რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს

რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს

ალბათ საინტერესოა, რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს, მოსახლეობის რისხვა რომ არ დაიმსახუროს; საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, "ამბები.გე" ამ თემაზე რამდენიმე ცნობილ ქართველს დაუკავშირდა.

ზურა მანჯავიძე, მომღერალი:

- მე ასე გიპასუხებთ, - საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ეზიზღებოდეს; ქვეყნის განვითარებას ხელს არ უნდა უშლიდეს. საბოტაჟს ხელს არ უნდა უწყობდეს და მიშა არ უნდა ერქვას, დანარჩენი შეიძლება.

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:

- რთული კითხვაა და მიჭირს ლოგიკური პასუხი, მაგრამ ვეცდები, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ გიპასუხოთ: საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა, ალბათ, უნდა შეძლოს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განავითაროს; იმხელა კულტურურული ტრადიციები აქვს საქართველოს, რომ ამ კუთხით ალბათ ნაკლები მუშაობა დასჭირდება, თუმცა მისთვის მთავარი უნდა იყოს, რომ არსებული არ დააკნინოს და განავითაროს. უნდა მიხედოს განათლების სისტემას და დასაქმების პრობლემას. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამინია დაუსაქმებელი და არარეალიზებული, ალბათ, თითო ასეთი თუ მეტი არა, სანაცნობოში ყველას გვყავს. ბედნიერები მაშინ ვიქნებით, თუ გვერდით გაჭირვებული ადამიანები არ იქნებიან. პრეზიდენტობაზე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია და არც იმაზე, რომ ყოვლისმცოდნე ვარ და ვიღაცას ჭკუას ვასწავლი, მაგრამ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ადამიანების ხედვაც უნდა შეიცვალოს. ისე, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა რაც არ უნდა ქნას, ყველას მოსაწონი მაინც ვერ იქნება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ღირსეული კანდიდატი შეირჩევა.

მამულიჩა, პროდიუსერი:

- საქართველოს პრეზიდენტს უპირველესად თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს. ამასთან, მატერიალურს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ქარიზმაც სჭირდება, ეს აუცილებელი ატრიბუტია. უნდა ჰყავდეს ჭეშმარიტად ერთგული გუნდი, ცხოვრებაშიც ხომ ასეა, თუ კარგი სამეგობრო გყავს, ძლიერი ხარ. პრეზიდენტის გუნდში არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სახელს გაუტეხს. თუ ეს ყველა თვისება რეალურად ექნება საქართველოს პრეზიდენტს, მაშინ ვერაფერი მოერევა. საერთოდ, პრეზიდენტობა ურთულესი რამ არის, უდიდესი პასუხისმგებლობას მოითხოვს, რასაც ნებისმიერმა, ვინც პრეზიდენტი გახდება, უნდა გაითვალისწინოს. რაც მთავარია, არ უნდა დაივიწყოს უბრალო და გაჭირვებული ადამიანები, მათი პრობლემები. ისე, თუ ექსპრეზიდენტების ცხოვრებასაც გადახედავს, ეს მხოლოდ წაადგება...

დათო გოგიშვილი, იუმორისტი:

- საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გამოდიოდეს საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან და არა რომელიმე სუპერ სახელმწიფოსა თუ რომელიმე საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, ან სხვა ორგანიზაციის ინტერესებიდან. აუცილებლად შემწყნარებელიც უნდა იყოს და ოპონენტში მტერს არ უნდა ხედავდეს. რადგანაც ამ თვისებას ტოტალიტარულ მმართველობამდე მივყავართ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია