ვახტანგ რჩეულიშვილი - მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ

ვახტანგ რჩეულიშვილი - მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს გირაოს ის თანხა, რომელსაც პროკურატურა აღმკვეთის ღონისძიების შუამდგომლობაში სთხოვს - მილიონ-მილიონი ლარი არ გააჩნიათ. ამის შესახებ სასამართლო პროცესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 2 მილიონი ლარი რომ არსებობდეს, დავალიანებების დიდი ნაწილი დაფარული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ვახტანგ რჩეულიშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს დეპუტატთა თავდებობის შუამდგომლობას.

რაც შეეხება გირაოს ალტერნატივას, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, რუსუდან კერვალიშვილს საერთოდ არაფერი გააჩნია. ხოლო მაია რჩეულიშვილის სახელზე გაფორმებულია ბათუმის "თეთრ მაგნოლიაში" 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, თუმცა ამ ფართობის გირაოში ჩადების შემთხვევაში ვერ მოხდება დაზარალებულთა დაკმაყოფილება.

"5 ათასი კვადრატული მეტრიდან ათასი გაცემულია, 4 ათასი კვადრატული მეტრი კი წარმოადგენს 4 მილიონი დოლარის ქონებას, თუმცა ეს მაიას განკუთვნილი აქვს ვალდებულებების შესასრულებლად, ამიტომ მიმაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თავდებობის შუამდგომლობა", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მაია რჩეულიშვილი უკვე მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, რომლებიც თავდებში უდგებიან. საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი დაკავებულის "დექსუსის" დამფუძნებლის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ივანე ცაგურიას სულ ცოტა ხნის წინ ბრალი დაუმძიმეს კრედიტორებისათვის ქონების გადამალვის შესაბამისი მუხლით.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალის დამძიმება დაკითხვის გარეშე მოხდა. რაც შეეხება დღევანდელ აღმკვეთ ღონისძიებას, გვენეტაძის ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოში შესულია შუამდგომლობით, რომ ცაგურიას პატიმრობა შეეფარდოს.

ადვოკატი აცხადებს, რომ იგი პროცესზე მოითხოვს არ იქნეს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე გამოყენებული, ალტერნატივად კი ივანე ცაგურია 15 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლონ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. სასამართლოს დერეფანში "დესუსისა" და "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლებთან ერთად შეკრებილები არიან დაზარალებულებიც.

ამასთან, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს თავდებში 16 დეპუტატი უდგება. როგორც რჩეულიშვილი აცხადებს, დეპუტატების ნაწილი შეწუხებულია მათ მიმართ მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებით.

"დეპუტატებს შორის ძირითადად უმრავლესობის წევრები არიან. მე როგორ ვიცი ხელი მოაწერა 16-მა დეპუტატმა. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები "მრეწველები" არიან", - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

მისივე თქმით, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს თავდებში უდგებიან გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე.

"ეს ადამიანები ბიზნესმენები არიან და კარგად ესმით ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს "ცენტრ პოინტს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

პროკურატურა, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა