"ნინის სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც სოფო ნიჟარაძის დამსახურება იყო"

"ნინის სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც სოფო ნიჟარაძის დამსახურება იყო"

"ვერასდროს ვაპატიებ დავით ბაქრაძეს იმას, რომ მომიწოდა, ქუჩაში დანა-ჩანგლით გავვარდნილიყავი", - ამბობს ცნობილი მსახიობი, ლალი ბადურაშვილი. მისი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც კი 9 თვის განმავლობაში შესაძლებელი იყო. თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემს. რატომ მოუწოდა ბაქრაძემ დანა-ჩანგლით ქუჩაში გავარდნისკენ, რის გაკეთებას უმადლის ახალ ხელისუფლებას და რომელ პრეზიდენტობის კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას? ამ კითხვებით ქალბატონ ლალის მივმართეთ.

ლალი ბადურაშვილი:

- ძალიან მიხარია, რომ მიიღეს კანონი, რომლის საშუალებითაც ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გაიყიდება... ასევე ძალიან მიხარია, რომ სოფელი გამოცოცხლდა... სამეგრელოსა და ქართლში ახლობლები მყავს, რომლებიც მეუბნებიან, რომ ახალი ხელისუფლება მიწების დამუშავებისთვის ტრაქტორებსა და კომბაინებს აძლევს (დროებით სარგებლობაში). ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ წლების განმავლობაში წვალობდა და 4 ტონაზე მეტი ხორბალი ვერ მოიწია, ახლა კი 7 ტონას ელოდება. 9 თვეში ეს შედეგი უკვე კარგია. სოციალური პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, სამართლიანობის აღდგენის პროცესიც იწყება... ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ სასიკეთო არაფერი იკვეთება, ეს იმდენად რთული პრობლემაა, რომ ჯერ ამის იმედი არც უნდა გვქონოდა. შეიძლება ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩემი იმედი გაამართლა. გული მწყდება, რომ ზოგიერთები მოუთმენლობას იჩენენ და შედეგის მალე მიღება უნდათ. ასე არ გამოვა, სწრაფი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ავტორიტარულ ხელისუფლებას შეუძლია, ბრძანებას გასცემს და თუ ვინმე არ დაემორჩილება ან ხელს შეუშლის, დედას უტირებს. "ქართული ოცნება" სწორედ ისე იქცევა, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას შეეფერება. რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილის გუნდი აკეთებს, "ნაციონალებს" იმის მეათედიც რომ გაეკეთებინათ, ჟურნალისტებს დაიხვევდნენ თავზე, ქვეყანას შეძრავდნენ, - ნახეთ, რამდენი საქმე გავაკეთეთო. "ქართული ოცნება" ჩუმად, ნელა და დაუყვედრებლად მუშაობს. სულ რაღაც ერთი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდნენ?

- ანუ ფიქრობთ, რომ მათი დაპატიმრებით ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო?

- რა თქმა უნდა, აბა, ახლა მთელ საქართველოს ხომ არ დაიჭერდნენ? სწორედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები ყველა იმ ძალმომრეობასა და უსამართლობაზე, რასაც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ახორციელებდნენ. სწორედ მერაბიშვილსა და ახალაიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ვიდეოფირებზე, სამეგრელოში რომ აღმოაჩინეს. ამბობენ, ჩვენ არაფერი ვიცოდითო. რას ჰქვია, არ იცოდნენ? აბა, რისთვის ეკავათ მინისტრების სავარძლები? რისთვის იღებდნენ ამხელა ხელფასს?

- ვლადიმერ ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება რამდენად მართებულად მიგაჩნიათ?

- ჩემი აზრით, ვლადიმერ ბედუკაძემ იმხელა საქმე გააკეთა, რომ თავისი დანაშაული (რომელსაც სხვათა შორის, ვერ უმტკიცებენ) გადაწონა. ბედუკაძე რომ არა, ვინ გამოიტანდა სააშკარაოზე ციხეში არსებული ძალადობის ფაქტებს, ვინ აუხელდა ხალხს თვალს? ზოგიერთი პარლამენტარი, რომელიც კბილაშვილს ბედუკაძის გათავისუფლების გამო საყვედურობს, ვერც კი აცნობიერებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ბედუკაძის წყალობით მოხვდა. ჩემს შვილებთან ხშირად მოდიან ყოფილი პატიმრები. ბევრი მათგანი ამბობს, რომ სწორედ ბედუკაძე იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც პატიმრებს ადამიანურად ეპყრობოდა. ზოგიერთი ამბობს, ბედუკაძემ წამების ამსახველი კადრები პირადი გამორჩენის მიზნით გამოამზეურაო. თუნდაც ასე იყოს, მერე რა? ხომ დააყენა ქვეყანა ფეხზე და ხომ გამოააშკარავა მწამებლები? მე ვფიქრობ, რომ მისი საქციელი გმირობის ტოლფასია.

- ქალბატონო ლალი, არჩევნები ახლოვდება, საპრეზიდენტო კანდიდატებზე რას იტყვით?

- გიორგი მარგველაშვილი ძალიან მომწონს, პატიოსანი, უზომოდ განათლებული, პროგრესული ადამიანია. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან აქებენ. ნინო ბურჯანაძეც კარგი კანდიდატია, უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, პრინციპული პიროვნებაა, ასევეა სალომე ზურაბიშვილიც. ჯერ არ ვიცი, ამ სამიდან რომელზე გავაკეთებ არჩევანს.

- "ნაციონალების" კანდიდატზე არაფერი გითქვამთ...

- რა უნდა ვთქვა? შოთა მალაშხიაზე ლაპარაკი ხომ სასაცილოა? არც სხვა დანარჩენები უქნია ღმერთს. ჭკუათამყოფელმა ადამიანმა მათ გაპრეზიდენტებას როგორ უნდა დაუჭიროს მხარი? ამბობენ, რომ ვითომ დავით ბაქრაძე გაწონასწორებულია, მაგრამ... მე როგორც ერთი ქართველი ქალი, ბაქრაძეს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რომ უმძიმეს წუთებში, მაშინ, როდესაც რუსის ჯარი ლამის დიღომში იყო შემოსული, ეს კაცი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, - დანა-ჩანგლები აიღეთ და გამოდითო. ე.ი. მე უნდა გავვარდნილიყავი დანა-ჩანგლით ქუჩაში? ასეთი კაცი ახლა ურცხვად ლაპარაკობს და კიდევ პრეზიდენტობა უნდა. საკუთარ თავს მაინც ჰკითხოს, რისი მაქნისია პრეზიდენტი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გამოსავალს ვერ იპოვის და მოსახლეობას ქუჩაში, დანა-ჩანგლით გამოვარდნისკენ მოუწოდებს?

- ქალბატონო ლალი, საზოგადოებაში ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ იმ გუნდის პრეზიდენტი, რომელიც თქვენ ასე ძალიან არ მოგწონთ, თქვენს შვილიშვილთან, ნინი ბადურაშვილთან მეგობრობდა...

- ნინი კარგი მომღერალია და ნებისმიერ მთავრობაში აღმოჩნდება ისეთი ვინმე, რომელსაც მისი შემოქმედება მოეწონება. მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის ხელისუფლება ნინის სათანადოდ არ აფასებდა. თქვენ შესანიშნავად იცით, იმ პერიოდში ვინ იყო მიჩნეული ნომერ პირველ მომღერლად. უთოც რომ ჩაგერთოთ, იქაც სოფო ნიჟარაძის ხმას გაიგონებდით. ნინი რა შუაშია? სამწუხაროდ, ჩემს შვილიშვილს ხშირად, სიმღერის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ, რაც ქალბატონი ნიჟარაძის დამსახურება იყო. ნინი კონფლიქტური გოგონა არ არის, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, უბრალოდ, წლინახევრის ასაკიდან მღერის და ახლაც სიმღერა უნდა. რაც შეეხება პოლიტიკას, ეს მას საერთოდ არ აინტერესებს.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა