არჩილ კბილაშვილი - მსოფლიოში რეკომენდებულია, რომ "თეთრი საყელოს" დანაშაულისას დაპატიმრება არ იყოს გამოყენებული

არჩილ კბილაშვილი - მსოფლიოში რეკომენდებულია, რომ "თეთრი საყელოს" დანაშაულისას დაპატიმრება არ იყოს გამოყენებული

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წინასწარი პატიმრობისა და გირაოს გამოყენების პრაქტიკაზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყების წინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დანაშაული რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მისი თქმით, არსებობს ძალადობრივი და ინტელექტუალური დანაშაული. კბილაშვილის განმარტებით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფიზიკური ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს, "თეთრი საყელოს დანაშაული" ეწოდება, "როდესაც ადამიანს შეუძლია კაბინეტში სუფთად ჩაიდინოს დანაშაული".

მთავარი პროკურორის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ე.წ. "თეთრი საყელოს" კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით სტანდარტის ამაღლების საკითხი. "საუბარია, რომ "თეთრი საყელოს" კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით ამაღლდეს სტანდარტი დაკავებისა და დაპატიმრების კუთხით. საერთო სტანდარტი მსოფლიოში - ევროპასა და ამერიკაში მიუთითებს, რომ ამ ტიპის დანაშაულებში რეკომენდებულია, არ იქნეს დაკავება-დაპატიმრება გამოყენებული", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე თქმით, წარსულში მნიშვნელობა არ ჰქონდა დანაშაულის ტიპს და ყველას აპატიმრებდნენ. კბილაშვილის განმარტებით, გარკვეულწილად აღნიშნული მემკვიდრეობისგან ახალი ხელისუფლება არ გათავისუფლებულა, თუმცა ტენდენცია შერბილდა.

"ჯერ კიდევ განვიცდით იმ გავლენას, რაც გვქონდა, ამიტომ ვიკრიბებით, რათა ვიმსჯელოთ, მაღლა ავწიოთ სტანდარტი, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებში მაქსიმალურად ფრთხილი ვიყოთ, თავი ავარიდოთ დაკავებას. გამოვყოთ კრიტერიუმები, რა შემთხვევაშია ეს აუცილებელი და შევეცადოთ, რომ ეს იყოს მთელ საქართველოში ერთიანი პრაქტიკა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

პროკურატურის ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი. შეხვედრას ესწრებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის, შს და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები და ადვოკატები.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