ვის წაართვა კახიანების ოჯახმა ბინა?

ვის წაართვა კახიანების ოჯახმა ბინა?

მსახიობ იმედა კახიანის ოჯახსა და მოქალაქე ნატალი ჭეიშვილს შორის საკუთრებაზე დავა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კახიანები 2004 წლიდან, ექვსი თვით, ჭეიშვილის ბინაში კორპუსის მშენებლის თხოვნით შესახლდნენ. როგორც ბინის მესაკუთრე, ნატალი ჭეიშვილი ჰყვება, 2004 წელს, ახალ აშენებულ კორპუსში, ამხანაგობის თხოვნით, ბინა კახიანებს დაუთმო. სანაცვლოდ კი მშენებელმა მას ბინა გაურემონტა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, კახიანებმა ბინა არ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ბინის მეპატრონემ სასამართლოს მიმართა და კანონიერი გზით სცადა საკუთარების უფლების დაცვა. უზენაესმა სასამართლომ, 2013 წლის 12 აპრილს, ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც კახიანებს ბინის გათავისუფლება დაევალათ. მაგრამ მსახიობმა იმედა კახიანმა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს და სახლის მეპატრონის ნატალი ჭეიშვილის ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც 15 ივლისს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა კახიანებს სახლის დაცლა მოუწოდეს. როგორც მესაკუთრე ამბობს, აღსრულების ბიურო, უკვე 30 ივლისს იმედა კახიანის ოჯახს იძულებით გამოასახლებს. "ამბები.გე" ნატალი ჭეიშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

- კახიანებთან არაერთი მოლაპარკება გვქონდა, რომ ჩემი ბინა დაეცალათ, მაგრამ ისინი იქ კვლავ რჩებიან. მათ ამ ბინასთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ, არც ფული აქვთ მასში გადახდილი. თვითნებურად დაისაკუთრეს და წლების განმავლობაში ცდილობდნენ, მის ჩემთვის წართმევას.

- როგორ აღმოჩდნენ ეს ადამიანები თქვენს კუთვნილ ბინაში?

- როდესაც მშენებელმა დამინგრია ბინა, სანაცვლოდ, ახალ აშენებულ კორპუსში ერთ სართულზე უნდა მოეცა ორი, რადგანაც მყავს ორი ვაჟი. მომცეს კიდეც. ერთში (130 კვადრატი) რომ დავამთავრე სარემონტო სამუშაოები, მეორე იყო 160 კვადრატი, არადა, 150 კვადრატი მეკუთვნოდა. ამიტომ მშენებელმა მითხრა, - დამიმატე 7.000 დოლარი და ამ 160 კვადრატს მოგცემო. ის თანხა გადავიხადე, რადგანაც მინდოდა, ორივე ბინა ერთ სართულზე გვქონოდა და დავიწყე იმ 160 კვადრატის გარემონტება. იმ დროს დამიკავშირდა ამხანაგობის თავჯდომარე და მთხოვა, იქნებ ამ ბინაში 6-7 თვით კახიანები შეუშვა და სარემონტო სამუშაოებს მე დაგიმთავრებო. გამიხარდა, რადგანაც მატერიალურმა მდგომარეობამ მაიძულა ამ წინადადებას დავთანხმებოდი; თან, ამისკენ იმანაც მიბიძგა, რომ ჩვენ და კახიანებს ბევრი ახლობელი და საერთო ნაცნობები გვყავდა. ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ვინ იფიქრებდა იმას, რაც მერე მოხდა. მშენებელმა სარემონტო სამუშაოები მართლაც დაამთავრა ჩვენს ბინაში, გავიდა 6-7 თვე და ისინი იქიდან არ გამოსულან. არ ვიცი, რა ბინძური გარიგებები მიდიოდა მშენებელსა და კახიანებს შორის... მერე ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა და მათ ბინის დაცლა კატეგორიულად მოვთხოვე. ფეხებში ჩამივარდნენ, - ცოტა ხანში მთავრდება ჩვენი პრობლემა და აქედან გადავდივართო. ეს კორპუსი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, რადგანაც მიწათმფლობელი ვარ და ამხანაგობისთვის ბინა არ გადამიცია. მერე თელასი როგორც ოფიციალური სტრუქტურა შემოვიდა და ყველა მისი აბონენტი გახდა. იმ პერიოდში შემატყობინეს, რომ კახიანებმა თურმე იკადრეს და ჩემი გვარის ნაცვლად, თავიანთი ჩააწერინეს. ამ ფაქტზე მაშინვე გაკეთდა რეაგირება და ჩემი ყველა დოკუმენტის თანახმად, აბონენტად მე გამაფორმეს. ამ ყველაფრის შემდეგ აღშფოთებულმა რომ ვიკითხე, - თუ რატომ მოხდა ეს? დამემუქრნენ და ბოლოს მითხრეს, რომ ბინას აგახევთო. შოკირებული და შეურაცხყოფილი ვიყავი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. იმ პერიოდში მივხვდი, რომ კანონიერი გზისთვის უნდა მიმემართა და ადვოკატები ავიყვანე, სასამართლოში სარჩელი შევიტანე. სამივე ინსტანციამ ჩემი სარჩელი მათ გამოსახლებაზე დააკმაყოფილა. კახიანებმა ყველა პროცესი რომ წააგეს, რა შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინების კორიანტელი ამიტეხეს, ამას ვერ გადმოგცემთ.

- საბოლოოდ როგორ არის საქმე?

- ბოლოს იმედა კახიანმა ხელწერილი დაწერა, რომ 15 ივლისს ჩალაგება თავის ნივთებს და საკუთარი ნებით დაცლიდა ბინას, მაგრამ როდესაც მასთან მივიდა სააღსრულებო სამსახური, ჩემი ადვოკატი, კახიანმა ამ უკანასკნელს აგინა და უშვერი სიტყვებით გალანძღა, შეურაცხოფა მოგვაყენა ჩვენც. თუ ქვეყანაში არის მთავარი მესიჯი, რომ კანონს უნდა დაექვემდებაროს ყველა მოქალაქე, ვინ არის კახიანების ოჯახი, კანონის წინაშე პასუხი არ აგოს?! ჩემი და ჩემი ოჯახის ხელყოფას არავის ვაპატიებ.

- კახიანების გამოსახლების ბოლო ვადად 30 ივლისი დასახელდა?

- ეს ვადა სააღსრულებო სამსახურის მიერ დასახელდა, მე ერთი დღესაც არ ვაძლევ მათ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, - ჩამაბარონ გასაღები! უბრალოდ სათარიგო ვადაში სააღსრულებო სამსახურმა 30 ივლისი ჩაწერა. ახლა ვამზადებ სარჩელს, იმედა კახიანის წინააღმდეგ, მან პასუხი უნდა აგოს იმ მორალურ და მატერიალურ ზიანზე, რაც მოგვაყენა.

კახიანების ოჯახი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ლიზა კვაჭაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია