საზღვარგარეთ შექმნილი ქართული ოჯახები

საზღვარგარეთ შექმნილი ქართული ოჯახები

საქართველოში ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომლის ნათესავი თუ არა, ერთი ნაცნობი მაინც არ ცხოვრობდეს საზღვარგარეთ და იქ არ ცდილობდეს ცხოვრების აწყობას. ქართველები უცხო ქვეყანაში, ძირითადად, მატერიალური პირობების გასაუმჯობესებლად მიდიან, თუმცა ნათქვამია: სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ქართველი ემიგრანტები, მატერიალურთან ერთად, პირადი ცხოვრების აწყობასაც საზღვრებს მიღმა ცდილობენ. ბოლო დროს იმდენი ქართველი ახლობლისა თუ ნაცნობი ემიგრანტის გაბედნიერების ამბავი შევიტყვე, რომ ამის შესახებ დაწერაც კი გადავწყვიტე, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან ემიგრანტების უმრავლესობას საქართველოში ოჯახები ჰყავს დატოვებული. მერე დრო თავისას შვრება. მაგალითისთვის კიდევ ერთ ანდაზას მოვიშველიებ: თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო. უცხო ქვეყანაში ხომ ყველა ქართველი ერთმანეთის ახლობელია, გრძნობაც ჩნდება და ხშირად ისე იქმნება მეორე ოჯახი, პირველიდან კანონიერი განქორწინებაც რომ არ აქვთ მიღებული. ამის გამო, ბევრმა წყვილმა ინტერვიუზე უარი მითხრა. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, საუბარზე მაინც დავითანხმე იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდი.

ხატია:

- სტუდენტი ვიყავი, როცა ცოლად თანასოფლელს გავყევი. მატერიალურად ჩემს ოჯახსაც უჭირდა და არც მისი ოჯახი იყო შეძლებული. შესაბამისად, ვერავინ გვეხმარებოდა. ჩვენ სტუდენტები ვიყავით და ქირით ვცხოვრობდით. სხვა გზა არ მქონდა, ერთ-ერთ რესტორანში, ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა და ლექციების მერე ვმუშაობდი. მეუღლეს ძალიან გაუჭირდა სამსახურის მოძებნა. ბოლოს, ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშად მოეწყო, მაგრამ მოგეხსენებათ, სამშენებლო ბიზნესი რა მდგომარეობაშიც იყო და ერთ წელიწადში სამსახურის გარეშე დარჩა. იმ დროს მე უკვე ორსულად გახლდით. სხვა გზა არ გვქონდა, სწავლა მივატოვეთ და სოფელში დავბრუნდით. მეუღლემ, როგორც თვითონ ამბობდა, დარდისგან სმა დაიწყო. მე კი 10 თვის შვილი დედაჩემს ჩავაბარე და თანასოფლელის დახმარებით, ესპანეთში გამოვემგზავრე.

- ასე ადვილი იყო ესპანეთში გამგზავრება?

- 8 წლის წინ ეს მაინცდამაინც დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, ვიზა უპრობლემოდ მივიღე. თავიდან აქ ცხოვრებაც გამიჭირდა და უცხო გარემოსთან შეგუებაც. რამდენიმე ქართველმა ერთად ბინა ვიქირავეთ. ზოგი ჩვენგანი მუშაობდა, ზოგიც - სამსახურს ეძებდა, მაგრამ ერთმანეთს მშიერს არ ვტოვებდით. სამსახური გვიან, წელიწად-ნახევრის შემდეგ დავიწყე. ერთ შეძლებულ ოჯახს სახლს ვულაგებდი. იმ დროისთვის ენას უკვე ნორმალურად ვფლობდი და მათთან ურთიერთობა არ გამჭირვებია.

- ოჯახი რამდენი წლის მერე შექმენით?

