68 წლის მოხუცი ციხეში დაბრუნებას ითხოვს

68 წლის მოხუცი ციხეში დაბრუნებას ითხოვს

ალექსანდრეს ბაღში შესული მათ სრულიად შემთხვევით გადავ­ა­წ­ყ­დი. კარავი საკმაოდ დიდია და შეუძლებელია, შეუმჩნეველი დაგრჩეს. პირველი ფოტოს გადაღებისთანავე კარვის გვერდით გაშლილ სუფრასთან მსხდომებმა დამიძახეს და მათი გადაღება ამიკრძალეს. მითხრეს, აქ ისეთი წარსულის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, კარვის ფონზე საჯაროდ გამოჩენა არ სურთო, თუმცა, სუფრასთან მიმიპატიჟეს და მეც სასაუბროდ მოვემზადე.

როგორც გავარკვიე, ამ კარავს 16 ბინადარი ჰყავს: 14 მამაკაცი და ორი ქალი. არც ერთ მათგანს არა აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. სოციალური აგენტი გამოიძახეს, მაგრამ მისამართის არარსებობის გამო ეს სტატუსი ვერ მიიღეს. სპეციალურ შესავსებ ბლანკში თურმე კარავი არ იწერება.

აქ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში, დღის განმავლობაში თითოეული მათგანი სამუშაოს პოულობს, რომ საღამოსთვის ლუკმაპური იშოვოს. ქალბატონი ნანა მიყვება, რომ ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, ქუჩაში თუ მოუწევდა ცხოვრება.

მამაკაცები ელიავას ბირჟაზე ცდილობენ სამუშაოს პოვნას. ბატონი ალეკო ამბობს, რომ მართალია, სახლი არა აქვს, მაგრამ საბედნიეროდ ჯანი მისცა ღმერთმა, რომ შრომით თავსაც მიხედოს და სხვასაც.

"ამ კარვის ყველაზე სტაჟიანი ბინადარი ვარ. დეკემბრიდან აქ ვცხოვრობ, მთელი ზამთარი აქ გავატარე. მერე ვინც გაიგო, რომ ეს კარავი არსებობდა, შემოგვემატნენ და დღეს უკვე 16 ვართ. ერთმა პრობლემამ გაგვაერთიანა და ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. პირველად ვყვებით ჩვენს ამბებს, აქ წარსულზე არ ვსაუბრობთ ხოლმე, რადგან ეს ჩვენი პირადი ტრაგედიებია. კაცები დღისით მივდივართ ელიავაზე და ვცდილობთ, დღიური სამუშაო ვიშოვოთ, ამდენ ადამიანს გამოკვება ხომ უნდა? მთავრობას გაჭირვებული ხალხი არ აინტერესებს. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება მთავრობაში -მიშა თუ ბიძინა, არც ერთს არ ადარდებს ჩვენნაირები."

როგორც მითხრეს, ერთი უსინათლო მოხუციც ჰყავთ, რომელიც რამდენიმე თვეა რაც ციხიდან გამოვიდა. 68 წლის მოხუცი ბაღში მარტო იჯდა ფიქრებში წასული, ჩემმა მისვლამ ცოტა გაახარა კიდეც, როგორც ჩანს, მოსაუბრის გამოჩენამ კარგ ხასიათზე დააყენა.

"მკვლელობის მცდელობისთვის 15 წელი მქონდა მისჯილი, რამდენიმე თვის წინ ამნისტიით გამოვედი. ციხეში დავბრმავდი, ახლა ვცდილობ ოპერაცია გავიკეთო, მაგრამ როდის დამიფინანსებენ, არ ვიცი. უკვე სიცოცხლე აღარ მინდა, არავინ მყავს, უსინათლო ვარ, ამ უცხო ადამიანებს ყოველთვის ხომ ვერ დავავალდებულებ, რომ მომიარონ, ზოგჯერ მინდა მანქანას შევუვარდე და მოვკვდე. ამ კარავში ცხოვრებაც გაუსაძლისია, ჩემი საწოლი გატყდა და რკინები სულ ზურგში მესობა, ციხეში ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს, ვითხოვ, რომ ციხეში დამაბრუნონ. 15 წელი მომისაჯეს და 13 მოვიხადე, მინდა ის 2 წელი ციხეში ვიყო, იქ ბევრად უკეთ ვიქნები."

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია