მაია ორჯონიკიძე: "სასამართლო შსს-სა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია"

მაია ორჯონიკიძე: "სასამართლო შსს-სა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია"

რამდენიმე თვის წინ მხატვარი ცოტნე მამულაშვილი დააკავეს. მისი საქმე რეზონანსული რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა. პირველი ის გახლდათ, რომ ცოტნე საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბებია იზა ორჯონიკიძე გახლდათ, დედა კი, მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძეა, რომელიც საქმის დეტალებზე დაწვრილებით გვესაუბრა.

-  ჩემი ერთადერთი შვილი ცოტნე მამულაშვილი განათლებით მხატვარია. 2005 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ ამავე სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა, სამგანზომილებიან გრაფიკას ასწავლიდა. შემდეგ ორი წელი რიგით არქიტექტორად მუშაობდა მერიის განვითარების ფონდში, 2011 წელს წამოვიდა სამსახურიდან და ბოლო ერთი წელი კერძო მოსწავლეებს სამგანზომილებიან გრაფიკას სახლში ასწავლიდა. ცოტნე არასოდეს ყოფილა პოლიტიკით გატაცებული, მაგრამ ყოველთვის უყვარდა თავისი სამშობლო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ორჯერ მიმართა სამხედრო პუნქტს, რომ ომში წაეყვანათ, მაგრამ გამოუცდელობის გამო უკან გამოაბრუნეს...

-  როდის დააკავეს?

-  2013 წლის 14 თებერვალს, დილის ოთხის ნახევარზე, მისი მეგობრის, სცენარისტ მარია ექსერის სახლში. იმ ღამეს სცენარზე მუშაობა უნდა დაემთავრებინათ, საავტორო ფილმის გადაღებას იწყებდნენ უახლოეს დღეებში. ღამის სამ საათზე მარია ექსერის ბინაში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ექვსი თანამშრომელი შევიდა და ცოტნეს უთხრეს, რომ მოწმის სახით გაჰყოლოდა პოლიციაში. მათ არ განუმარტავთ, რა საქმეზე მიჰყავდათ. იცრუეს, თითქოს მანამდე ჩემთან სახლში იყვნენ და მოწმის სახით გამოძახების უწყება დამიტოვეს, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტყუილი იმიტომ დასჭირდათ, რომ დაპატიმრების ორდერი არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ ერთი მთავარი მიზეზის გამო, იმ მომენტისთვის მათ არაფერი გააჩნდათ ერთ-ერთი დაკავებულის ჯაბა ლომიძის წერილობითი ჩვენების გარდა. ამ ე.წ. "ლომბარდის დაყაჩაღების" საქმეზე ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთი მანქანების მღებავი ჯაბა ლომიძე გახლდათ. მისგან აღიარებითი ჩვენება მოიპოვეს, სადაც ის ბრალს აღიარებდა და ცოტნესაც ადებდა ხელს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ ღამეს პირველი ჯაბა ლომიძე დააკავეს და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მიწისქვეშა სართულზე ჯერ სცემეს და შემდეგ ე.წ. "დუბინკით" აწამეს, რის შესახებაც ჯაბამ დაპატიმრებიდან ორი კვირის შემდეგ უფლებადამცველ ალექს შოშიკელაშვილს უთხრა, რომელიც მასთან საკანში შევიდა. მეორე დაკავებული "კაფელშიკი" ხელოსანი მამუკა ბაყაშვილი იყო, მესამე კი - ყოფილი (2003 წლამდე) პოლიციელი ლაშა ჯამბაზიშვილი. როდესაც ჯაბა ლომიძე ე.წ. კრიმპოლიციის პოლიციელებმა დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, მაგიდაზე სამი ადამიანის ფოტო დაუდეს, რომელთა შორის ერთ-ერთი ცოტნეს ფოტო იყო და უთხრეს, რომ მას უნდა ეღიარებინა ავტოლომბარდის დაყაჩაღებაში მონაწილეობა და ფოტოზე ასახული ადამიანები ამ საქმეში თანამზრახველებად უნდა დაესახელებინა. ლომიძის კატეგორიული უარის შემდეგ მას სცემეს და სასურველი ჩვენების მიღებას მიაღწიეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯაბა ლომიძემ რამდენჯერმე გონება დაკარგა, მას ყელზე "დუბინკა" მრავალჯერადად მოუჭირეს.

-  საქმეზე უფრო დაწვრილებით მოგვიყევით...

-  ჩემს შვილს პროკურატურა გლდანში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ავტოლომბარდ "ვერძის" დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. თავიდან მეგონა, რომ ყაჩაღობა მართლა მოხდა და ცოტნე ხელოვნურად ჩასვეს ამ "საქმეში". დღეს კი უკვე აღარ მჯერა, რომ ლომბარდი საერთოდ დააყაჩაღეს. ყველა ავტოლომბარდში, კანონით, სათვალთვალო კამერა უნდა იყოს დამონტაჟებული, რომელიც დააფიქსირებს მომხდარს. საეჭვოა, რომ კონკრეტულად მაინცდამაინც ამ ლომბარდს არ აღმოაჩნდა კანონით სავალდებულო კამერა - ამაზე 5000 ლარია ჯარიმა და ძალიან მაინტერესებს, გადაიხადა თუ არა ლომბარდის მფლობელმა, ვინმე გალაქტიონ გელაშვილმა ეს ჯარიმა?

-  ცოტნე იცნობდა სხვა დაკავებულ პირებს?

-  მამუკა ბაყაშვილს არ იცნობდა, რაც შეეხება ჯაბა ლომიძეს, ცოტნემ ის ლაშა ჯამბაზიშვილისგან 2013 წელს ძველით ახალი წლის შემდეგ გაიცნო. ჯაბამ ჩემი მანქანის გაკეთება თავად შესთავაზა ცოტნეს უსასყიდლოდ, ლაშას ახლობლობის ხათრით. ოჯახში ერთი მანქანა გვყავს, ორი წელია, გვერდი შეღუნული ჰქონდა, მაგრამ იქამდე არ მოგვიცლია მის გასაკეთებლად. ცოტნემ ჯაბას შეთავაზება რომ გადმომცა, დავთანხმდი. ცოტნეს მამას საბურთალოზე კერძო სახლი აქვს, დიდი ეზოთი და სწორედ იქ ღებავდა ჯაბა ლომიძე ჩემს მანქანას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ლაშა ჯამბაზიშვილს, ის ცოტნეს ამხანაგის, კახა ჯამბაზიშვილის ძმა იყო და ცოტნე მას კახასგან იცნობდა, თუმცა მეგობრები არასოდეს ყოფილან და ხშირად არ ხვდებოდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია