაოდენობა, მაინც არასაკმარისი იქნება. ერთხელ რვა გამოძახებაზე გავედით და არსობრივად არც ერთი არ იყო სასწრაფო. მაგალითად, თუ დაიწყება ჰიპერტენზიის პროგრამული მკურნალობა, მოქალაქეები მაღალი წნევის გაკონტროლებას შეძლებენ და ამის გამო სასწრაფოს გამოძახება აღარ მოუწევთ.
- როგორც ცნობილია, გამოძახებაზე მიმავალი სასწრაფო დახმარების ძველი და გაუმართავი ავტომობილები ხშირად გზაშივე ფუჭდება, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. ამის შესახებ თუ იყო მერია ინფორმირებული და რატომ არ ახდენდა რეაგირებას?
- გეთანხმებით, ძალიან ხშირად ავტომანქანა გზაში ფუჭდება და ადგილზე მისვლა აგვიანდება. ავტოპარკი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა განახლებულიყო. სამწუხაროა, როცა პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული. დასუფთავების სამსახურსაც კი ახალი მანქანები ჰყავს და კარგად ჩაცმულ-დახურულები არიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კი ხუთი წელია ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ. ავტომანქანები ხომ საერთოდ არ გამოცვლილა. ასეთი, დატვირთვის ავტომანქანები, 200-300 ათას კილომეტრს რომ გადის, მალე უნდა შეიცვალოს, არ უნდა ელოდო, როდის გაფუჭდება. მანქანის გაფუჭების გამო, რამდენჯერ მე თვითონ გამიყვანია ექიმები ადგილზე. ასე იქცევიან ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ღამის მორიგეობა გვაქვს დაწესებული. ვიდრე ასეთი რეალობაა მხართეძოზე წამოწოლის უფლება არ გვაქვს. საბედნიეროდ, ეს პრობლემა მალე მოგვარდება. ძალიან მალე მთლიანად განახლდება ჩვენი ავტოპარკი, ოთხმოცივე ბრიგადას ახალი ავტომობილი ეყოლება.
მარი ონეზაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)