- ოჯახი ორი წლის წინ შევქმენი. მანამდე, ჩემი პირველი ქმრის გამოკვებით ვიყავი დაკავებული. მოგეხსენებათ ქართველი კაცების ამბავი: ცოლებს საშოვარზე უშვებენ და თვითონ მხარ-თეძოზე წვანან. არც ჩემი ქმარი გახლდათ გამონაკლისი. როგორც კი ჩემგან პირველად გაგზავნილი თანხა მიიღო, მას მერე მადა მუდმივად ეზრდებოდა, უფრო მეტსა და მეტს მთხოვდა. მეც თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ მისი ყველა კაპრიზი დამეკმაყოფილებინა. რასაკვირველია, ფულს ჩემს შვილსაც ვუგზავნიდი. მერე კი ქმარმა დამირეკა და მომახსენა, რომ თურმე ჩემთან განქორწინება სურდა, რადგან სხვა ქალი უნდა შეერთო ცოლად. უარს ხომ არ ვეტყოდი? ცოლ-ქმარი მხოლოდ ქორწინების მოწმობით ვიყავით. თანხმობა გავუგზავნე და მისგან ასე გავთავისუფლდი.

- მაინც არ მითხარით, ახლანდელი ქმარი სად გაიცანით?

- ის ერთ-ერთი ჩემი ქართველი მეზობლის ნაცნობი იყო და მასთან სტუმრად მოვიდა. მაშინ ჯერ კიდევ ქმარი მყავდა და მისი მისამართით არანაირი ინტერესი არ გამომიმჟღავნებია. სამაგიეროდ, თვითონ არ მანებებდა თავს. ვიცოდი, რომ მასაც ოჯახი ჰყავდა, თუმცა მიმტკიცებდა, ცოლს აქ ჩამოსვლამდე გავშორდიო. ჩემი პირველი მეუღლის დაოჯახების შემდეგ კი ლაშასთან ურთიერთობის დაწყება გადავწყვიტე. ვიფიქრე, ცოტა გულს გადავაყოლებ-მეთქი. გული გადავაყოლე კი არა, ისე შემიყვარდა, მის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ვძლებდი. მერე, მან ცოლობაც შემომთავაზა და საცხოვრებლად ცალკე გადავედით. სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ ლაშა ცოლს დაშორებული არ ყოფილა; მოვუტყუებივარ. ამ ამბავმა გამაბრაზა და ცოტა ხნით გავებუტე კიდეც, მაგრამ მალე შევრიგდით. მივხვდი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები.

- შვილები არ გყავთ?

- საერთო შვილს ორ თვეში ველოდებით. გოგონაა. პირველი ქორწინებიდან მე 9 წლის ბიჭი მყავს, რომელიც ესპანეთში ჩამოვიყვანე და ახლა ჩემთან ცხოვრობს, ლაშას კი პირველ ცოლთან ორი გოგონა ჰყავს. ისინი საქართველოში, დედასთან იზრდებიან.

- თქვენ არ აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?

- ჯერჯერობით, არა. აქ ნორმალურად მოვეწყვეთ. ორივე ვმუშაობთ, ჩემი შვილი სკოლაში დადის. ამიტომ გვირჩევნია, აქ ვიყოთ. მომავალში ვნახოთ, როგორ ავეწყობით.

- თქვენი ვინაობის გამხელა რატომ არ გსურთ?

- არა მგონია, ეს ვინმესთვის საინტერესო იყოს. უბრალო მკითხველს ჩემი სახელი და გვარი არაფერს ეტყვის. ჩვენი ოჯახებისთვის კი ჩვენს პირად ცხოვრებაზე სახალხოდ საუბარი ალბათ ტკივილის მომტანი იქნება. სიმართლე რომ გითხრათ, ინტერვიუს კატეგორიული წინააღმდეგი ლაშა უფრო იყო...

საბედნიეროდ, ჩემმა მეორე რესპონდენტმა ვინაობა არ დაგვიმალა. ის თურქეთში გეგმავდა წასვლას და მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას გაიცნო, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათი გზები მომავალში კიდევ გადაიკვეთებოდა...

ნადია პეტროვა:

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 10 წლის წინ, თბილისში, საერთო მეგობართან გავიცანით, მაგრამ გრძნობა მაშინვე არ მოსულა. უბრალოდ, ძალიან მომეწონა. როგორც გავარკვიე, მასაც მაშინვე მოვწონებივარ, მაგრამ ურთიერთობის დაწყების ინიციატივა არც ერთს არ გამოგვიჩენია და ამდენმა წელმა ისე ჩაიარა, არანაირი კონტაქტი არ გვქონია ერთმანეთთან. ორი წლის წინ კი, გადავწყვიტე, სადმე ხანგრძლივად დამესვენა, - მარტოს! არჩევანი თურქეთზე შევაჩერე და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება დავიწყე. მაშინ გამახსენდა, რომ ბესო თურქეთში ცხოვრობდა. სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდი და ნაცნობობა აღვადგინეთ. ის იქ უკვე წლებია ცხოვრობს, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერში გათვითცნობიერებული იქნებოდა და ნორმალურ, იაფ სასტუმროს მირჩევდა. შემომთავაზა, მასთან, სახლში დავბინავებულიყავი: - მე მაინც ზღვაში ვარ (მეზღვაურია), დედაჩემი კი სახლშია, სასტუმროში ფული რისთვის უნდა გადაიხადო, დედაჩემს ესტუმრე, ისიც გაერთობა და შენც კარგად დაისვენებო. გადავწყვიტე, ასეც მოვქცეულიყავი და ბესოს დედას ვესტუმრე. აბსოლუტურად მოულოდნელად, ჩემი იქ ჩასვლიდან ერთ კვირაში, ბესო შინ დაბრუნდა. იმავე დღეს ბარში დამპატიჟა და სიყვარული ამიხსნა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან მეგონა, რომ სტუმრად, მეგობართან მივდიოდი. გარკვეული დროის მერე, უკვე მეც სხვა თვალით შევხედე, მით უფრო, რომ ერთმანეთს ბევრ რამეში ვგავართ. გემოვნებაც ემთხვევა, ხასიათიც. მას შემდეგ ურთიერთობა გავაგრძელეთ და ძალიან მალე, 3 თვეში დავქორწინდით.

- რამდენი წელია, რაც ბესო თურქეთში ცხოვრობს?

- თავიდან თურქეთში ბესოს დედა ცხოვრობდა, რომელმაც მოგვიანებით თავისი შვილიც წაიყვანა. ბესო მაშინ 16 წლის იყო. იქ ისწავლა და მეზღვაური გახდა. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო. საქართველოში ცხოვრებისას მეც ძალიან დაკავებული გახლდით. გარდა მოდელობისა, სარეკლამო სააგენტოსა და "ყაზტრანსგაზშიც" ვმუშაობდი. ამ ყველაფერს ვუთავსებდი ერთმანეთს. ახლა კი ვდიასახლისობ. რაც მე და ბესო დავოჯახდით, დედამთილი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა და მარტონი დავრჩით. ბესო იახტაზე ხან მთელი კვირა არის ხოლმე და ამ დროის განმავლობაში სახლში სულ მარტო ვარ. ტურისტული სააგენტოდან მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჩემს მეუღლეს არ სურს, რომ დილიდან საღამომდე სამსახურში ვიყო. თავიდან აქ ადგილის დამკვიდრება გამიჭირდა. აქაურებმა არც რუსული იციან და არც - ინგლისური. რომც იცოდნენ, მაინც თურქულად ლაპარაკობენ. მე კი თურქული არ ვიცოდი, თან არც არავის ვიცნობდი... მოკლედ, სახლში ვარ და ვდიასახლისობ.

- როგორი ქორწილი გქონდათ?

- ქორწილი საქართველოში გადავიხადეთ, თანაც, დაოჯახებიდან ერთი წლის მერე. თავიდან თბილისში ხელი მოვაწერეთ და ერთ კვირაში თურქეთში დავბრუნდით. ერთი წლის შემდეგ, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე გვინდოდა, მხოლოდ ჯვარი დაგვეწერა და თბილისში ჩამოვედით, მაგრამ უეცრად გადავწყვიტეთ, რომ ბარემ ქორწილიც გადაგვეხადა. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი, აბსოლუტურად ქართული და ტრადიციული ქორწილი გვქონდა.

- საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებას თუ აპირებთ?

- რასაკვირველია, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით, თუმცა ეს უახლოეს გეგმებში არ გვაქვს. ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და თბილისი სულ გვენატრება. ამიტომ ხშირად ჩამოვდივართ.

- თურქეთში, რომელ ქალაქში ცხოვრობთ?

- ჩვენს ქალაქს ფეტიე ჰქვია. პატარა ქალაქია და მარმარისსა და ანტალიას შორის მდებარეობს. ახალი ქართველი აქ არავინ ცხოვრობს, გათურქებული ქართველები არიან. წინა საუკუნეში ჩამოსახლებულები, რომლებმაც ქართული კი იციან, მაგრამ მუსლიმანები არიან. ფეტიე პატარა და წყნარი ქალაქია, სადაც ტურისტები დასასვენებლად ჩამოდიან და არა - გასართობად. აქ არ არის დისკოთეკები და რაიმე სხვა გასართობი... ძალიან ლამაზი ბუნება და სიწყნარეა. ტურისტები გასართობად მარმარისში დადიან.

მომდევნო ემიგრანტი კი საბერძნეთში ცხოვრობს. ის საკმაოდ ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა და საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ დაუფარავად გვესაუბრა.

სალომე ნათათრალაშვილი:

- მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კუნძულ კვიპროსზე, 2003 წელს ჯერ დედა გაემგზავრა, მოგვიანებით კი მამა, მე და ჩემი და-ძმაც ჩავედით. თავიდან ქალაქ ლიმასოლში დავსახლდით, რადგან დედა იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. თანდათან გავეცანით ადგილობრივთა წეს-ჩვეულებებს, ნელ-ნელა შევისწავლეთ ენაც და საკმაოდ ადვილად დავიმკვიდრეთ თავი. იმის გამო, რომ კვიპროსიც მართლმადიდებლური ქვეყანაა, აქაურებთან ურთიერთობას ეს ფაქტორიც აადვილებს. ისინი ქართველ ხალხს და სარწმუნოებისადმი მათ დამოკიდებულებას დიდ პატივს სცემენ. ჩვენგან განსხვავებით, აქ დღესასწაულებს ახალი საეკლესიო კალენდრით აღნიშნავენ, თუმცა სულ ამბობენ, რომ ძველი კალენდარია სწორი და კარგია, რომ ქართველებმა ეს წესი შევინარჩუნეთ... კვიპროსული სასაუბრო ენა გარკვეულწილად განსხვავდება ბერძნული ენისგან. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, სწავლა დამეწყო ისეთ სკოლაში, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა, ნამდვილი ძველი ბერძნული სალაპარაკო ენა და დამწერლობა შემესწავლა, რაც საკმაოდ რთულია, - იმდენად რთული, რომ ბევრმა კვიპროსელმაც კი არ იცის მართლწერის ზუსტი წესები.

- შენი მომავალი მეუღლე სად და როგორ გაიცანი?

- ჩემი მომავალი მეუღლე, ვლადიმერ აფციაური ახლობლის ოჯახში, წვეულებაზე გავიცანი. თავიდანვე ისე დავმეგობრდით, ვერც წარმოგვედგინა, თუ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდებოდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდებოდა. ლადო საბერძნეთში, კერძოდ კი ქალაქ პაფოსში, 2004 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა.

- თავიდანვე გადაწყვეტილი გქონდა, რომ ქართველი მეუღლე უნდა გყოლოდა, თუ ეს შემთხვევით მოხდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ენა კარგად ვიცი და ენობრივი ბარიერი ხელს ვერ შემიშლიდა, თან ბერძენი მამაკაცები მეოჯახეები არიან და მეუღლისადმი დიდი პატივისცემით გამოირჩევიან, მაინც არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე ბერძენი იქნებოდა. ქართველებს მაინც სხვა მენტალიტეტი გვაქვს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი, რომლის გვერდითაც მთელი სიცოცხლე უნდა გამეტარებინა, ქართულად არასოდეს დამელაპარაკებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. აქ საკმაოდ ბევრი ქართველი გოგონაა კვიპროსელ მამაკაცზე გათხოვილი და თავს ბედნიერად გრძნობენ.

ყოველთვის მინდოდა, ტრადიციული, ნამდვილი ქართული ოჯახი შემექმნა, სადაც შვილებსაც ქართულად აღვზრდიდი, ქართულად ვილაპარაკებდით ოჯახში. სწორედ ამიტომ გავაკეთე არჩევანი ქართველ მამაკაცზე. ჯვარი წმინდა მამის სახელობის ეკლესიაში დავიწერეთ, რომელიც კვიპროსელებმა, ქართველებს საეკლესიო მსახურებების ქართულ ენაზე შესასრულებლად გადმოგვცეს. ჩვენი ჯვრისწერაც ქართულად ჩატარდა, ქართული გალობით. სხვათა შორის, საკუთარ ქორწილში ერთ-ერთი მგალობელი მეც ვიყავი და საოცარი ამაღლებული განწყობილება მქონდა. ქორწილიც საკმაოდ დიდი, ლამაზი და ჩვენი ტრადიციების დაცვით გამოგვივიდა. გვყავდა თამადა, რომელიც ქართულად წარმოთქმულ სადღეგრძელოებს ბერძნულადაც უთარგმნიდა ჩვენს კვიპროსელ სტუმრებს, რომელთა მხრიდანაც დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა სუფრის კულტურამ და თამადობის ტრადიციამ. რაც შეეხება კერძებს, იყო ბერძნულიც და ქართულიც, მათ შორის - ხაჭაპურიც, რომლის მომზადების რეცეპტს ყველა უცხოელი სტუმარი ითხოვდა. გვყავდა ქართული მუსიკოსები, ვცეკვავდით ქართულ ხალხურ ცეკვებს და არ მქონდა იმის განცდა, რომ ქორწილი სხვა ქვეყანაში იყო... სხვათა შორის, ჩემი დაც კვიპროსში გაბედნიერდა, თუმცა მან და მისმა მეუღლემ ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას გაიცნეს ერთმანეთი. ჩვენ რომ საბერძნეთში გავემგზავრეთ, ნათია და აჩიკო უკვე შეყვარებულები იყვნენ. მერე აჩიკომ შეყვარებულს აქ ჩამოაკითხა და აქ შექმნეს ოჯახი. მათაც ძალიან ლამაზი, ქართული ქორწილი ჰქონდათ. ახლა კი უკვე 5 წლის ლუკას ზრდიან. რაც შეეხება ჩემს ძმას, მანაც კვიპროსიდან საქართველოში, ტელეფონით გაიცნო მისი მომავალი მეუღლე და იმდენად მოიხიბლა, რომ საქართველოში დაბრუნება და ოჯახის სამშობლოში შექმნა გადაწყვიტა. ჩვენგან განსხვავებით, მათ ქორწილი საქართველოში გადაიხადეს და უკვე ორი წლის ნიკოლოზი ჰყავთ, რომელსაც სამწუხაროდ მხოლოდ შორიდან ვიცნობ.

- შენ და შენი მეუღლე ამჟამად რას საქმიანობთ?

- ლადო მშენებლობაზე მუშაობს. რკინის მასალით აშენებს სახლებს და ძალიან ამაყობს, რომ ლიმასოლის ყველაზე მაღალი და მრავალსართულიანი შენობა მისი აგებულია. მე კაფეში ვმუშაობ, სადაც თავიდან ჩვეულებრივ თანამშრომლად მივედი, მოგვიანებით კი, უფლის წყალობით, მთლიანად მე გადმომაბარეს მისი მართვა. ახლა სხვა კაფე-ბარის გახსნაც იგეგმება და თანამშრომლობა მათაც შემომთავაზეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყო და მიხარია, რომ მაქვს ჩემი საქმე. მოგეხსენებათ, მსოფლიო კრიზისის გავლენის შედეგად, კვიპროსზეც ბევრი დაუსაქმებელი ადამიანია.

- როგორც ვიცი, უკვე პატარა გოგონაც გყავთ...

- ბარბარე უკვე წლის და 4 თვისაა. თბილი და მოსიყვარულე ბავშვია. უდიდეს ინტერესს იჩენს მუსიკისადმი და განსაკუთრებული რეაქცია ქართულ სიმღერებზე აქვს. მათი გაჟღერებისთანავე კარგ ხასიათზე დგება და ცეკვას იწყებს. ვცდილობ, ქართულად აღვზარდო, ძილის წინ აუცილებლად "იავნანას" ვუმღერი. უყვარს დილით ხატებთან დგომა და ლოცვების მოსმენა. ჩვენი სამსახურში ყოფნის დროს, დედაჩემთანაა და მოუთმენლად ელოდება ჩემი და ლადოს სახლში დაბრუნებას.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- მიუხედავად იმისა, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობთ და კარგი საცხოვრებელი პირობები გვაქვს, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს არაფერი ჯობს. 10 წელია, აქ ვარ და გარკვეულ დონეზე შევეჩვიე კიდეც აქ ცხოვრებას, მაგრამ სამუდამოდ აქ დარჩენაზე არასოდეს მიფიქრია. ემიგრანტები ხშირად ამბობენ ხოლმე, სამშობლოში დაბრუნების დრო არ გამოგვეპაროსო. ამაზე მეც ხშირად ვფიქრობ. საზღვარგარეთ ცხოვრება თითქოს ჭაობივითაა: რაც მეტი წელი გადის, მით მეტად გითრევს. რომ დაფიქრდები, არც კი გჯერა, რომ ამდენი წელი, შენს ქვეყანას მოწყვეტილმა გაატარე. ძალიან მოქმედებს ჩემზე, როცა ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი ყოველი ქადაგებისას ქართველ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს. კვიპროსში ცხოვრების მანძილზე, რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში და ჩამოსვლისთანავე ისეთი სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება მეუფლება, როგორსაც სხვაგან, ვერსად ვიგრძნობდი. სწორედ ეს მგონია ის მადლი, რომელიც ჩვენს ღვთივკურთხეულ სამშობლოში ტრიალებს და ვფიქრობ, 10 წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ ამ მადლს მოკლებულმა იცხოვრო. ახლა უკვე თვეებს და დღეებს ვითვლი საქართველოში დაბრუნებამდე.

- როგორ ფიქრობ, საბერძნეთში რომ არ წასულიყავი, შენ და შენი მეუღლე თუ შეხვდებოდით ერთმანეთს?

- სხვათა შორის, ხშირად მიფიქრია ამაზე. ალბათ შევხვდებოდით. ამ ცხოვრებაში ხომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება და რადგან უცხო ქვეყანაში შეგვახვედრა ერთმანეთს, ე.ი. ასე იყო საჭირო და ალბათ აქ რომ არ გამოვმგზავრებულიყავი, სადმე სხვაგან შევხვდებოდი ლადოს...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია